“იმ დროის გლდანის ციხის რეჟიმში, რასაც ლევანი ახერხებდა, მართლაც სასწაულის ტოლფასი იყო”

1,122

გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბაგებში მოკლული ბიზნესმენის ლევან კაჭარავას შესახებ წერს.

– ლ ე ვ ა ნ ი —

2008 წელი იდგა და გლდანის მერვე იზოლატორში ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ალბათ, საპატიმროების ისტორიაში ძნელად მოიძებნება პატიმრების დამცირების და მოტეხვის ისეთი სადისტური სისტემა, როგორიც გლდანის ციხე იყო მაშინ. საწამებლად ქცეული კარანტინის გავლის შემდეგ “ბ” კორპუსის 107-ე “კამერაზე” “ამწიეს” და, როგორც იქნა, რკინის “შკონკაზე” მოვასვენე ნაკარანტინალი ძვლები.

ერთი კვირა ძილი არ მომკარებია, რადგან ჩვენი კორპუსის სარდაფში იზოლიატორი იყო მოწყობილი და იქედან ამოსულ ნაწამები პატიმრების ღრიალს დარბაზული ციხის შუა სივრცე დინამიკივით ახმოვანებდა. ის ერთი კვირა ციხის რეჟიმისთვის მოვამზადე თავი.

10 დღის თავზე, საღამო ხანი იქნებოდა, “კაბურიდან” (“კაბურა” ციხის ჟარგონზე სავენტილაციო მილია, რომლითაც პატიმრები ერთმანეთს სასწრაფო ინფორმაციას აწვდიან საკნიდან საკანში.) ხმა გავიგონე, იქვე “რაკოვინაზე” შევდექი და გავეხმაურე. “კაბურიდან” კი ვიღაცამ სწრაფად მომაყარა – ძმაო, თქვენი “კამერიდან” ხვალ თუ რომელიმე გადიხართ ადვოკატთან, ტელეფონს გეტყვი და ჩემს ადვოკატს დაურეკოს, სასწრაფოდ შემოვიდესო. – მე გავდივარ ხვალ ადვოკატთან და დროზე ტელეფონის ნომერი მეთქი. სხაპასხუპით მიპასუხა ნომერი და ამ დროს “კაბურიდან” მოლაპარაკის ხმა მეცნო. – ლევანი ხარ მეთქი, ვკითხე. – შენ გურამი ხარო? – დამიბრუნა. გაგვიხარდა იმ ჯოჯოხეთში ერთმანეთის ხმის გაგონება, რადგან ჩემსა და ლევანს შორის ბავშვობა, უამრავი საერთო მეგობარი, ურთიერთპატივისცემა და კაცური სიყვარული იდო. ამ ამბავმა, როგორც საჭირო იყო, ისე ჩაიარა.

ერთი კვირის თავზე საკნის კარი გაიღო და ჩემი გვარი დაიღრიალა ბადრაგმა, თანაც “ს ვეშჩამიო”. ეს “ს ვეშჩამი” მეუცნაურა, რადგან “ასობი” პატიმარს რომ არ გამიშვებდნენ “სვაბოდაზე” ვიცოდი და ისიც ვიცოდი, რომ ასე “ს ვეშჩამი” პატიმრების გაყვანებს “კამერიდან” “დამუშავება” მოჰყვებოდა და სულიერად მოვემზადე. ბადრაგმა ჩემთვის მოულოდნელად “ნარუჩნიკები” დამადო და ციხის დირექციასთან შემიყვანა, სადაც ციხის ვიღაც ჩინოსანმა მკითხა – ლევან კაჭარავასთან რამე მტრობა ხომ არ გაქვთო. გამეცინა და შესაბამისი პასუხი დავუბრუნე. მეტი არაფერი უკითხავთ. ბადრაგმა გამიყვანა, ჩემი მეზობელი საკნის კარი გამიღო და ასე მოვხვდი გლდანის იმ ჯოჯოხეთში “ტილიკას” ჩემგან ოაზისად მონათლულ “კამერაში”.

შევედი თუ არა, გაიცინა და მითხრა – შენც დაგიჭირეს, კაცო? ისე, ძმაო, ამ დროში კაცი თუ არ დაუჭერიათ, იმისი საქმე მთლად კაცურად ვერ არისო. საკანში ვერელები დამხვდნენ, რომლებიც ლევანს “ა” კორპუსიდან ჰყავდა გადმოყვანილი, იქედან, სადაც ყველაზე ჯოჯოხეთური რეჟიმი მძვინვარებდა გლდანის ციხეში მაშინ.

იმ დროის გლდანის ციხის რეჟიმში, რასაც ლევანი ახერხებდა, მართლაც სასწაულის ტოლფასი იყო, რადგან იქ შიშით ტარაკანებიც კი ვერ დაბობღავდნენ კედლებზე. ბევრ ღარიბ პატიმარს “საპროცესო გარიგების”თანხა გაუხადა და თავისუფლება აჩუქა. ვიზეც ხელი მიუწვდებოდა, ყველას პატრონობდა. “აბსლუგისგან” ზუსტად იცოდა, რომელ საკნებში აკლდათ ბიჭებს სურსათი და მათაც ინახავდა.

ერთად ჯდომამ სამ თვეს მოგვიწია.
იმ ციხეს რა დამავიწყებს, მაგრამ უფრო “ტილიკასთან” ერთად 18 კვადრატულ საკანში გატარებულ დღეებს ვერ შეელევა მეხსიერება. სხარტი აზროვნების პატრონს, დახვეწილი იუმორი ჰქონდა, არისტოკრატული იყო და იშვიათი ვაჟკაცი.

ლევანი ჩემზე ადრე გათავისუფლდა. ნაცებს არაფერი დაუთმო და ამის გამო მაშინაც მალე მოუწია საქართველოდან წასვლა.

მახსოვს, რომ გამოვედი, დამირეკა. ბაგებში ვესტუმრე. ცოტა დავლიეთ და მერე ძალიან ძვირფასი კალამი მაჩუქა. იმ კალმით რომანის წერა დავიწყე “კედლები”, რომლის ეპიცენტრშიც სწორედ იმ ციხის 108-ე საკანია. ამიტომ ლევანი ერთ-ერთი მთავარი პერსონსჟია. რაღაცნაირი თავმდაბალი იყო. მითხრა – თუ მაინცდამაინც უნდა გამაპერსონაჟო, ლევანი არ დამარქვა, გიორგი დამარქვიო.

მაგ სურვილს ვეღარ შეგისრულებ ლევან, ძმაო და “კედლებში” შენ ლევანად დარჩები, ხოლო რაც აქ ვერ დავწერე შენზე, ყველაფერი იქ იქნება.
მეტკინე, ლევან. ძალიან მეტკინე.
(ამ წერილის წაკითხვისას ძალიან ბევრ ადამიანს გაახსენდება ლევანის დათესილი აურაცხელი სიკეთე)

გურამ ქართველიშვილი”

https://www.facebook.com/photo/?fbid=113861924692520&set=a.111870528224993