მსახიობ მაია ტურიაშვილის ცხოვრებაში ყველაფერი თითქოს თავისთავად ხდებოდა, ოჯახში განებივრებული ბავშვი იყო, რადგან მშობლებს პირველი შვილის, ვაჟის, გაჩენიდან 17 წლის შემდეგ შეეძინათ. მამა მსახიობი, ძმა – კომპოზიტორი და მაიასაც ბუნებრივად ჩამოუყალიბდა სურვილი, ხელოვნებაში დაემკვიდრებინა თავი. მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში, გადაღებულია ფილმებში. 30 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ხელოვნების გიმნაზიაში. პოპულარული გახდა სერიალიდან ,,ყავა და ლუდი”, სადაც დეტექტივ კოკა ჯაფარიძის, ცოლის საინტერესო სახე შექმნა.
სერიალის სცენარისტი და რეჟისორი მისი მეუღლე ზაზა ბუაძე გახლდათ, რომელმაც მაია პირველად საქართველოს ტელევიზიის საახალწლო ეთერში იხილა მსახიობ რეზო ჩხიკვიშვილთან დუეტის შესრულების დროს. მოხიბლულმა ახალგაზრდა რეჟისორმა დამწყებ მსახიობს თავის ფილმში როლი შესთავაზა და მათი სიყვარულის ამბავიც დაიწყო…
რეჟისორი ზაზა ბუაძე 15 წელია სამუშაოდ უკრაინაშია წასული. გარდასულ დღეებზე, ცხოვრებისგან ნაბოძებ სიხარულსა თუ ტკივილზე, მოლოდინსა და იმედზე მაია ტურიაშვილი და ზაზა ბუაძე ჟურნალ ,,სარკეს” ესაუბრებიან.
მაია ტურიაშვილი: ზაზა რჩება უკრაინაში. ეს წლები ასე ერთმანეთის მონატრებასა და შეხვედრის სიხარულში გავიდა. ის იქ ძალიან დაფასებულია, ზაზა ღირსეული ადამიანია.
როცა სიტუაცია დაიძაბა და ჯერ კიდევ იყო ფრენები, მაშინაც არ მითქვამს, ჩამოდი-მეთქი. ვიცი, იმ ქვეყანას, სადაც შემოქმედებითად ასეთი თავისუფალი ასპარეზი ჰქონდა და რომელიც ასე შეუყვარდა, გაჭირვებაში არ დატოვებდა… 32 წელია ერთად ვცხოვრობთ, გვყავს ერთი შვილი, 31 წლის ლევანიკო და 14 წლის შვილიშვილი – გუგა.
– როგორ გახსოვთ ,,ყავა და ლუდში” მონაწილეობა? ჰგავხართ რამით თქვენს გმირს, გამომძიებელ მეუღლეზე შეყვარებულ ცოლს, ცოტათი ეჭვიან ქალს?
– ჩემი როლი მეორეხარისხოვანი იყო და გადაღების პროცესში განვითარდა. ალბათ რაღაცით ვგავარ, უფრო მეუღლის სიყვარულით. მე ზოგჯერ ცოტას წავიეჭვიანებდი, მაგრამ არა ისე, შემაწუხებელი ყოფილიყო. ზაზა საერთოდ არ იყო ეჭვიანი… მისმა მაღალპროფესიონალიზმმა განაპირობა სერიალის წარმატება.
მსახიობების ანსამბლიც შესანიშნავი იყო – ფანტასტიკური მიშა გომიაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი, ნინო ბურდული, შემდეგ ქეთი ჩხეიძე….
მუსიკა ამ სერიალისთვის ჩემმა ძმამ, დათო ტურიაშვილმა დაწერა. სულ პატარა მყავდა ლევანიკო, როცა მამა გარდაგვეცვალა. მოკლე ხანში დედაც. თავზარდამცემი ტრაგედია დამატყდა თავს. დათომ შემიცვალა დედ-მამა, ის იყო ძმაც, მშობელიც და მეგობარიც… შემდეგ დათოს მოულოდნელი გარდაცვალებაც საშინელი ტრაგედია იყო. მთელ თბილისს დასწყვიტა გული.
– ადამიანები ხშირად დგანან გზაჯვარედინზე. თქვენ რა გეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში?
– ერთხელ მამამ მითხრა, ყველა საქმის წინ იფიქრე: ,,რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ და რისთვის ვაკეთებ”. ეს მთელი ცხოვრება მახსოვს. მთავარია, გაიაზრო, რატომ დგამ ნაბიჯს. როცა ამ კითხვაზე პასუხს იპოვი, არჩევანი არ გაგიჭირდება.შეიძლება შორი გზით მოვლაც მოგიწიოს, უბრალოდ უნდა იცოდე, რომ ეს გზა მხოლოდ სიკეთით უნდა გაიარო. დათოს რჩევაც მახსოვს, მაია, დადექი შენს თავზე მაღლაო. ვცდილობ, არ ავყვე გაბრაზებას, წყენას.
ზაზა ბუაძე: უკრაინიდან 15 წლის წინ დამიკავშირდნენ და ფილმისთვის სცენარის დაწერა მთხოვეს. ჩავედი უკრაინაში და სანამ სცენარს ვწერდი, ფილმის გადაღებაც შემომთავაზეს. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე დაიწყო ჩემი უკრაინული ეპოპეა. გადაღებული მაქვს ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სატელევიზიო ფილმები და ხუთი სატელევიზიო სერიალი. არ დარჩენილა უკრაინელი ცნობილი მსახიობი, ვინც ჩემს ფილმებში არ მონაწილეობდა…
– ვიცი, რასაც მიპასუხებთ, მაგრამ მაინც გკითხავთ, რატომ არ წამოხვედით საქართველოში?
– 15 წელი აქ გავატარე, ვიცხოვრე, ვიშრომე, შევიძინე მეგობრები, კოლეგები, ჩემი წამოსვლა კი იქნებოდა ყველას და ყველაფრის ღალატი, უპირველესად, საკუთარი თავის.