როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან ერთად და რა სირთულეების გადალახვა უწევს თამთა გიორგაძეს შვილების გასაზრდელად
ლუკა შუბითიძე 9 წლის ბიჭია, რომელმაც გურული სისხარტითა და ენამოსწრებულობით ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება.
თამთა გიორგაძე (ლუკას დედა): ნანუკა ჟორჟოლიანის ჟურნალისტებმა ლუკა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. რამდენიმე დღეში სიუჟეტი ჩაწერეს მასთან და ნანუკასთან პირდაპირ ეთერშიც მიგვიწვიეს. მერე მოხდა, რაც მოხდა და ეს, მგონი, ყველამ იცით. ძალიან დიდი ყურადღება და სიყვარული ვიგრძენით ლუკას მიმართ. ვგრძნობ, რომ დღეს ჩემი შვილი პოპულარულია, ქუჩაში დიდი სიყვარულით ხვდებიან და ძალიან ბედნიერია. უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის ნანუკას და მის გუნდს. მეც უზომოდ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ 9 წლის ასაკში ჩემს შვილს მთელი ქვეყანა იცნობს. ამ მხრივ, დიდი ცვლილება მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა უცვლელია ის, რომ ჩვენ ისევ ხელმოკლედ ვცხოვრობთ. ახლა თბილისში ჩამოვედი სამსახურის საძიებლად. შვილების დატოვება კიდევ ერთხელ მომიწია. აქამდე ქუთაისში ვმუშაობდი და ბავშვის გადაღებებისთვისაც კი ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას, უფროსი ამის უფლებას არ მაძლევდა. ამიტომ გადავწყვიტე, თბილისში გადმოვსულიყავი და როცა ლუკა აქ ჩამოვა გადაღებაზე, მის გვერდით ვიქნები. მე ლუკას გარდა კიდევ ორი შვილი მყავს, ლუკას ტყუპისცალი გოგონა და უფროსი ბიჭი, რომელიც 11 წლისაა. ბავშვები ძალიან განიცდიან, ერთად რომ არ ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა საჭირო და იმედია, მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.
– სამსახურს რომ იპოვით, გინდათ, შვილებიც თან წამოიყვანოთ?
– ლუკა გურიაში რომ არ ცხოვრობდეს, მერე ის გურული ბაღანა აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, ხან აქ მეყოლებიან, ხან – იქ, მაგრამ მინდა, უფრო მეტი დრო გურიაში გაატარონ. განშორება მოგვიწევს, მაგრამ ვეცდები, შვილები ხშირად იყვნენ ჩემთან. როცა ქუთაისში, სასტუმროში ვმუშაობდი დიასახლისად, შვილები ოთხი თვე არ მყავდა ნანახი. სხვა კადრი არ ჰყავდათ და სამსახური რომ არ დამეკარგა, იძულებული ვიყავი, სულ მემუშავა.
– ახლა სად ეძებთ სამსახურს?
– სკოლა რომ დავამთავრე, გავთხოვდი. ასე რომ, უმაღლესი განათლება არ მაქვს, ამიტომ, საწარმო იქნება თუ სხვა სამსახური, ნორმალური ანაზღაურებით, ჩემთვის მისაღებია. აქ ბინა უნდა ვიქირავო, სამი შვილი მყავს და ალბათ, გესმით, რომ მათ ბევრი სჭირდებათ. ლუკა მოვლენების ეპიცენტრშია, მაგრამ მე, როგორც დედა, ვცდილობ, სამივე შვილზე თანაბრად გავანაწილო ყურადღება. ლუკას პოპულარობა კარგია, მაგრამ ბავშვები უნდა განვითარდნენ, განათლება უნდა მიიღონ, თორემ სამომავლოდ კარგი შედეგი არ გვექნება. მე მარტოხელა დედა ვარ და ამ ყველაფერზე მარტო მიწევს ზრუნვა.
– მეუღლე არ არის თქვენ გვერდით?
– უკვე ცხრა წელია, ჩვენ გაშორებულები ვართ. ბავშვებს არაჩვეულებრივი მამა ჰყავთ, მაგრამ ის ვერ ახერხებს, შვილებს სათანადო ყურადღება მიაქციოს. სამი თვის იყვნენ ტყუპები, ჩვენ რომ დავშორდით. ბავშვები მამას, ფაქტობრივად, არ იცნობენ. სულ რამდენჯერმე ჰყავთ ნანახი. როცა ლუკას დედაზე და მამაზე ეკითხებიან, ამბობს, რომ მე ვარ მისთვის დედაც და მამაც. თუმცა, მამის მიმართ აგრესია არ აქვს, ვცდილობ, ავუხსნა, რომ ისიც მშობელია და სიყვარულით მოიხსენიოს.
– რთული იქნებოდა სამი პატარას მარტო გაზრდა.
– ძალიან რთული პერიოდი იყო, იმდენად მძიმე, ხანდახან ვფიქრობ, ამდენი რამის გამოვლა როგორ შევძელი-მეთქი. თუმცა, როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, მამაჩემი მუშაობდა და ძალიან მიწყობდა ხელს. მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც ძალიან ძნელი იყო. ახლა მამას დიაბეტი აქვს, დედას ინსულტი მოუვიდა. ჩემი შვილები ჩოხატაურში, ჩემი ძმის სახლში, მის მეუღლესა და შვილებთან და ჩემს მშობლებთან ერთად ცხოვრობენ.
– ლუკა რომ დაიბადა, დიდი საფრთხის წინაშე ყოფილა…
– დიახ. ლუკა რომ დაიბადა, ფილტვის შეშუპება ჰქონდა, რამაც გამოიწვია ტვინისა და გულის შეშუპება. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. მინდა, მის მკურნალ ექიმს, ნინო ჯაჯანიძეს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მისი დამსახურებაა ლუკა რომ დღეს ცოცხალია. ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყო, მაგრამ გადარჩა. სამივე შვილი ჩემთვის უფლის საჩუქარია, მაგრამ ამის გათვალისწინებით, ლუკა – განსაკუთრებით. ის პერიოდი ძალიან მძიმედ მახსენდება. დედა-შვილმა ერთმანეთის გამო ერთად მოვახერხეთ, სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა. მე მოვიწამლე და სეფსისი დამემართა. ორივე ერთად ვებრძოდით სიკვდილს და მადლობა ღმერთს, გადავრჩით.
– რაზე ოცნებობს ლუკა?
– ლუკა არასდროს ოცნებობს ბავშვურად. მისი ოცნებაა, გვქონდეს საკუთარი სახლი, სადაც მთელი ოჯახი ერთად ვიცხოვრებთ.
ლუკა შუბითიძე: პოპულარობა ძალიან კარგია, მომწონს. სადაც არ უნდა წავიდე, ქუჩაში თუ ტრანსპორტში, ხალხი რომ მხვდება, მეუბნებიან: ლუკა, ჩემო საყვარელო, როგორ ხარ? ძალიან კარგი ბიჭი ხარ; აი, იგი ბაღანეა, ნანუკასთან რომ იყო და ასე შემდეგ. რამდენჯერმე საჩუქრებიც მაჩუქეს. ერთი შემთხვევა იყო, როცა სათამაშო ძაღლი მაჩუქეს და კიდევ ორი მანქანა. მარწყვიც მაჩუქეს კალათით.
– ლუკა, გურიაში გინდა ცხოვრება თუ თბილისში?
– მე მინდა ჩემს დედიკოსთან და და-ძმასთან ერთად ვიცხოვრო. მე ხომ გურული ვარ და თბილისს ვერ შევეგუები. ანდა შევეგუები, არ აქვს მნიშვნელობა სად ვიცხოვრებ, მთავარია, დედასთან და ჩემს და-ძმასთან ერთად ვიყო.
– სახლში საქმეებს თუ აკეთებ?
– ბებოს და ბაბუს ვეხმარები და კიდევ სკოლაში ვსწავლობ. ბებოს ქათმების მოვლაში ვეხმარები, საჭმელს ვუყრი ხოლმე. ბაბუასაც ვეხმარები რაღაცების გაკეთებაში.
– მგონი, ხაჭაპურის გამოცხობაც იცი, არა?
– კი, ხაჭაპურის გამოცხობა ვიცი, დედას გამოვაცხობინე. დედასაც ვეხმარები საჭმლის გაკეთებაში. ისე, მე მექსიკური კარტოფილი მიყვარს. კიდევ მიყვარს ხაჭაპური, მწვადი, ხინკალი, საცივი. მექსიკური კარტოფილი ახლა სახლში უნდა გავაკეთო. პირველად უნდა ვცადო. „იუთუბზე“ ვნახე ვიდეო და ვისწავლე.
– გავიგე, რომ მასწავლებელი გაათხოვე, იყავი ქორწილში?
– კი, გავათხოვე, მაგრამ ქორწილში ვერ წავედი. შორს ჰქონდა. გამიხარდა, რომ გათხოვდა. მაგრამ სიძეს კარგად არ ვიცნობ. ერთი კვირა არ ყოფილა სკოლაში და რომ მოვიდა, ვუთხარი, გილოცავთ დაოჯახებას-მეთქი.
– გადაცემების გამო სკოლის გაცდენა არ გიწევს?
– კი, კი, მიწევს. მაგრამ მასწავლებლებისგან ნებართვას ვიღებ. ხანდახან მსაყვედურობენ, რატომ არ დადიხარო. ტელევიზორში რომ მხედავენ, მეუბნებიან, ჩვენი სასახელო ბიჭიო. მომწონს სკოლა. ყველაზე მეტად ქართული მიყვარს. ძალიან კარგი დირექტორი მყავს და კარგი მასწავლებლები. შეძლებისდაგვარად ყველაფერს კარგად ვსწავლობ.
– ისევ მსახიობობა გინდა?
– კი, მსახიობი უნდა გამოვიდე. მანამდე ექიმობა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე. ფულში არ არის საქმე. მინდა, ხალხს მოვუტანო დიდი სიხარული. იმქვეყნად რომ გეემგზავროს ის პაციენტი, მერე რა ვქნა მე?! ამიტომ აღარ მინდა. მსახიობობა მომწონს.
– ცნობილი ადამიანებიდან ვინ მოგწონს ყველაზე მეტად?
– თამუნა ლეკვეიშვილი, მიშა ანდღულაძე, ვანო ჯავახიშვილი, თათია სულუაშვილი, ვასო ფხაკაძე და ნიკა არაბიძე. თამუნა, ვასო და ვანო პირადად გავიცანი და ძალიან მომეწონენ. ალექსანდრა პაიჭაძე გავიცანი კიდევ და ძალიან მაგარი გოგოა, ძალიან კეთილშობილია.
– პოპულარობა დამღლელი არ აღმოჩნდა?
– ცოტათი კი. ხანდახან მღლის, როცა ძალიან ბევრ ფოტოს იღებენ ჩემთან ერთად.
– შენი ტყუპისცალი და როგორი გოგოა?
– კარგი გოგოა, არ მაბრაზებს. ძმა მაბრაზებს, მაგრამ ყველა ძალიან მიყვარს. მგელობანას და დაჭერობანას ვთამაშობთ ხოლმე, მუსიკებს ვუსმენთ, ვცეკვავთ.
– როგორი დედიკო გყავს?
– დედა ძალიან კარგი გოგოა, მომწონს. სულ მენატრება, ხშირად ვერ ახერხებს სახლში ყოფნას. სულ სამუშაოდ არის წასული. ახლაც სამუშაოს ძიებაშია. ვცდილობ, გავახარო, კარგად ვიქცევი, კარგად ვსწავლობ.
– საკუთარ შემოსავალს რაში ხარჯავ?
– მე უკვე ჩემი გვერდი მაქვს „ფეისბუქზე“ და მინდა, ბევრი გამომწერები მყავდეს, რომ ხალხი გავამხიარულო. შემოსავალზე კი დედა მეუბნება: როგორც გინდა, ისე მოიხმარეო, მაგრამ მე არ ვუჯერებ დედას და საკვებს და ტანსაცმელს ვყიდულობ. რაც ოჯახს სჭირდება და რაშიც გვყოფნის ფული, იმას ვყიდულობ, იმიტომ, რომ ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს.
– როგორც ვიცი, შეყვარებულს დაშორდი. როგორი გოგონები მოგწონს?
– კი, დავშორდი და ამ ეტაპზე არ ვარ შეყვარებული. როგორები მომწონს და არ ვიცი, ძირითადად ზრდილობიანი გოგოები მომწონს ხოლმე. ლამაზი და კარგი, აზრიანი გოგონები მომწონს. მაგრამ ჯერ პატარა ვარ და რა ვიცი, ყველაფერი ბედის საკითხია.