თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა, ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის უბრალოდ დოდოშკა, ალმაცერად უყურებს ისეთ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ოჯახში არაფრის კეთება არ შეუძლიათ. თვითონ შესანიშნავი მზარეულია და ისეთ კერძებს ამზადებს, სუფრაზე ტაციაობა აქვთ. ,,სარკე” გთავაზობთ რეცეპტებს დოდოშკა ხურცილავას სუფრიდან.
– მარტო ცხოვრობთ და ნუთუ არ გეზარებათ სერიოზული კერძების მომზადება საკუთარი თავისთვის? ზოგს ქმარ-შვილისთვისაც კი ეზარება სადილის გაკეთება.
– არ მეზარება. საჭმლის მიღება ერთგვარი კულტურაა. არ შემიძლია, საჭმელი უხარისხო ჭურჭლით მივირთვა. როცა დედა გარდამეცვალა, საშინლად დავეშვი. მაღაზიაში ვყიდულობდი მზა საჭმელებს და პირდაპირ ცელულოიდის ჭურჭლიდან ან ქაღალდის პარკებიდან ვჭამდი. ახლა ვთვლი, რომ საკუთარი თავისთვის ზუსტად ისე უნდა გაიწყო სუფრა, როგორც სტუმრებისთვის აწყობ, ვერცხლის დანა-ჩანგლით უნდა მიირთვა და წყალი ბროლის ჭიქიდან უნდა დალიო. ამ დროს ადამიანურობის ერთ-ერთი ელემენტი გრჩება. ხალისიც მოაქვს, როცა ლამაზი თეფშიდან მიირთმევ.
– ხორცს როგორ ამუშავებთ, აწყობთ მარინადებში თუ ხაშლამა გირჩევნიათ?
– არ შემიძლია, რაღაც მარინადები ვუკეთო ხორცს და ჩავაწყო ძმარსა თუ ზეთში. ხორცს ხორცის გემო უნდა ჰქონდეს. ხაშლამაზე ზოგჯერ აგდებული ტონით ლაპარაკობენ, რაც სწორად არ მიმაჩნია. ამ დროს ვიღაცები ტარაკანას ჭამენ და, რა გემრიელიაო, ამბობენ. უბრალოდ მოხარშულ და მარილმოყრილ საქონლის ხორცზე გემრიელი და მარგებელი არაფერია. არც გაგასუქებს. ხინკალიც სასარგებლოა.
– მაგრამ ცომი და ხორცი ერთად, ყველა დიეტოლოგის აზრით, დაუშვებელია.
– ეს არის ცომი, რომელსაც არ აქვს საფუარი, ანუ არ გაწყენს. მას აქვს ხორცი და შიგვეა ბულიონიც. თუ ცომს საფუარი არ აქვს, სულაც არ არის მავნებელი. კარგი თევზიც მიყვარს უბრალოდ მოხარშული ან, მაგალითად, კარგი ჟელეთი, ვიდრე რაღაც უცნაურობებში რომ ჩააწყობენ ხოლმე.
ერთი ცუდი რაღაც მჭირს: საშინლად არ მიყვარს ბულგარული წიწაკა, რადგან თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. რაც უნდა გაუკეთო, პირველ რიგში, ბულგარული წიწაკის გემო მოდის და სხვას ყველაფერს უკარგავს არომატს. როცა ხორცს ჭამ, მისი გემო უნდა შეიგრძნო და არა – ბულგარული წიწაკის. მირჩევნია, პირდაპირ ეს წიწაკა შევჭამო, ვიდრე რამეს მივაყოლო.
– ხაჭაპური საქართველოში ალბათ ყველაზე პოპულარული საკვებია, მაგრამ ყველას არ გამოსდის. თქვენ რა რეცეპტით ამზადებთ?
– ერთი ჭიქა არაჟანი გავხსენი ნახევარ ბოთლ ,,ბორჯომში” და 100 გრამი კარაქი ავურიე. მერე მთელი ღამე მაცივარში მქონდა. გატარებული ყველი თითქმის ყოველთვის მაქვს, რადგან მოულოდნელად რომ სტუმარი მოვიდეს, ხაჭაპურს გამოვუცხობ. კარგი დიასახლისი უცებ მოახერხებს რაღაცის გაკეთებას.
მეცინება იმ ქალებზე, რომლებიც ამბობენ, არაფრის გაკეთება ვიციო. ეგ რომ ეთქვა, მაგალითად, ვერიკო ანჯაფარიძეს… ის შესანიშნავი მზარეული იყო. ასევე მედეა ჩახავაც, რომელიც გასტროლებზე რომ მიდიოდა, იქაც კი აკეთებდა კერძებს. ისეთი ვითომ მსახიობები და მომღერლები იტყვიან ხოლმე, მაკარონი მოვხარშე და მარილიანი იყოო, რომ… ეს ძალიან მაბრაზებს. ვაფასებ ქალებს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ!
– თქვენი კულინარიული ჯადოქრობით მამაკაცები არ მოგიხიბლავთ?
– როგორ არა, ვიღაც რომ მომწონებია, მისთვის განსაკუთრებულად მომიმზადებია, მაგრამ ვერავის შევაბი ეჟვანი და რა გავაკეთო?! ნამდვილი, ღირსეული მამაკაცების გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე არ გადის. ალბათ რაღაც უფრო კარგი და მნიშვნელოვანია, რაც მე არ მაქვს და ამაში კაცები არ არიან დამნაშავენი.
– რაიმე თქვენი შექმნილი კერძის რეცეპტი გაგვიზიარეთ.
– ძალიან მიყვარს თევზეული და განსაკუთრებით – ზუთხი, რომელიც უძვირესია. როცა ამ თევზის ჭამის სურვილი მომეძალება, მის თავს ვყიდულობ, რომელიც ძალიან დიდია და საკმაოდ ბევრი ხორცი აქვს. კარგად ვრეცხავ და ვხარშავ. ამოვაცლი ხოლმე ხორცებს, ქონებს და ვკუწავ. თავი ხომ მხოლოდ ხრტილისგან შედგება, რაც ტვინისთვის და თვალებისთვის უებარია. ხრტილებს კიდევ ცოტა ხანს ვხარშავ, რომ მორბილდეს და ჭამის დროს სასიამოვნოდ იწკარუნოს.
მოხარშვის დროს ბაჰარს და დაფნის ფოთოლს ვუმატებ. არ ვხარშავ მარილწყალში, რადგან ამ დროს მაგრდება ხორციც და ხრტილიც. მერე ყველაფერს ვკუწავ, ვაკეთებ თხელ ბაჟეს და შიგ ვყრი. წვრილად დაკუწულ ქინძს, ალყა-ალყა დაჭრილ ქართულ ხახვს ვაჭრი და ბროწეულის მარცვლებს ვამატებ. მარილი და წიწაკა გემოვნებით უნდა უქნათ. არ იცით, როგორი გემრიელია! როცა ამას ვაკეთებ, სუფრაზე ტაციაობაა.