“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კრემლში ვიქნებოდი… მადლობა რუსეთს, სადაც ქართველი ბრმა გოგონა შეიძლება სახალხო არტისტი გახდეს”
წარმოშობით ქართველ მომღერალს, დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. შესაბამისი ბრძანებულება რუსეთის ფედერაციის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე მიმდინარე წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდა, დაჯილდოების ცერემონია კი კრემლში ორი დღის წინ გაიმართა.
დიანა ღურწკაია რუსეთს დაფასებისთვის მადლობას უხდის და შესაბამის პოსტს “ინსტაგრამზე” აქვეყნებს:
“როცა ბავშვი ბრმა იბადება, ან ზრდასრული მხედველობას კარგავს, ეს უდიდესი ტრაგედიაა. ასეთი რამ მოხდა ჩემს ოჯახში. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ათწლეულების შემდეგ, მე აქ ვიქნებოდი, კრემლში და ხელოვნების უმაღლეს ჯილდოს მივიღებდი.
ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე ყოფილა – სკოლა-ინტერნატი, აფხაზეთის ომის შემდეგ ლტოლვილთა ბანაკი, მაგრამ იყო ბედნიერი დღეებიც – ჩემი საქმე, სოციალური ინტეგრაციის ცენტრი, შშმ ბავშვების დახმარება, ჩემი ვაჟი და ჩემი ოჯახი.
მინდა, მადლობა ვუთხრა რუსეთს, სადაც გერმანელი შეიძლება გახდეს დიდი რუსი იმპერატრიცა, ებრაელი – დიდი რუსი მეცნიერი, სომეხი – საყვარელი კომპოზიტორი, აზერბაიჯანელი – ეპოქის ხმა და ქართველი ბრმა გოგონა რუსეთის სახალხო არტისტი.
მადლობა დაფასებისთვის“, – წერს დიანა ღურწკაია.