ფინანსების სწორად გადანაწილების უნარი და ფულის პრაგმატულად ხარჯვა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი ცოდნაც, ცხოვრებაში პრაქტიკული თვალსაზრისით გამოგვადგება.
რუსკა: ჩემს შემთხვევაში ორივეა. ადრე უფრო მფლანგველი ვიყავი, მაგრამ, რაც შვილები გამიჩნდა, უფრო „დავასტოპე“. ფულის შეგროვებაც ვისწავლე და ძველებურად მფლანგველი აღარ ვარ. ადრე მართლა ძალიან, ძალიან მფლანგველი ვიყავი. როცა შვილები ჩნდებიან, ინტერესები იცვლება. მათზე უფრო მეტს ფიქრობ. თუ მანამდე შენს თავს უყიდდი რამეს, ახლა გირჩევნია, შენს შვილებს გაუკეთო რამე სასარგებლო. საკუთარ თავზე უკვე ნაკლებად ფიქრობ.
– ძველ რუსას ხელფასის აღებიდან მეორე დღეს ჰქონდა ფული?
– ვაიმე, არა, ხელფასს რომ ავიღებდი, მეორე დღეს ფული აღარ მქონდა. არ არსებობდა, რომ იმავე დღეს არ დამეხარჯა. ახლა ასე აღარ არის. შემოსავალი მთელი თვისთვის მაქვს გათვლილი. მეტსაც გეტყვით, სექტემბრიდან ვიწყებ ზაფხულზე ფიქრს. არ მინდა, ზაფხულში ბავშვებს დასვენება მოაკლდეთ. მინდა ყველგან წავიყვანო, კარგად დავასვენო და ამაზე ზრუნვას დიდი ხნით ადრე ვიწყებ.
– თუ ვიკითხავ, რაში იხარჯება ყველაზე მეტი, ალბათ, ისევ და ისევ იმაში, რაც შვილებს სჭირდებათ.
– კი, კი, ყველაზე მეტი მათ სჭირდებათ. შვილები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ეს ნამდვილად ასეა. ადრე ყველაზე მეტს ფეხსაცმელებში ვხარჯავდი, ახლა – შვილებში (იცინის).
– დღემდე რაში არ გენანება ფული საკუთარი თავისთვის?
– ისევ და ისევ ფეხსაცმელებში. ამაში ფული მართლა არასდროს დამენანება. ფეხსაცმელები ჩემთვის ხელშეუხებელია (იცინის).
– გახსოვს პირველი ხელფასის ოდენობა? რაში დახარჯე?
– ჩემი პირველი ხელფასი 40 ლარი იყო. სტუდენტურ სპექტაკლში ვითამაშე. მაშინ თეატრალურში ჩაბარებულიც ამ მქონდა, მოსამზადებელი პერიოდი იყო. ეს 40 ლარი „მაკდონალდსში“ დავხარჯე. გულწრფელად ვამბობ, მართლა საოცარი შეგრძნება იყო, რაღაც გავაკეთე, ვიმუშავე და ჰონორარი ავიღე. უდიდესი სიამოვნება მივიღე. თავი ძალიან მაგარი მეგონა. პრინციპში, მაშინ „მოვიწამლე“ ამ შეგრძნებით და მას შემდეგ, სულ მინდოდა, რომ საკუთარი გამომუშავებული ფული მქონოდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ არასდროს არავის ხარჯზე არ ვიცხოვრებდი და რომ ყოველთვის საკუთარ თავზე ვიქნებოდი დამოკიდებული. პირველად ვიგრძენი, რამხელა სიამოვნებაა, როცა ფულს საყვარელი საქმით გამოიმუშავებ.
– გამოვიდა ისე, რომ მას შემდეგ სხვაზე დამოკიდებული აღარ ყოფილხარ?
– რა თქმა უნდა. მადლობა ღმერთს, მას შემდეგ ყოველთვის ვმუშაობ. თეატრალურში რომ ჩავაბარე, ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდი. შემდეგ რუსთაველის თეატრის მსახიობი გავხდი, მალე სერიალი წამოვიდა და ჩავარდნა არ მქონია. სულ რაღაც საქმეს ვიჩენდი, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა.
– საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენი უნდა იმუშაო, რომ ნორმალური შემოსავალი გქონდეს, რომ ნორმალურად ცხოვრება შეძლო?
– ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ზოგადად, საქართველოში არაფერი არ ფასდება ისე, როგორც ადამიანები იმსახურებენ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ალბათ, პროფესიასაც გააჩნია. ერთი და იმავე თანხისთვის ზოგი ძალიან ბევრს მუშაობს, ზოგი – ცოტას და რთულია ამის განსაზღვრა.
– ვალის აღება დაგჭირვებია?
– კი, როგორ არ დამჭირვებია, მაგრამ დიდი ხანია, ვალი აღარ ამიღია. საერთოდ, ვცდილობ, ჩემი თავი არ მივიყვანო იმ მდგომარეობამდე, რომ ვალის აღება დამჭირდეს, იმიტომ, რომ საშინლად არ მიყვარს ფულის სესხება. ბევრჯერ არც ამიღია. ალბათ, სულ ორჯერ და ორივეჯერ იმაზე ადრე დამიბრუნებია, ვიდრე შეთანხმებულები ვყოფილვართ. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა ვალი გაქვს.
– როგორ ფიქრობ, ფულს სუნი აქვს?
– კი, ფულს სუნი აქვს და სხვათა შორის, ძალიან სასიამოვნო (იცინის). ვინც იძახის, ფულს ცუდი სუნი აქვს, ფული არ მიყვარს, ზედმეტი არ მჭირდება და ასე შემდეგო, მათი არ მესმის. ფული გადასარევი რაღაც არის, როცა ის გაქვს, ბევრის გაკეთება შეგიძლია. თუ ფული სწორი ადამიანის ხელშია, თუ ადამიანი „არ გააფუჭა“ დიდმა ფულმა და თუ არ დააბრმავა, სწორი გზით უამრავი ძალიან კარგი საქმის კეთება შეიძლება. ამიტომ, ფული ფანტასტიკური რამ არის.
– უფულოდ დარჩენის შიში თუ გაქვს?
– არა, რა თქმა უნდა. საერთოდ, შიში უნდა მოიშორო. პირიქით, ფულს უნდა მოეფერო. მისი დაკარგვის შიში არ უნდა გქონდეს. და, საერთოდ, რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი დაგიბრუნდება. მე ასე მჯერა და რომ ვაკვირდები, ასეც ხდება ხოლმე.
– გაქვს სხვა, შენეული ხერხები მის მოსაზიდად?
– ფული უნდა მოვიზიდოთ ისევ და ისევ ფულის სიყვარულით. როცა გიყვარს, ის თავისით მოდის. ამაზე ფიქრი უნდა გაააქტიურო და ნახავ, რომ შედეგი აუცილებლად ექნება.
– რაში გინანია ფულის დახარჯვა ყველაზე მეტად და პირიქით, რაში დაგიბანდებია ყველაზე სარფიანად?
– ყველაზე სარფიანი ისევ და ისევ ფეხსაცმელებში დაბანდებაა. კარგ ფეხსაცმელში ფულის გადახდა არ მენანება. მგონია, რომ ეს აზრიანი ხარჯია. სულელურად ფული არასდროს დამიხარჯავს. ყოველთვის ისეთ რამეს ვიძენ, რაც გამომადგება.
– თავის მოვლის საშუალებები – ეს გოგოების სუსტი წერტილია, რაც ჩვენს ფინანსებზე ძალიან ცუდად აისახება. ამ მხრივ როგორი ხარ?
– მე მყავს კოსმეტოლოგი და მხოლოდ მას ვუჯერებ. ამიტომ ათას სისულელეს არ ვყიდულობ. რასაც ჩემი კოსმეტოლოგი მირჩევს, მხოლოდ იმას ვიძენ, ანუ ეს გააზრებული ხარჯია. საერთოდ, მგონია, რომ ფულს გაუაზრებლად არ ვხარჯავ.
– როგორი დედა ხარ – რომელიც შვილს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს თუ რომელიც ყველა სურვილს უსრულებს, ყველაფერს ყიდულობს, რასაც პატარა ითხოვს?
– ჩემი აზრით, ამ საკითხში ბალანსი უნდა იპოვო. გააჩნია მდგომარეობას, დროს. პირობითად, მარკეტში რომ შევდივართ, რასაც ითხოვენ, ყველაფერს არ ვყიდულობ, მაგრამ არის დღეები, როცა ამის უფლებასაც ვაძლევ. თვითონ რაც უნდა, იმას ირჩევს და ვყიდულობ, რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში. მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა ძალიან კარგად იქცევა, ანუ როცა ამას დაიმსახურებს. ყოველთვის ყველაფრის ყიდვა არასწორი მგონია.
– შევაჯამოთ: რა არის საჭირო იმისთვის, რომ ფინანსურად წარმატებული იყო?
– აკეთებდე იმ საქმეს, რომელიც გიყვარს. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და შრომა და შრომა, მეტი არაფერი. შრომა ყოველთვის ფასდება.