“ფოტოგრაფი, რომელიც პოსტის ავტორია, საერთოდ არ იმყოფებოდა ირაკლის და ლიზას ქორწილში” – რას წერს მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილის ორგანიზატორი?
ჩიჩუა-მაქაცარიას ქორწილის გარშემო სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი არ წყდება. მას შემდეგ, რაც მედიაში პატარძლისა და ნეფის ჩაცმულობისა თუ ცეკვის ყველა დეტალი გაირჩა, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოგრაფი, დავით ჭალიძე, რომელმაც დაწერა, რომ ქორწილში, რომელზეც მთელი თბილისი ლაპარაკობდა, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს არ გაუმასპინძლდნენ. მართალია, მოგვიანებით სტატუსი წაშალა, მაგრამ მეორე დღეა, რაც სოციალურ ქსელში სტატუსების დიდი ნაწილი, “მშიერ ფოტოგრაფებს ეძღვნება…“
ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ქორწილის ორგანიზატორი რუსკა გვარამაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ადამიანი, ვინც დაწერა რომ ფოტოგრაფები და ოპერატორები ქორწილში მშიერი დატოვეს, იმ დღეს იქ საერთოდ არ ყოფილა.
“ძვირფასო მეგობრებო და ნაცნობებო, აუცილებლად მინდა, გამოვეხმაურო, ამ საოცარ აგორებულ ამბავს. მოდით, სანამ ჩვენს ორგანიზებას და გაკიცხვას დაიწყებთ, ჯერ გაიგეთ სინამდვილეში რა როგორ იყო, ფოტოგრაფი, რომელიც პოსტის ავტორია, საერთოდ არ იმყოფებოდა ირაკლის და ლიზას ქორწილში.
პოსტის დაწერიდან, 1 საათში, ანუ როგორც კი პროგრამამ მოგვცა საშუალება ყველას, მშვენივრად მივუსხედით მაგიდას, საკმაოდ დატვირთული მენიუთი და არც ფოტოგრაფი, არც ვიდეოგრაფი, არც ხმის და განათების რეჟისორი, არც კრანის ხალხი მშიერი არ დარჩენილა, ასევე დააყოლეს უგემრიელესი ტორტი და ყავაც.
ჩვენს კომპანიასთან ვისაც უმუშავია, კარგად იცის ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა და ასეთი შეცდომები ჩვენ რომ არ მოგვდის. კიდევ კარგი არაერთ ადამიანს გაქვთ ნანახი. ნამდვილად იზრუნა ორგანიზატორმა სტაფის კვებაზე მეგობრებო და შეარგეთ ეხლა ამ ხალხს ბედნიერება! ორი დღეა ვკითხულობ კარგ კომენტარებზე მეტ უარყოფითს, ლიზა წაიქცა და აიტაცეთ, ვიღაცამ რაღაც დაწერა, რაც სიმართლე, არაა და აიტაცეთ, კარგი ვერაფერი დაინახეთ ამ ქორწილში?” – წერს რუსკა გვარამაძე.
რუსკა გვარამაძე სტატუსის კომენტარებში წერს, რომ ფოტოგრაფი, რომელმაც სტატუსი დაწერა, საქართველოში საერთოდ არ იმყოფება.
“ეს ფოტოგრაფი ამერიკაშია, ქორწილი დაიწყო 7 საათზე, “სტაფის“ მაგიდა იყო, რა თქმა უნდა, სტუმრების სივრიცდან მოშორებით, ისე რომ არ ჩანდა. სუფრა ფოტოვიდეოსთვის გაიშალა 21:00 საათისთვის, რასაც მე პირადად ვაკეთებდი… და 21:15 ზე მიირთვა ყველა ფოტოგრაფმა. აი, დანარჩენი რა მოხდა, მართლა არ ვიცი…”
რუსკას ამ კომენტარს ცნობილი ფოტოგრაფი ლაშა ღუღუნიშვილი გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ სუფრა 9-ზე თუ გაიშალა მათთვის უცნაური არ არის, რომ სწყენოდათ:
“9-ზე თუ გაიშალა ეწყინებოდათ,10-ზე ისედაც მოდიან. აქ ჭამაზე არაა საუბარი. პატივისცემაზეა ადამიანი რომ შრომობს და იღლება, დრო მაინც უნდა მისცენ შესვენების. გვაჭამეთ კატეგორია არცერთი ფოტოგრაფი არ არის. ნურც შავ მუშას ნუ შეადარებთ. ხელოვნებას ემსახურება ფოტოგრაფი, მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება ელემენტარული, ისევ წყვილი და იქ მყოფები უფრო ლამაზები, რომ გამოჩნდნენ და სასიამოვნოთ გაიხსენონ ეს ტკბილი დღე. დილის 10 საათიდან რომ დაიწყებ 5 ლოკაციაზე მივარდები, თავს დადებ მაქსიმალურად, რომ ასიამოვნო წყვილს, მიდიხარ რესტორანში, ასეულობით ადამიანი იწყებს ჭამას, გადასაღებიც შესაბამისად არაფერია და უმრავლეს შემთხვევაში სკამიც არ არის ხოლმე, რომ ჩამოვჯდეთ. სამწუხაროა. ასეთ პრობლემაზე სტუმარმასპინძლობის ქვეყანაში რომ გვიწევს საუბარი”.