“თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა ის, რომ აქამდე მოვედით… არიან ადამიანები, ვინც სისხლს აბარებენ და ისე მირიცხავენ ფულს”
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელში მკურნალობას აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, თუმცა ეტაპობრივად პროგრესი შეინიშნება.
ბავშვის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის ყველას, ვინც მას გვერდით დაუდგა და დახმარების ხელი გაუწოდა.
“დილა მშვიდობისა! მადლიერებით მინდა დავიწყო დღევანდელი დღე. იცოდეთ, რომ თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა ის, რომ დათიკოს დღეს ჭრილობას დაუხურავენ. ის, რომ აქამდე მოვედით და სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ გვაქვს… მჯერა, რომ გართულებების გარეშე ჩაივლის ეს ეტაპიც. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ყველას… უცნობებს თუ ნაცნობებს… ჩემს მეგობრებს, ახლად შეძენილ მეგობრებს და იმ უკეთილშობილეს ადამიანებს ვის სიკეთესაც ვერასდროს გადავიხდი სულ რომ ყირაზე დავდგე. სრულიად საქართველოს და სრულიად ისრაელს, ამერიკაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში გაფანტულ ქართველ ემიგრანტებს… მადლობა რომ მთელი გულით შეიყვარეთ ჩემი შვილი და ასე გაერთიანდით მის გამო. მადლობა ყველას, ვინც ერთი სანთელი მაინც დაუნთო და ილოცა დათისთვის… მადლობა ყველა სასულიერო პირს ასე გულმხურვალედ რომ ლოცულობთ ჩვენთვის. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ასე გვაძლიერებთ და გვამხნევებთ. პოზიტივით გვავსებთ. ყველაფერს აკეთებთ, რომ შედარებით შეგვიმსუბუქოთ ეს ჩვენი ტვირთი და მძიმე ჯვარი. თქვენ ხართ უფლისგან გამოგზავნილი ცოცხალი ანგელოზები, რომ ეს ურთულესი 4 თვე ჩვენთვის შეგემსუბუქებინათ. მე არ ვიცი რას ვიზამდით და სად ვიქნებიდით, რომ არა თქვენ. უზომოდ მიყვარხართ. შეგიწიროთ უფალმა ასეთი გვერდში დგომა, თავდადება, ერთგულება, სიკეთე, სითბო და სიყვარული. ყველა გაღებული კაპიკი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. არიან ადამიანები, ვინც ყოველ კვირა სისხლს აბარებენ და ისე მირიცხავენ ფულს… არიან ადამიანები, ვინც 2 საათი ავტობუსით მგზავრობენ, რომ აქ, კლინიკაში მოვიდნენ და 100 შეკელი მოგვიტანონ…ტირილით მოდიან და კიდევ აქეთ გვიხდიან ბოდიშს მცირედისთვის. მე მეგონა, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობდნენ და მადლობა უფალს, რომ შევმცდარვარ თურმე. მეტირება ამ ყველაფერზე…ღმერთმა სასწაული მოახდინა დათიკოს სახით და ყველას დაგვანახა რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდება და მადლობა უფალს. არ ვიცი რითი დავიმსახურეთ ამხელა წყალობა, რომ მან მაინც არ გაგვწირა და გვაჩუქა დათიკო კიდევ ერთხელ. წინ ურთულესი და ძალიან ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი… რომლის გავლასაც წლები დასჭირდება…იმპლანტები, პროთეზები, რეაბილიტაცია და ასე შემდეგ….მაგრამ მთავარია ბავშვი ცოცხალია და მაქვს იმის ფუფუნება, რომ მასზე ვიზრუნო და მოვუარო, მოვეფერო და ჩავეხუტო,ყოველდღე უთხრა რომ უზომოდ მიყვარს და მაბედნიერებს” – წერს დათის დედა.