“მყავს 4 შვილი და მეხუთე გიორგი” – გიორგი შერმადინის ოჯახური ცხოვრება კანარის კუნძულებზე

321

წარმატებული ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი, ოჯახთან ერთად კანარის კუნძულებზე ცხოვრობს. ის ესპანურ კლუბში თამაშობს, სახლში კი ყოველთვის ქართული გარემო ელოდება, რომელსაც ცოლი, ანი ამაშუკელი უქმნის მასაც და მათ ოთხ შვილსაც. დაქორწინების დღიდან წყვილი სულ საზღვარგარეთ ცხოვრობს. რამდენიმე ქვეყნის მოვლის შემდეგ, ბოლო 3 წელია, მზიან სანაპიროზე დასახლდნენ და ეს ანის ყველაზე მეტად მოსწონს.

ქართველი წარმატებული კალათბურთელის მეორე ნახევარი ,,სარკესთან” ყვება, როგორია მათი ოჯახური ცხოვრება სამშობლოდან შორს.

– ანი, თქვენი ოჯახი 12 წლის წინ შეიქმნა. მას შემდეგ სულ სხვადასხვა ქვეყნებში გიწევთ ცხოვრება, ამან როგორ იმოქმედა თქვენს ცხოვრებაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე?

– მე და გიორგი ამ 12 წლის განმავლობაში ერთმანეთს შევეზარდეთ და ერთად გავიზარდეთ. საზღვარგარეთ ცხოვრება ძალიან მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებზე. ოჯახზე სრული პასუხისმგებლობა მე და გიორგის გვაქვს აღებული. ეს გარემოება უფრო მეტად გვაახლოებს და მეტ პასუხისმგებლობას გვძენს. საზღვარგარეთ ცხოვრებამ უფრო მობილიზებულები გაგვხადა და მე და გიორგის ერთმანეთის იმედი გაგვიასმაგა.

– თქვენს ოთხ შვილს უცხოეთში როგორ უნარჩუნებთ ქართველობას, სამშობლოს გრძნობას?

– ჩემთვის და გიორგისთვის ეს საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვები ქართული საუბრით, ლიტერატურით და ფილმებით დავტვირთოთ. სახლში მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობთ. ბავშვებმა იციან, რომ მშობლებთან მხოლოდ ქართულად უნდა ისაუბრონ.

ტყუპების გაზრდა ძალიან რთულია. ხელები ამიწევია ყველა ტყუპების დედისათვის. ერთი ბავშვის გაზრდისას ნამდვილად არაფერია საწუწუნო. ყველაფერი როცა ერთდროულად უნდებათ – ძილი, გაღვიძება, ჭამა, დაბანა… ამ ყველაფერს რომ გასწვდე, ორად უნდა გაიხლიჩო. მადლობა ღმერთს, მყავს არაჩვეულებრივი ქართველი ძიძა, რომელიც ოჯახის წევრივითაა.

– ანუ, როგორც გავიგე, თქვენს სახლში ძირითადად ქართული გარემოა.

– ნამდვილად. ჩემს სახლში საჭმელიც კი არ კეთდება ქართული სუნელების გარეშე. მთელმა ესპანეთმა და კალათბურთის ლიგამ იცის ჩემი ხაჭაპურის გემო. გიორგის თანაგუნდელები რომ მხედავენ, ხაჭაპურს მეძახიან. მნიშვნელოვანი მოგება როდესაც აქვთ, მთელ გუნდს ვეპატიჟებით ხოლმე ქართულ კერძებზე – ხაჭაპურსა და ნიგვზიან ბადრიჯანზე.

– კანარის კუნძულებზე ცხოვრობთ, სადაც სულ ზაფხული, მზე და კამკამა ზღვაა. საცხოვრებლად როგორია ეს ტურისტული კუნძული?

– მთელი ცხოვრება ასეთ ადგილზე ვოცნებობდი. იყო პერიოდები, როდესაც ჩრდილოეთის ცივ გარემოში ვცხოვრობდით და დღემდე ცუდად მახსენდება. სულ მინდოდა, იქ მეცხოვრა, სადაც სულ მზე და სითბო იქნებოდა და ამიხდა.

– ქმარს ალბათ ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება თქვენგან. რა გაქვთ საკუთარ თავზე აღებული?

– მისი კვება მთლიანად ჩემზეა. მეგობრებთან ვხუმრობ კიდეც, რომ მყავს 4 შვილი და მეხუთე გიორგი. მას ბავშვებზე მეტი ხელშეწყობა სჭირდება. დღის მნიშვნელოვანი ნაწილი მეხარჯება გიორგის კვების რეჟიმზე, აბსოლუტურად ჩემი რეკომენდაციებით იკვებება. ჩვენს სახლში ფასტ ფუდი კატეგორიულად აკრძალულია.

– საერთო ჯამში, რთულია, იყო წარმატებული კალათბურთელის ცოლი?

– არაფერი არ არის რთული. რაც შეიძლება სირთულედ მოგეჩვენოთ, მუდმივად უცხო ქვეყანაში ცხოვრებაა, მაგრამ ეგეც გადავლახეთ და ამისგან პრობლემას აღარ ვქმნით.

– ხომ არ აპირებთ მეხუთე შვილის გაჩენას?

– არ ვიცი, ვნახოთ. უფლის ნებაა ყველაფერი. თუ დაუშვებს ღმერთი, არ ვიქნებით წინააღმდეგნი.