ლენუკა ყიფშიძე ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პრაიმჰაუსში“ მონაწილეობით ყველა შოკში ჩააგდო:
„ვინც ეს გაიგო, ყველა შოკშია. არავის წარმოედგინა, რომ 40 წლის ასაკში რეალითი შოუში შევიდოდი. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ერთფეროვნება არ მიყვარს. სულ მიყვარს საკუთარი თავისთვის გამოცდების მოწყობა, ამიტომაც ინტერესმა მძლია და გადავდგი ეს ნაბიჯი. რამდენიმე თვის წინ რომ გეკითხათ, აუცილებლად გეტყოდით, გამორიცხულია, მე რეალითი შოუს მონაწილე ვიყო-მეთქი. ერთადერთხელ მივიღე მონაწილეობა შოუში „კოდი“ და მაშინ ვთქვი, რომ აღარასდროს ვიქნებოდი შოუს მონაწილე, მაგრამ თავში უცებ გადამიბრუნდა ყველაფერი.
ოჯახის წევრებს, მშობლებს, თქვენს შვილს როგორი რეაქცია ჰქონდათ ამ ნაბიჯზე?
ოჯახის წევრებს ძალიან არ უნდოდათ, პირველ რიგში, დედაჩემს, შემდეგ მას აჰყვა მამაჩემი. შვილს რომ ეთქვა კატეგორიულად, არ წახვიდეო, აუცილებლად გავითვალისწინებდი, მაგრამ როცა ავუხსენი, დამთანხმდა და მხარი დამიჭირა. ყველაზე მეტად ეს მაინც ჩემს ძმას, გიორგის მოეწონა. როცა გაიგო, მითხრა, რატომაც არ უნდა სცადოო…
მამისგან რა რჩევა და მითითება მიიღეთ?
ზურა იმდენად მიცნობს და იმდენად მენდობა, რომ ყოველთვის მხარს მიჭერს გადაწყვეტილებაში. ზუსტად იცის, ისეთს არასდროს არაფერს გავაკეთებ, რაც მას არ მოეწონება და შერცხვება. როცა გადავწყვიტე პროექტში შესვლა, ერთი რამ მითხრა, მოდი, იყავი ის, ვინც ხარო. მეც ზუსტად ამას ვაპირებ, თამაში არ შემიძლია…“