“დედა და მამა გვერდით რომ მყოლოდა, ასეთი ძლიერი და დამოუკიდებელი ვერ ვიქნებოდი”

233

მომღერალმა მარიამ მამისმედიშვილმა საკუთარ მსმენელს ახალი, ულამაზესი სიმღერა შესთავაზა. ეს მარიამის პირველი ნაბიჯია ქართულ შოუბიზნესში და როგორც ამბობს, გაჩერებას არ აპირებს, წინ დიდი გეგმები აქვს.

მარიამ მამისმედიშვილი: ძალიან ლამაზი მელოდია შეიქმნა და სახელად დაერქვა „ოცნება შენზე“. მელოდიაც და ტექსტიც მე მეკუთვნის, მაგრამ აქვე დავსძენ, რომ კომპოზიტორობაზე პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, ძალიან ლამაზი მელოდია და ტექსტი შემომეწერა, რის შემდეგ, მის ძალიან ლამაზად შესაფუთად პროფესიონალები დავიხმარე და კარგი ნამუშევარი გამოგვივიდა. კლიპზე უნიჭიერესმა რეჟისორმა, ნესტან სინჯიკაშვილმა იმუშავა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვინც ამ ყველაფერში დამეხმარა. სპონსორობისთვის დიდი მადლობა ჩემს მეგობარ ეკას. პრემიერა უკვე შედგა და ძალიან დადებითი შეფასებები მოჰყვა, რაც ძალიან მიხარია.

– როგორი გეგმები და ამბიცია გაქვთ შოუ-ბიზნესთან დაკავშირებით?

– მე აქედან დავიწყე სერიოზულად ზრუნვა ჩემს კარიერაზე. რაც შეეხება ამბიციებს, ბავშვობიდან, კონკურსებზე რომ გავდიოდი, გამარჯვებაზე და გრან-პრიზე არასდროს მიფიქრია. ღმერთს ვევედრებოდი ხოლმე, სხვა ქვეყნებიდან მესამე ადგილი მაინც ჩამომეტანა, რადგან ჩემი იქ წასვლა ოჯახს თანხა უჯდებოდა და მინდოდა, პატარა პრიზით მაინც დავბრუნებულიყავი, რომ ოჯახის წევრები იმედგაცრუებული არ დამეტოვებინა. თუმცა, ისე ხდებოდა, რომ ყოველთვის ვიღებდი ლაურეატის წოდებას, გამარჯვებული ვბრუნდებოდი და ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო.

სიმღერა ჩემთვის არ არის მხოლოდ ჰობი. ეს საქმე ძალიან მიყვარს. როგორც წყალს გვთხოვს ორგანიზმი, ისე მთხოვს მთელი სხეული, გული და გონება სიმღერას. ეს არის ჩემი სიყვარული, ცხოვრების აზრი და სიცოცხლის სტიმული. ამით ვცოცხლობ და მგონია, როცა დავიბადე, უკვე ვმღეროდი. ამიტომ, მიზნები ძალიან დიდია და იმედია, ვიტყვი ჩემს სათქმელს ამ სფეროში. მთელი ცხოვრება დიდ მადლობას გადავუხდი ადამიანებს, ვინც მხარს მიჭერენ ამ პროცესში.

– თქვით, შემომეწერა მელოდია და ტექსტიო. ეს პირველად მოხდა? როგორც ვიცი, ლექსებს წერთ.

– მელოდია პირველად დავწერე. ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. არის ჩავარდნის და ასევე, გამძაფრებულად აქტიური პერიოდები. ადამიანისთვის ძალიან დიდი შვებაა საკუთარი შინაგანი სამყაროს ფურცელზე გადმოტანა, როგორც სიხარულის, ისე მწუხარების. ბავშვობაში, შვიდი წლის ბიჭი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი გარდაიცვალა. ეს იმდენად განვიცადე, ლექსი დავუწერე, რომელიც ხელიდან ხელში გადაიდოდა და სამწუხაროდ, დამეკარგა. მაშინ მივხვდი, რომ წერა შემძლებია და მას შემდეგ ჩემი ბავშვური ნააზრევი ფურცელზე გადმომქონდა. წლებმა ბევრად დახვეწა ჩემი გამოხატვის ფორმები და ბოლო წლებში უფრო კარგი ლექსები გამომდის.

– სამოსსაც ხშირად თვითონ ქმნით, არა?

– დიახ, კლიპში გამოყენებული სამოსიც ჩემი მოფიქრებულია. ვხატავ, მკერავთან მიმაქვს და ჩემს ჩანაფიქრს ხორცს ასხამენ. მინდა, ყველაფერში შევიტანო ჩემი წვლილი. როცა დრო მაქვს, თვითონაც შემიკერავს. მგონია, რომ გამომდის კიდეც. დიზაინი, მოდა, ლამაზი ჩაცმულობა – ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს. ვერ ვიტყვი, რომ დიზაინერობასთან დაკავშირებული გეგმები მაქვს, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია, რომ სტარტაპი წამოვიწყო, პატარა ბრენდი გავაკეთო და თავი ამ მიმართულებითაც გამოვცადო.

– შოუბიზნესური ინტრიგებისთვის რამდენად ხართ მზად?

– როდესაც ამ სფეროში შედიხარ, იმუნიტეტი ბავშვობიდანვე გიმყარდება. პატარა ვიყავი, როდესაც კონკურსებში მონაწილეობა დავიწყე და ინტრიგებზე იმუნიტეტი გამოვიმუშავე. გაანალიზებული მაქვს ამ საქმის პლუსები და მინუსები. მთავარია, გიყვარდეს მსმენელი, რომელმაც შენ პოპულარული გაგხადა, თორემ ჭორები, რა თქმა უნდა, იქნება და ასეც უნდა იყოს. თუ არ არის, ეს კიდევ სხვა პრობლემაა, აქტუალურიც უნდა იყო და შენ გარშემო მითქმა-მოთქმაც აუცილებელია.

– თქვენი მეუღლე როგორც პროფესიონალი რამდენად კრიტიკულია?

– ჩემი მეუღლე ძალიან პატარა ასაკიდან – 14 წლიდან კონცერტების ორგანიზებით არის დაკავებული. ჩვენს შოუბიზნესში ძალიან ბევრ მომღერალთან უთანამშრომლია, შეიძლება ითქვას, ყველასთან. ჩემთან მიმართებაში, კამათიც არის, მაგრამ საბოლოოდ ერთ აზრამდე მივდივართ. ზოგადად, კრიტიკულია, მაგრამ იმდენად მენდობა, რომ ჩემთან მიმართებაში კრიტიკას ნაკლებად იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში აქტიურობა ახლა დავიწყე, კომენტარებში პატარ-პატარა რაღაცები უკვე იყო. ეს თავიდანვე გაანალიზებული მქონდა, რომ იქნებოდა და არ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, თავიდან მსგავს მომენტებს მაინც ახლავს ემოციური ფონი. მეუღლე მამშვიდებს, მხარს მიჭერს და მეუბნება, რომ ეს ასე იქნება, წინასწარ მამზადებს და გვერდს მიმაგრებს.

– როგორია თქვენი სიყვარულის რომანტიკული ისტორია?

– ერთ-ერთ კორპორაციულ საღამოზე ვიყავი მიწვეული, როგორც მომღერალი. ბექამ იქ მომისმინა და ჩემით დაინტერესდა. მოვიდა და დეტალები გამომკითხა. იმ პერიოდში საქართველოს მასშტაბით ტურნე ტარდებოდა, რომელშიც ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ და მასში მონაწილეობა შემომთავაზა. შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა საქმიანი თანამშრომლობით დაიწყო. მთელი საქართველო მოვიარეთ და დაბრუნების შემდეგ მეგობრობა გავაგრძელეთ. ერთ დღეს სიყვარული ამიხსნა, რაც ქორწინებით დაგვირგვინდა.

– სიყვარულის ახსნა მოულოდნელი აღმოჩნდა?

– სიყვარულის ახსნა მოულოდნელი იყო, მაგრამ თან რაღაცას ვხვდებოდი (იცინის). ბოლოს დადასტურდა ჩემი ეჭვები (იცინის). მანამდეც კარგი ტანდემი გვქონდა, ხასიათებითაც ასი პროცენტით ვუგებდით ერთმანეთს, ჩვენი აზრები ძალიან ხშირად ემთხვეოდა და აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მე დიდი არ ვიყავი და ბექა კი ჩემზე ათი წლით უფროსია, გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა და შეყვარებულები გავხდით. მაშინ მე 19 წლის ვხდებოდი.

– ხელის თხოვნა და რომანტიკული მომენტები იყო?

– ძალიან არარომანტიკული წყვილი გამოვდივართ, მაგრამ ხელის თხოვნის მომენტი არ ყოფილა (იცინის). დავსხედით, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, შევუღლებულიყავით. რატომღაც ასე მოხდა.

–შოუბიზნესში ორივე აქტიურები ხართ, სახლის საქმეების მოსაგვარებლად როგორ ინაწილებთ პასუხისმგებლობებს?

– ყველაფერი კარგად გვაქვს გადანაწილებული. დილა რომ თენდება, ვგეგმავთ, რომელმა რა უნდა გავაკეთოთ. თუ მე ვარ კონკრეტული საქმის ხასიათზე, მე ვაკეთებ, თუ ბექა – ის. ერთი საქმე მუდმივად მე ვაკეთო და მეორე – მუდმივად ბექამ, ასეთი რამ ჩვენს ოჯახში არ ხდება. ორივე ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ შეთანხმებულად ვინაწილებთ.

ჩემი შვილი რომ დაიბადა, 20 წლის ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ დედობისთვის მზად არ ვიყავი, ძალიან კარგი დედა აღმოვჩნდი. საბედნიეროდ, ბექაც ძალიან კარგი მამაა. ლუკაც ძალიან მშვიდი და კომფორტული ბავშვია, სამივე ძალიან შეკრულები ვართ და ჩვენს თავს სამ მუშკეტერს ვეძახი ხოლმე (იცინის).

– ბევრი სირთულე გაქვთ გამოვლილი – მამის ტრაგიკული გარდაცვალება, დედასთან განშორება ემიგრაციის გამო, როგორ უმკლავდებით წინააღმდეგობებს?

– უზომოდ რთულია მუდმივად მამის მონატრებით ცხოვრება. პატარა ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა. რთულია დედის მონატრება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერმა გამაძლიერა. დედა და მამა რომ გვერდით მყოლოდა, მგონია, რომ ასეთი ძლიერი და დამოუკიდებელი ვერ ვიქნებოდი. მათი იმედი მექნებოდა, მაგრამ იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა, ასმაგად გავძლიერდი. გვერდში მედგა ჩემი დედა-ბებო და ის ჩემთვის ყველაფერი იყო. დედა ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ მე საქართველოში კარგად მეცხოვრა. როცა ასეთ გამოცდილებას იღებ, შინაგანად მძიმდები, მაგრამ კარგი ის არის, რომ მყარად დგები მიწაზე. უკვე იმდენი გაქვს გადატანილი, აღარაფერი გაკვირვებს და შვილისთვის ათმაგად ცდილობ უკეთესი ცხოვრების შექმნას. ასე რომ, ნებისმიერ რთულ მდგომარეობაში, მინუსებთან ერთად, პლუსებიც არსებობს და საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერში დადებითი უნდა ვეძებოთ.