“ჩემს ყოფილ ქმარს ჯვრის აყრა უნდა და ადვოკატით მემუქრება, არადა, თანახმა ვარ, მისგან უნდა გავთავისუფლდე!..“
მომღერალმა ელენე ფოჩხუამ ცხოვრებაში ბევრი მძიმე ეტაპი გამოიარა – ძმის, გიორგი ფოჩხუას გარდაცვალება, შემდეგ მეუღლესთან განქორწინება. ახლა, როგორც ამბობს, ცუდი აურისგან გათავისუფლება მოახერხა და შვილებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
ტრაგედიის, განქორწინების შემდეგ ახლა როგორ ხარ?
ელენე ფოჩხუა:
ბავშობიდან ჩემი ზედმეტი სახელი სამეგრელოში გიჟუნაა. სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ხოლმე. ჩემს მეგობრებთან ძალიან მხიარული ვარ. ჩემი ძმის ამბის მერე დიდი ხანი ქუჩაში მარტო დავდიოდი, ფეხით. დეპრესია არ ვიცი, რა არის და არასდროს მქონია, მაგრამ ფეხით სიარული ძალიან მშველოდა. თუ რამე განსაცდელის წინაშე ვდგავარ, დღესაც ასე ვარ – ჩემი წამალია, გავიქცე სახლიდან და ფეხით ვიარო. ჩიტაიას ქუჩიდან შეიძლება უცებ საბურთალოზე აღმოვჩნდე. ძმის ტრაგედიის შემდეგ ჩემს თავს თავად დავეხმარე და საკუთარ თავს დავუბრუნდი…
რაც შეეხება განქორწინებას, ამას ნამდვილად ვერ დავარქმევ ტრაგედიას… ჩვენ 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ხელი არ გვქონდა მოწერილი, მაგრამ ჯვარი დაწერილი გვქონდა…
აიყარეთ ჯვარი?
ჯერ არა, მაგრამ ახლა ვაპირებთ. მისი დაჟინებული მოთხოვნაა და მემუქრება ადვოკატებით, ჯვრის ახსნას ადვოკატი რაში სჭირდება, არ ვიცი. მე თანახმა ვარ. პირიქით, თავად მინდა, რომ ამ ადამიანისგან გავთავისუფლდე. მომწერა, ჯვარი ავიყაროთ და ამის წინააღმდეგი ხომ არ ხარ, თუ ადვოკატი ავიყვანოო. ადვოკატი არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ალბათ მისი მხრიდან გარკვეული მუქარა იყო. ისევ ჰგონია, რომ წინააღმდეგი ვარ, არადა, მე გამიხარდა. ჩემგან მხოლოდ ტელეფონით თანხმობაა საჭირო.
ჩვენ კარგი ცოლ-ქმარი ვიყავით, გვქონდა გადასარევი ოჯახი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა მესამე ადამიანი. მეორე შვილი რომ გავაჩინე, თვეების იყო ჩემი შვილი, როცა წავიდა. სამი თვით იყო წასული. ღამის სამ საათზე ბარგით ხელში დამადგა სახლში. მაპატიე, ასეთი და ასეთი ადამიანი ვარო, საკუთარი თავი შეურაცხჰყო ცუდი სიტყვებით. მითხრა, რომ არ იყო პატიების ღირსი, მაგრამ მე ვაპატიე. ოთხი წლის შემდეგ ისევ იმავე ადამიანთან განაახლა ურთიერთობა. ვინც მიცნობს, ძალიან მიმტევებელი ადამიანი ვარ, ყველას მინდა სიკეთე გავუკეთო. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გამოიყენა ჩემი ხასიათი, ეგონა, მაინც ვაპატიებდი.
იმ წუთას კი ვიყავი სასოწარკვეთილი, მაგრამ სულ ტყუილად მიტირია ამ ადამიანის გამო. ის აბსოლუტურად უღირსი გამოდგა. ერთ წვეთ ცრემლადაც კი არ ღირდა. ამას ახლა მივხვდი… მან მიმატოვა მე. მამაჩემმა მითხრა, ძალიან გამიხარდა, შვილო. შენ ისეთი ხარ, მას არასდროს მიატოვებდი და იმ დღეს ველოდებოდი, ისევ თავად რომ დაგტოვებდაო. ჩემი დანაშაული ისაა, რომ ჩემი გასაშვები იყო თავის დროზე და ეს არ გავაკეთე. ღმერთის წინაშე მართალი ვარ, რომ მას შანსი მივეცი, რაც მან არ დაინახა.
ახლა ვარ ისეთი ელენე, როგორიც დავიბადე, როგორიც გავიზარდე და როგორიც ვიყავი. ჩემი მეგობრები არიან ზებედნიერები, რომ ნამდვილი ელენე დაუბრუნდა მათ. ჩემი ყოფილი მეუღლე არაფერს მიკრძალავდა, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ქაოსი, გაურკვევლობა ოჯახში, დამცირება – ადამიანმა, რომელსაც ჩემთვის დედა ვატირეც კი არ უთქვამს, მესამე ადამიანის გამოჩენის შემდეგ ისეთი სიტყვები მიწოდა, ამის მოსმენა შეუძლებელი იყო.
იმ ქალბატონს გასაუბრებიხარ პირადად?
ვიცნობ, ოღონდ ახლოს არა. გავიცანი შემდეგნაირად – ორივემ სპექტაკლი გაითამაშეს. ვითომ ეს ქალბატონი იყო ერთ-ერთი კონცერტის ორგანიზატორი. მამღერეს კლუბში. მე კონცერტის ორგანიზატორი მეგონა. წლების შემდეგ კი გავიგე, ვინც იყო და რას საქმიანობდა. მომივიდა ანონიმური წერილი „ოდნოკლასნიკზე“. გამეცინა. ეს წერილი, დარწმუნებული ვარ, მისი დაწერილი იყო, რომ ჩემს ქმართან მეჩხუბა და მას დავშორებოდი.
სერიალები ხომ გინახავთ? – ბოლო პერიოდში ასეთი რამ გააკეთა. ჩემი ნომერი შეიყვანა „აიმესიჯში“ და ჩემი ნომრით დაწერა მარაზმი წერილი, თითქოს მე გავუგზავნე და მის შვილს ვემუქრებოდი. ასეთი ლექსიკონი არც მაქვს, არც გამეგება ამის არაფერი, სიზმარშიც არ დამესიზმრება ის, რაც იქ ეწერა. ვუჩივლე პოლიციაში. ყველაფერზე იყო წამსვლელი. პოლიციამ დაიბარა ორივე და მისცეს გაფრთხილება – ისინი ვერ მომიახლოვდებიან რაღაც რადიუსის იქით. ეს იყო შარშან, როცა იქორწინეს. ახლაც არ მეშვებიან. არადა, მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ვარ უბედნიერესი ქალი, ჩემს შვილებთან ერთად.
მეუღლეს აქვს შვილებთან კონტაქტი?
აქვს. შვილებს ვერ დავუშლი მამასთან ურთიერთობას. ქაჯურად და არაცივილიზებულად ნამდვილად არ მოვიქცევი. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ვიღვიძებ საღი გონებით და ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო ხვალ და ზეგ. სახეზეც დამეტყო, ყველა მეუბნება ამას. საკუთარი თავი დავაფასე და თავიდან აღმოვაჩინე. წონაში რომ მოვიმატე, ამას არ ვაქცევდი ყურადღებას… დავფიქრდი, ამ ჩემს შვილებს დედა განადგურებული არ სჭირდებათ. როცა მე კარგად ვარ, კარგად გამოვიყურები და თვალები მიბრწყინავს, ჩემს შვილებსაც თვალები უბრწყინავთ. რატომ? რის და ვის გამო უნდა მოვიკლა თავი?!.
სიყვარულისთვის მზად ხარ?
კი, მზად ვარ სიყვარულისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული, მაგრამ არის რაღაც ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. რატომაც არა?! თუ ადამიანი მიყვარს, – ძალიან მიყვარს. ვარ რომანტიკულიც, შეშლილი, ყურადღებიანი… სხვათა შორის, ამ ყველაფერმა დამღუპა. ახლა ჩემს თავს ვეუბნები, ასე ძალიან არ შეიყვარო-მეთქი. ზედმეტმა სიგიჟეებმა დამღუპა. ქმარმა რაც ცოლს უნდა გაუკეთოს, მატერიალურზე არ ვსაუბრობ, ყურადღება, პატივისცემა – ჩემს ქმარს გავუკეთე, მაგრამ მან არ დაინახა. არ ვამბობ, რომ ფრთიანი ანგელოზი და სასწაული ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ამან დამღუპა ზუსტად.
ახლა აღარ გაიმეორებ ამ შეცდომას?
ეს ალბათ ჩემი ხასიათის ნაწილია და არ ვიცი, რამდენად გამომივა (იცინის), მაგრამ ცოტა თავშეკავებული ვიქნები.
რამე მოგვიყევი შენს ახალ სიმპათიაზე…
არა, არა, არაფერი ხდება, უბრალოდ, ჩემს გულში მყავს მოწონების დონეზე ერთი ადამიანი. თუ რამე იქნება, გეტყვით აუცილებლად. არის ადამიანი, რომელთანაც მაქვს ძალიან დიდი სიმპათიები.
ამდენი გამოცდილების შემდეგ, უფრო მეტად თუ აკვირდები ადამიანს, სანამ მოგეწონება?
კაცი უნდა იყოს კაცური, საკუთარი აზრი უნდა გააჩნდეს, მისი მანიპულირება არ უნდა იყოს ადვილი. მასთან მშვიდად უნდა გრძნობდე თავს. უნდა გრძნობდე, რომ ის კაცური და ადამიანურია. კაცურობაში არ ვგულისხმობ ფიზიკურ აგებულებას, არამედ თვისებებს – პატივისცემა, ყურადღება, სიმშვიდე და სიყვარული. ეს არის ჩემთვის უპირველესი. ჩემთვის მთავარი არის სიმშვიდე, რომელიც წლები არ მქონდა და ქაოსში ვცხოვრობდი. მატერიალურ თემებს და მილიონერს არ გამოვეკიდები. ამას არასდროს ვეძებდი. კაცი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შემდგარი და არ იყოს უსაქმური, მშობლებზე დაყრდნობილი. მთავარია, არ იყოს მატყუარა. კიდევ მატყუარას ვეღარ ავიტან. იმდენად მჯეროდა ჩემი ქმრის. ახლა იმდენ რამეს ვიხსენებ, როცა სულ მატყუებდა. ყველა დეტალი მახსენდება ნელ-ნელა. სინანულით არა, ზიზღით, საკუთარი თავის მიმართ, მასთან როგორ ვიყავი. მასზე აღარ ვბრაზობ, არც ცუდი მახსოვს და მით უმეტეს, არც კარგი. ჩემს თვალში არავინაა, განულდა, სამაგიეროს გადახდაც არ მინდა. ხომ არიან ქალები, აეჭვიანებენ მამაკაცებს. ეს არაფერში მჭირდება. შვილები მყავს გზაზე დასაყენებელი და ორმაგი პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ არასდროს ვიტყვი იმას, რომ ჩემთვის დასრულდა ყველაფერი, აწი გამორიცხულია, ვინმე შევიყვარო-მეთქი.
ბავშვებთან გისაუბრია ამ თემაზე?
არა. არ ვიცი მათი აზრი. ვცდილობდი, ჩემი ცრემლი არ ენახათ, მაგრამ შვილებს ვერ გამოაპარებ ვერაფერს. მე რომ გაქცევაზე ვიყავი და მერე უკან დამშვიდებული ვბრუნდებოდი, ჩემი უფროსი შვილი დაწკრიალებულ სახლს მახვედრებდა. ამან დამაფიქრა. ელენე, მორჩა, ბავშვს ბავშვობა არ უნდა წავართვა-მეთქი. ხვდებოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. ეცინება, როცა ნახულობს, მამამისს როგორ უდევს ფოტო იმ ქალბატონთან ერთად. 13 წლის გოგოა, მან უკვე ყველაფერი იცის. ირონიულად იცინის. განა, დასცინის მამამისს, მაგრამ ბავშვიც ხვდება, რომ მამის საქციელი არ არის კარგი. თვალებში ვხედავ და ვატყობ, რას გრძნობს.
თუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვინც დამაფასებს – ეს არ არის ადვილი, შვილები გყავს, სხვა ადამიანი რომ შემოდის შენს ცხოვრებაში, ფიქრობ, როგორი იქნება მათთვის. ცოცხალი ადამიანი ვარ, რატომ არ მაქვს იმის უფლება, რომ ადამიანი შემიყვარდეს, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, სულიერად. ალბათ, დადგება ასეთი დროც.
მშობლებთან გისაუბრია?
ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი. მშობლებთან არ მისაუბრია, მაგრამ მე რძალი მყავს დაქვრივებული. გარდაცვლილის და ვარ, მული ვარ მისთვის და არ ვიცი, გათხოვდება თუ უბრალოდ, პარტნიორი მამაკაცი ეყოლება, მაგრამ ძალიან გამიხარდება, თუ იქნება ადამიანი, რომელიც მას გვერდში დაუდგება და შეიყვარებს. გიორგის გარდაცვალებიდან დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ჩემი რძალი არ გათხოვილა…
მე ნამდვილად არ ვეძებ, ეს ყველაფერი თავისით უნდა მოგინდეს და მოვიდეს შენთან. მე ვარ ორშვილიანი ქალი… ადვილი არ არის, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ცოლიან მამაკაცთან საქმეს არასდროს დავიჭერ. იყო პერიოდი, როცა იმდენი სულელი მწერდა… ერთი-ორი იყო, რომელთაც ოჯახები ჰყავდათ. ისეთი პასუხი გავეცი, ერთმა მკითხა, დაგიშავე რამეო? დამიშავე კი არა, შენს თავს დაუშავე და შენს ოჯახს-მეთქი. ულამაზესი ცოლ-შვილი რომ ჰყავს, ღამის ორ საათზე რომ მწერს ადამიანი, წავიდეს და თავის ოჯახს მიხედოს… რა ჰგონია ამ ხალხს? ქმარს რომ გასცილდები და შეტევაზე მოდიან… ზოგმა ძალიან გამაღიზიანა. ზოგმა ძალიან დამთრგუნა. ცუდი მომენტები იყო… მათ სათანადო პასუხი გავეცი. ასე რომ, ზუსტად ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ცოლ-შვილიან ადამიანთან რამე ურთიერთობა დავიჭირო. რომ ამბობენ, შეუყვარდაო, არა, ჩემო კარგო. არ უნდა მიიკარო, არ უნდა შეიყვარო!.. შენ არ უნდა გააკეთო… მით უმეტეს, მე გამოვლილი მაქვს ეს სიმწარე და ღმერთმა დამიფაროს. თუ გამოჩნდება ადამიანი, ვინც შემიყვარებს… არ ვიცი, რა და როგორ განვითარდება. ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ადამიანი ვარ. ახლა ვიწყებ ყველაზე მაგარ ცხოვრებას, აქამდე როგორც უნდა მეცხოვრა. თუნდაც კარიერულად – ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ საკუთარი თავი არ მახსოვდა, ვისაც ბევრი რამ გავუკეთე, მან ზურგი მაქცია.
ქალებს ვურჩევ, რომ უყვარდეთ საკუთარი თავი. 10 წელია, რესტორანში ვმუშაობ. ის ქალბატონი რომ მწერდა, „შაბაშნიცა“ და „ბებერო დედაკაცო“, ჩემმა ყოფილმაც არანაკლები სიტყვები მიწოდა, მათ ცუდ აურასა და სიბინძურეში ვიყავი დახშული. გამისუფთავდა ყველაფერი. ბოროტი ძალები მომშორდნენ. არასდროს იფიქროთ საკუთარ თავზე ცუდად. ამბიციურობაში თუ არ ჩამომართმევთ, მაგარი ქალი ვყოფილვარ. ცუდი ქალი არ არსებობს და ეს ჩაიბეჭდონ თავში!..
წყარო: ფორტუნა