ქისტი ქალი, მექა ხანგოშვილი, სამი შვილის დედაა. საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. რადგან მათ თემში სხვა ერის წარმომადგენელზე გათხოვება ფაქტობრივად აკრძალულია, ჩეჩენი მამაკაცი აირჩია ცხოვრების თანამგზავრად. მისი ქმრის ხელში ჩაგდებას რუსები დიდხანს ცდილობდნენ და საწადელს მიაღწიეს – რამდენიმე წლის წინ მოწამლეს…
მექამ თბილისში ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მერე კი ჩეჩნეთში სამუშაოდ წავიდა, სადაც მალე რუსეთმა ომი დაიწყო. საქართველოში დაბრუნებულმა გაიცნო მომავალი ქმარი, რომელიც ექიმი გახლდათ.
საბოლოოდ რუსეთმა ჩეჩნეთი მიწასთან გაასწორა და 43 ათასზე მეტი ბავშვი ამოხოცა. მექას მეხსიერებაში ომის საშინელი სურათები სამუდამოდ დარჩა და ახლა უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ჭრილობები განუახლა. ამის შესახებ ის “სარკეს” მოუყვა:
– 2003 წელს გაერო-მ ყველაზე განადგურებულ ქალაქად გამოაცხადა გროზნო. ჩემ თვალწინ გაიარა ჩეჩნეთის ორივე ომმა. მეორე ომი რომ დაიწყო,იქ აღარ ვცხოვრობდი, მაგრამ იქიდან ვინც გადმოდიოდა, ყველა ჩემამდე მოდიოდა.
განსაკუთრებით მტკივნეულია ჩემთვის, როდესაც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე მიდის საუბარი. სადაც თავისუფლებისმოყვარე ერები ცხოვრობენ, საბჭოთა კავშირმა სწორედ იქ გააკეთა ბირთვული სამარხები, რომ მუდმივად ამით დაეშინებინა ხალხი. სოფელ ვინოგროდოვოს ტერიტორიაზე არსებობს ბირთვული სამარხი. ომამდეც კი ერთი კილომეტრის რადიუსზე თუ საქონელი მოძოვდა ან ვინმე დასახლდებოდა,ანომალიები უჩნდებოდათ. იბადებოდნენ ხუთფეხიანი ხბო, მახინჯი ბავშვები…
მეორე ომი რომ დაიწყო, მიზანდასახულად ბომბავდნენ იმ ტერიტორიებს, რამაც საშინელი შიში დათესა…
– რა ვითარებაში გარდაიცვალა თქვენი მეუღლე?
-მოწამლეს.19 წელი ეძებდნენ. ბოლოს მაინც მიაგნეს და მოწამლეს. 45 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2018 წელს…იარაღით ხელში კი არ იბრძოდა, სამხედრო ქირურგი იყო. ყველა დაჭრილს მკურნალობდა, მათ შორის – რუსებსაც. ბევრ საველე მეთაურს უთქვამს, ომარი ჩვენი ღმერთი იყო ბრძოლის ველზეო. იფიცებოდა, იგივენაირად ვმკურნალობდი რუსებს, როგორც ჩეჩნებსო. 2014 წელს რომ უკრაინაში ომი დაიწყო, ამბობდა, ჯანმრთელობა რომ ხელს მიწყობდეს,წავიდოდიო.
– რუსები რატომ ერჩოდნენ თქვენს ქმარს?
– ერთ-ერთი ოპერაციის დროს აიყვანეს და 6 თვის განმავლობაში საფილტრაციო ბანაკში აწამეს. ჩემი მეუღლის ძმებმა გადაიხადეს დიდძალი ფული და იქიდან რომ გამოვიდა, სასამართლოს არ დაელოდა,ისე გამოემგზავრა. ვინც მაშინ მათთან ერთად გადმოვიდა საქართველოში,ყველა დახოცეს, აღარც ერთია ცოცხალი.რუსეთში ჩვენზე ამბობდნენ, რომ საქართველოში ყველაზე დიდ ანტირუსულ პოლიტიკას მექა ხანგოშვილი და მისი მეუღლე აწარმოებდნენ. ჩემი მკვდარი მეუღლისაც კი ეშინიათ…
20 წელზე მეტია, ჩეჩნეთში ნამყოფი არ ვარ, არც მსურს წასვლა. გენოფონდის აღდგენა ჩეჩნეთის ფარგლებგარეთ ხდება. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან ძლიერი დიასპორა აქვთ ჩეჩნებს, სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებაში, პოლიტიკაში არიან ჩართული.