“მიგრძვნია, რომ ვიღაცას ჩემი შეშურებია”

251

მსახიობი ანკა ვასაძე პანდემიისა და მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ შემოქმედებითად გააქტიურდა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ახალი, ,,ქალაქის თეატრის” მშენებლობაშიც მიიღო მონაწილეობა. ამ ახალ სივრცეში მისმა მეგობარმა და ცნობილი რეჟისორის, ლევან წულაძის ქალიშვილმა, თინათინ წულაძემ, ქორეოგრაფიულ სპექტაკლ ,,მარკეტშიც” მიიწვია სათამაშოდ. ,,პროექტამდე ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” ჩემი ოცნება იყო, ქორეოგრაფიულ სპექტაკლში მიმეღო მონაწილეობა და თინათინმა ამიხდინა ეს ოცნება”, – ამბობს ანკა ,,სარკესთან”.

– როგორ ახერხებთ, იყოთ ასეთი დაკავებული თეატრში, ტელევიზიაში 1 წლის ბავშვთან ერთად?

– მყავს ძიძა და ძალიან მეხმარებიან დედა, დედამთილი, ჩემი და და მეუღლე. ოჯახში ყველანი მეხმარებიან და ხელს მიწყობენ. კოვიდმა ისედაც ბევრი დრო წაგვართვა ჩვენს პროფესიაში და დღეს იმის დრო არ არის, როდესაც შემოთავაზებაა, უარი ვთქვათ. მთელ თავისუფალ დროს ბავშვთან ვატარებ და ამით ვინაზღაურებ.

– არიან თქვენი შვილები კულისების ბავშვები?

– ყველა მსახიობის შვილები კულისებში იზრდებიან. ნიკოლოზიც ასე იყო თავიდან. ახლა უკვე თავისი ცხოვრება აქვს და სწავლაშია ჩართული. სავარაუდოდ, ტუსიასაც მოუწევს.

– თავადაც ხომ არ გაიზარდეთ კულისებში?

– კი. თუმცა, სანამ კულისებს ვნახავდი, მანამდეც მსახიობობა მინდოდა. უბრალოდ, კულისებში გატარებულმა ბავშვობამ უფრო გაამძაფრა ეს სურვილი.

– როგორი გოგოა ტუსია?

– გაიზარდა და ძალიან საყვარელია. მასთან ურთიერთობა განსხვავდება პირველ შვილთან ურთიერთობისგან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადაღლილი ვარ, მასთან ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მეორე შვილზე უფრო მეტად გავიაზრეთ, რომ მშობლები ვართ.

– მაინც რა აღმოჩენები გაგაკეთებინათ?

– ის, რომ, რაც უფრო იზრდები, შეგიძლია, უკეთესი დედა იყო. ძალიან პრანჭია გოგოა. 11-წლიანი პაუზის შემდეგ მეორე შვილი საუკეთესო დროს გავაჩინე.

– თქვენ ცნობილი თეატრალური ოჯახიდან ხართ. გიგრძვნიათ შური და ისეთი დამოკიდებულება, რომ როლები და ამ სფეროში შემოთავაზებები სწორედ თქვენი ოჯახის გამო არ მოგაკლდებათ?

– ხშირად ჰგონიათ, რომ უფრო მარტივია იმ პროფესიაში ყოფნა, რომელშიც მთელი ოჯახია ჩართული. პირიქით, ამ დროს უფრო მეტი სირთულეა, უფრო მეტს ითხოვენ შენგან. ყოველთვის ასე იყო, სკოლაშიც და თეატრალურშიც, რასაც ხშირად ვაპროტესტებდი კიდეც, მაგრამ მივხვდი, შენი ოჯახის გამო უფრო მეტს რომ გთხოვენ, დადებითად უნდა გამოიყენო.

რა თქმა უნდა, მიგრძვნია, რომ ვიღაცას ჩემი შეშურებია, მაგრამ ასეთს როდესაც სხვანაირად მოექცევი და აგრძნობინებ, რომ ასე არ არის, ყველაფერი თავისთავად ლაგდება. ყველა სიტუაციაში მნიშვნელოვანია, შენ როგორ იქცევი. იმის გაფიქრება, ჩემი იმიტომ შურთ, რომ წარმატებული ვარო, არასწორია.