”ამქვეყნიდან წასვლაშიც მაჯობა”

502

ლეგენდარულ ანსამბლი ,,ივერიის” უცვლელი წევრი, ნუგზარ კვაშალი,  ,,სარკესთან” საუბრობს იმ ტკივილზე, რომელთან ერთადაც ცხოვრება უწევს და თავის დიდ სიყვარულზე, ცხოვრების თანამგზავრზე, რომელიც ჭირსა თუ ლხინში მუდამ ზურგს უმაგრებს.

– ბატონო ნუგზარ, თქვენი უმცროსი ძმა ალეკო კვაშალიც შესანიშნავად მღეროდა და ერთი პერიოდი ისიც იყო “ივერიაში”. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ ისევ ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან.

– ძმა ჩემზე 7 წლით უმცროსი იყო. ვამბობდი, 7 თავით ჩემზე კარგად მღერის-მეთქი. შესანიშნავი ხმა ჰქონდა. ჯერ ,,თეატრონში” მღეროდა, შემდეგ ჩვენთან იყო ,,ივერიაში”. განუყრელი მეგობრები იყვნენ დათო გოგიაშვილი, გიო ხუციშვილი, ირაკლი ჭანტურია. სულ სიმღერით და სიყვარულით მოდიოდნენ. ყველანი წავიდნენ, ჯერ დათო, მერე გიო და ირაკლი ერთნაირი დიაგნოზით, ბოლოს ალეკოსაც იგივე დიაგნოზი დაუდასტურდა, ამაშიც ძმები აღმოჩნდნენ.

აკი გითხარით, ყველაფეში მჯობნიდა და წასვლაშიც მაჯობა. მისი გარდაცვალების შემდეგ ერთ კვირაში ჩემი შვილიშვილი დაიბადა. ხშირად ხდება ასე, ერთი ადამიანის წასვლის შემდეგ ოჯახში ახალი სიცოცხლე ჩნდება. ეს ტკივილს არ ანელებს, მაგრამ გაგრძნობინებს, რომ სიცოცხლე გრძელდება.

– 50-წლიანი ოჯახის და სიყვარულის ისტორია გაქვთ. ქორწინებისადმიც ისეთივე ერთგული აღმოჩნდით, როგორიც “ივერიისადმი”.

– დიახ. არ ვიცი, რა ჰქვია, ვერცხლის თუ ოქროს ქორწილი გვიწევს. მე და თინიკოს დიდი სიყვარული გვაკავშირებს. თინას ჯერ ჩემი სიმღერა შეუყვარდა, მერე – მე. კი მაქვს გურული ხასიათი და მეტყვის ხოლმე, ნეტავ, როგორ გაგიძელიო, მაგრამ ვერაფრით შეელია ჩემს სიმღერას და ვერც მე შემელია.

ამ ხნის განმავლობაში რა არ გადავიტანეთ, შვილების დაბადების სიხარული, მათი გაზრდა, გზაზე დადგომა, ბედნიერება, გაჭირვება, ახლობელი ადამიანების დაკარგვა. ერთად ვზიდეთ ჭაპანი. მე გასტროლებზე დავდიოდი, ხშირად თვეობით. ცოტა კი ვნერვიულობდი, ასეთ ლამაზ გოგოს მარტო რომ ვტოვებდი, მაგრამ იმედიანად ვიყავი, ერთმანეთის გვჯეროდა. ზოგჯერ იყო საშუალება და ცოლები ჩამოგვაკითხავდნენ წასულებს, ამიტომ არ ვეშმაკობდით.

მადლობელი ვარ მისი სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, გამძლებისთვის, მადლობელი ვარ, რომ “ივერია” იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორც განუმეორებელი დღესასწაული და, როგორც ერთ-ერთი ბრძენი ჯუჯა, გეტყვით ყველას: გახსოვდეთ, მთავარია სამი რამე დედამიწაზე – სიყვარული, სიკეთე და სილამაზე.