გულახდილი საუბარი კრისტი ყიფშიძესთან👇
– ვინ არის კრისტი ყიფშიძე?
– კრისტი ყიფშიძე, პირველ რიგში, არის დედა. თუ პროფესიონალურ ჭრილშიც დავახასიათებ საკუთარ თავს, მაშინ ვიტყვი, რომ მე ვარ მოწოდებით მოდელი. ეს არის საქმე, რომელსაც 27 წელია, ვაკეთებ და რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი საქმე თუ გიყვარს, ის არასდროს მოგბეზრდება.
– როგორია კრისტის საოცნებო ცხოვრება?
– სიტყვა „ოცნებას“ იშვიათად ვიყენებ, რადგან ის ძალიან აბსტრაქტულია. მე რეალისტი ვარ და სურვილები მაქვს. ადამიანს ყოველთვის უნდა ცხოვრების გაუმჯობესება. მაგალითად, მე ძალიან მიყვარს სითბო და ყველანაირად ვეცდები, 50 წლის შემდეგ თბილ ქვეყნებში გადავიდე საცხოვრებლად. სამუდამოდ არა, მაგრამ მინდა, დიდი დრო იქ გავატარო. განსაკუთრებით აზია მომწონს. თუმცა, თბილისი და ჩემი სამშობლო იმდენად მიყვარს, მის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია. ასე რომ, ჩემი დიდი სურვილია ორი სახლი მქონდეს, ერთი – აქ და მეორე – იქ. ამ სურვილს მუშაობა სჭირდება და მე ამას გავაკეთებ.
ოცნება ძალიან ზოგადია, ამიტომ ახდენა ნაკლებად უწერია, მაგრამ როცა მას სურვილად აქცევ და გონებაში მის ვიზუალიზაციას მოახდენ, ეს ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. მე ეს საკუთარ თავზე გამომიცდია და თქვენც გირჩევთ ამ ტექნიკის გამოყენებას. თქვენი სურვილები დააკონკრეტეთ, ხმამაღლა გააჟღერეთ, ნათლად წარმოიდგინეთ და მასზე ბევრი იფიქრეთ – ეს აუცილებლად მიგიყვანთ შედეგამდე.
– ბოლოს რა მოიტყუეთ?
– ტყუილის თქმა არ მიყვარს. არც ის მიყვარს, როცა მე მატყუებენ და ამას მაშინვე ვხვდები. არასდროს ვუკეთებ სხვას იმას, რაც მე არ მინდა, რომ გამიკეთონ. თუმცა, არსებობს უბოროტო ტყუილი, რომლის მიზანიც ვინმეს ან რაიმე სიტუაციის გადარჩენაა. ასეთი ტყუილი მითქვამს, მაგრამ სინდისის ქენჯნას მაინც შევუწუხებივარ და ამის გამო მინერვიულია. ამიტომ, ძალიან ვცდილობ, „კეთილი ტყუილიც“ არ ვთქვა. რამე კონკრეტულ ტყუილს ვერ გავიხსენებ. ზოგადად, ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს, მაგრამ რაც ნეგატივს უკავშირდება, მას აუცილებლად ვივიწყებ. ეს ერთგვარი მექანიზმია თავდაცვისთვის.
– მოგიპარავთ რამე?
– ვაიმე, არა! (იცინის) ერთხელ, ევროპაში ვიყავი, მაღაზიაში რაღაცები ავიღე, მათ შორის თმის სამაგრიც და გასახდელში შევედი. რაც მომეწონა, შევიძინე და წამოვედი. სახლში რომ მოვედი, აღმოვაჩინე, რომ ეს თმის სამაგრი თმაზე მეკეთა, მაგრამ ყიდვით არ მიყიდია, გამომყვა და ასე გამომივიდა მოპარვა, უნებლიეთ (იცინის).
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– არა. საქმეს, რომელსაც ხელს მოვკიდებ, ყოველთვის დიდი სიყვარულით ვაკეთებ და ბოლომდე ვიხარჯები. თუ რამის კეთება არ მინდა, ვერანაირი ჰონორარით ვერ „დამკერავთ“. თუ ვიცი, რომ კონკრეტულ საქმეს ვერ გავუმკლავდები, არ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ თუ დავთანხმდი, ესე იგი, ვიცი, რომ გაკეთება შემიძლია და საკუთარი თავისგან მაქსიმუმს მოვითხოვ, რადგან მაქსიმალისტი ვარ. საქართველოში, რატომღაც, უყვართ დაგვიანება, საქმის მიფუჩეჩება და ადრე წასვლა, რაც ჩემთვის მიუღებელია. მე ყოველთვის ადრე მივდივარ დანიშნულების ადგილას, 5–10 წუთით მაინც და ბოლო წუთამდე იქ ვარ. შეიძლება, დავიწუწუნო, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, საქმეს არ გავაფუჭებ და მით უმეტეს, სხვას ხელს არ შევუშლი.
– სად და ვისთან ერთად ისურვებდით ხვალ გაღვიძებას?
– რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ძალიან კარგი მოგზაურობიდან. 30 სექტემბერს მაქვს დაბადების დღე. არ მიყვარს დაბადების დღის გადახდა. გადამიხდია და ყოველ ჯერზე მივმხდარვარ, რომ დიდი წვეულების გამართვა სისულელეა. მეორე დღეს ყოველთვის ემოციებისგან დაცლილი და უკმაყოფილო ვარ ხოლმე. ამიტომ უკვე თითქმის ათი წელია, ჩემი დაბადების დღისთვის სხვა ქვეყანაში მივფრინავ და იქ დროს ისე ვატარებ, როგორც მე მინდა. ქვეყანას ყოველთვის თვითონ ვირჩევ, მაგრამ ამჯერად მეგობარმა გამიკეთა სიურპრიზი და დუბაიში წავედით. გამიხარდა, რადგან ამ ქვეყანაში ნამყოფი არ ვიყავი, თუმცა ბევრი მსმენოდა მის შესახებ და ძალიან მაინტერესებდა. ოთხდღიანი დაბადების დღე გამომივიდა. ყველა რესტორანში, სადაც შევედით, ჩემი მეგობარი აფრთხილებდა მიმტანს, რომ დაბადების დღე მქონდა და ოთხ დღეში რვა პატარა ტორტი მივირთვი (იცინის). საერთოდ, პირადზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ იმდენად კარგი ოთხდღიანი დაბადების დღე გამომივიდა, მინდა, ჩემი ემოციები ყველას გავუზიარო. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ყველგან სიურპრიზები მხვდებოდა. რომ მეგონა, ამაზე მეტი აღარაფერი იქნებოდა… არა, კიდევ რაღაც მაოცებდა და ასეთ კარგ ადგილას ხვალაც სიამოვნებით დავბრუნდები – იქ, სადაც მზეა, სითბო, პლაჟი და გვერდით საყვარელი ადამიანები.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– ჩემმა შვილმა, ნატალიამ კატა აიყვანა, რომელიც ავადმყოფი აღმოჩნდა და ამ ამბავს ძალიან ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს და ჩვენს ოჯახზე ძალიან იმოქმედა, ძალიან ვინერვიულე და ბოლოს, ზუსტად, მაშინ ვიტირე.
– საერთოდ, გულჩვილი ხართ?
– ფიზიკურად შემიძლია, ძალიან ბევრი ავიტანო. მაგალითად, ფხიზელ გონებაზე გამიკეთონ ოპერაცია და ხმაც არ ამოვიღო (იცინის). ფიზიკური ტკივილი ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს, მაგრამ შეიძლება, ფილმის ყურებისას ისე ამიჩუყდეს გული, ცრემლები ვერ შევიკავო ან ტელეფონი გამიფუჭდეს და ამის გამო ვიტირო. ცოტა ბავშვური ხასიათი მაქვს და ვფიქრობ, მიხდება კიდეც, ამას თავისი ხიბლი აქვს. მე ასე მგონია.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ რას ვიზამდი ბევრი ფული რომ მქონდეს. არ ვიცი, მგონია, რომ კარგ საქმეებს გავაკეთებდი. გარშემო ადამიანებსაც დავეხმარებოდი, მაგრამ მთელი თანხის საჩუქრად დარიგება არასწორი მგონია. ჯობს, ფული საქმეში ჩავდო და პერსპექტივაზეც ვიფიქრო, თორემ შეიძლება, ერთ დღეში ან ერთ თვეში დაიხარჯოს ერთი ან ორი მილიონი. ამიტომ ჯობს, ისეთ საქმეში დავაბანდო, რომელიც მას გააბევრებს (იცინის). თუმცა, საუბარი მარტივია. ვცდილობ, ბიზნესმენივით პასუხი გაგცეთ, მაგრამ რეალურად, ჯობს, როცა მექნება, მერე დავსახოთ კონკრეტული გეგმები (იცინის).
– გინდათ, ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?
– ცნობილი ვარ და ალბათ, ბავშვობაში ეს მინატრია კიდეც, თუმცა ზოგჯერ ეს ძალიან დამღლელია. არ ვამბობ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი ვარ, ეს კიდევ უარესია, უდიდესი პასუხისმგებლობაა. როდესაც ცნობილი ხარ, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი და სულ იმას ფიქრობ – „ვაიმე, ხალხი რას იტყვის?!“. ცნობილი ხარ თუ არაცნობილი, საჭიროა კარგად მოიქცე, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ სხვა პასუხისმგებლობებია. ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა ძალიან არ მინდა, მიცნონ. რამე ცუდს კი არ ვაკეთებ, უბრალოდ, ასე მირჩევნია. თუმცა, ძალიან სასიამოვნოა ის, რომ საზოგადოებისგან ქუჩაში, ტრანსპორტში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას, ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. დღეს, სოციალური ქსელების მეშვეობით, იმისთვის, რომ ცნობილი გახდე, სულ რამდენიმე წუთია საჭირო, მაგრამ მთავარია, რით ხარ ცნობილი, რა მიღწევა გაქვს, რით დაიმსახურე ეს ყურადღება? რა გაგიკეთებია იმ სფეროში, რომელშიც მუშაობ? მე დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც წვლილი მაქვს შეტანილი ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებაში და ყველაზე მეტად ჩემი პროფესიონალიზმის გამო ნათქვამი კომპლიმენტი მსიამოვნებს და არა გარეგნობის გამო შექება. წარმატება კიბესავით არის, წინ მიიწევ. მაგალითად, მე სულ უფრო მეტი მინდა, გაჩერების სურვილი არ მაქვს. უკვე ვთქვი, რომ ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. მეორე სირთულე საკუთარი იმიჯის შენარჩუნებაა და იმის მიღწევა, რომ ხალხს ახსოვდე და უყვარდე. დღეს სოციალურ ქსელებში ცუდ კომენტარებსაც ძალიან ხშირად შეხვდები, მაგრამ მე ამას არ ვაქცევ ყურადღებას. მე ჩემს თავს ცნობადს – არა, უფრო მედიურ სახეს ვეძახი. იმიტომ, რომ ხშირად ვარ ტელევიზორში, პრესიის ფურცლებზე, ინტერნეტგამოცემებში და როცა მედიასახე ხდები, უნდა ეცადო, ოქროს შუალედი დაიცვა. მაგალითად, მე არასდროს ვუპასუხებ სოციალურ ქსელში უცნობი ადამიანების არც კარგ და არც ცუდ კომენტარს. მე ვარ ერთი, ისინი ძალიან ბევრი და პირველ რიგში, ფიზიკურად ვერ მოვახერხებ ამას. არც არის საჭირო, რადგან ყველას საკუთარი აზრი აქვს, ვიღაცას მოსწონხარ, ვიღაცას – არა, ეს ბუნებრივია. მე არც მცალია და არც მინდა, მათ პასუხებზე დრო დავხარჯო. როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი, ძალიან ბევრ დადებით კომენტარს წერდნენ, მაგრამ ბევრი ნეგატივიც მხვდებოდა. მაშინ ჩემი შვილი 11 წლის იყო. ტიროდა, ძალიან განიცდიდა და ამ კომენტარების ავტორებს პასუხობდა. მაშინ მე მას ვუთხარი: ნატალია, არასდროს არავის უპასუხო. ჯერ არც იცი, ვის ელაპარაკები. დაწერონ იმდენი და ის, რაც უნდათ და რამდენიც. „დააიგნორე“ ნეგატივი, თორემ პასუხით მას უფრო მეტად გააღვივებ. დადებითი კომენტარებისთვის კი შეიძლება, საერთო სამადლობელი ტექსტი დავწერო. სხვაგვარად, ეს სივრცე ძალიან ბევრ დროს წაიღებს და ასე არ შეიძლება, რადგან მობილური ტელეფონები ისედაც დიდ დროს გვაკარგვინებს.
– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი.
– შეცდომები ყველას გვაქვს, მაგრამ არასდროს არაფერს ვნანობ. შესაძლოა, დაუფიქრებლად გავაკეთე რამე და მერე მივხვდი, რომ ცუდი იყო, მაგრამ განზრახ ცუდი არასდროს გამიკეთებია. ეს უკვე ბოროტებაა. მაგრამ მომხდარის გამო მერე რომ ნერვიულობა დავიწყო, რა აზრი აქვს, ეს ხომ ტყუილად ნერვიულობა გამოდის?! აქ მარტო ცუდ საქციელზე არა, შეცდომებზეა საუბარი და მე ვფიქრობ, ისე იყო საჭირო, როგორც მოხდა და იმიტომ ხდება რაღაც, რომ შემდეგ უკეთესი მოჰყვეს. არ მომიპარავს, არავისთვის არაფერი დამიშავებია და კრიმინალი არ ჩამიდენია. რაღაც ცუდი როგორ არ მექნება გაკეთებული, მაგრამ უფრო ისეთი, რომლის გახსენებაზეც დღეს ვიფიქრებ: „ვაიმე, რა სულელი ვიყავი“ (იცინის).
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– არასდროს. ეს არ მჭირდება. ვინც ცუდად მომექცა, მათთან ურთიერთობაში ბუმერანგის პრინციპმა დამანახვა, რომ ჩემი ჩარევა არ არის საჭირო. ცხოვრება ყველას თვითონ გასცემს საკადრის პასუხს. მე რატომ ვაგროვო ნეგატივი?! ერთ კარგ გზას გასწავლით, როგორ არ უნდა გახრჩობდეთ ბრაზი, როდესაც ვიღაც ძალიან გაბრაზებთ ან ძალიან გაწყენინებთ: თავი მაქსიმალურად აიყვანეთ ხელში, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ამ ადამიანს საჩუქრებს ჩუქნით. ვერ წარმოიდგენთ, ამ გზით როგორ გათავისუფლდებით წყენისა და ბრაზისგან.
– ბოლოს რა გაიგეთ საკუთარ თავზე კარგი ან ცუდი?
– კომპლიმენტებს ბევრი მეუბნება. ცუდს რაც შეეხება, მგონია, რომ ადამიანი სკანდალებს თვითონ იზიდავს. არ ვამბობ, რომ მე ჩრდილში ვდგავარ, მაგრამ ტაბუ მაქვს დადებული პირად ცხოვრებაზე. ხვალაც რომ გავთხოვდე, ჩემი მეუღლის ფოტოს ჩემგან ვერავინ ნახავს. შეიძლება, ვინმემ მოიპოვოს, მაგრამ მე არ გამოვაქვეყნებ. წლების წინ სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სიყვარულს აუცილებლად სჭირდება მალვა. ეს ჩემი აზრია. ზოგს მოსწონს საჯაროობა, მე მიმაჩნია, რომ შეყვარებულთან ან, თუნდაც, მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო არ უნდა გაასაჯაროო და არც უნდა ისაუბრო ამაზე. ეს თემა ჩემთვის ძალიან ფაქიზია. ამიტომაც არის, რომ არასკანდალური ადამიანი ვარ და ამ მხრივ, ჩემზე რამე განსაკუთრებულს ვერ გაიგებთ.
– რომელ ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას?
– სიამოვნებით ვიმოგზაურებდი დროის მანქანით მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში – ლამაზი სასახლეები, ლამაზი კაბები და სამკაულები… მაგრამ მინდა, დედოფალი ვიყო. სიამოვნებით გავისეირნებდი ეგვიპტეში რამდენიმე დღით. კლეოპატრაც სიამოვნებით ვიქნებოდი. თუ სურვილია, სურვილი იყოს (იცინის). თუმცა, მე ძალიან მომწონს ის, რომ 1977 წელს დავიბადე საქართველოში და ძალიან საინტერესო ეტაპები გამოვიარე საბჭოთა საქართველოდან დამოუკიდებელ საქართველომდე. რაც მთავარია, ორ საუკუნეს მოვესწარი, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენების მომსწრე ვარ და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო მგონია.
– უხერხული შემთხვევა პაემანზე…
– ძალიან, ძალიან ადრე, მგონი, პირველ კურსზე ვიყავი. მეგობარს უნდა მოეკითხა რეპეტიციაზე. მიმდებარე ტერიტორიაზე „ბუტკა“ იდგა და რადგან მაშინ ტელეფონები არ იყო, წინა დღით შევუთანხმდი, რომ მეორე დღეს, სამ საათზე ამ „ბუტკასთან“ დაველოდებოდი. მივედი მეორე დღეს და „ბუტკა“ აღარ დგას თავის ადგილას, სადღაც წაუღიათ (იცინის). კიდევ კარგი, იცოდა სად ვიქნებოდი, იქ შემოვიდა და მიპოვა, მაგრამ ეს შემთხვევა ძალიან სასაცილო იყო.
– რა არის ცხოვრების მიზანი?
– მიზნები დროსთან ერთად, ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე იცვლება. ადამიანი იზრდება და ვითარდება, მასთან ერთად იზრდება და იცვლება მისი მიზნებიც. შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი ხომ ბანალურად ჟღერს და მეც ვისურვებდი, რომ ყოველთვის ვიყო ჯანმრთელი და ბედნიერი გარშემო მყოფებთან ერთად.