„ზოგიერთ დეპუტატს რომ ვუყურებ, ჩემი სული და ყველაფერი არის შეურაცხყოფილი“

189

რეჟისორი ქეთი დოლიძე BMG-ის ხელოვნების საერთაშორისო „ფესტივალის“ დაფინანსების შესახებ ესაუბრა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ საიუბილეო 25-ე წლისთავზე, ფესტივალს კულტურის სამინისტროსგან დაფინანსება შეუმცირდა. მისივე ინფორმაციით, მაშინ როცა წინა წლებში ფესტივალის დაფინანსება 800 000 ლარამდე იყო, წელს სამინისტრომ მას 230 000 ლარი გამოუყო.

ქეთი დოლიძის შეფასებით, ეს სამინისტროს მხრიდან მის დასჯას ჰგავს, თუმცა უცნობია, რა მიზეზით. აღნიშნულ საკითხზე ქეთი დოლიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.

„დამთავრდეს ეს ფესტივალი და მე მექნება რამდენიმე ძალიან მკაცრი შეკითხვა, რაზეც უნდა მივიღო პასუხი. ყველაზე მთავარი არის სირცხვილი და იმიჯი შენი ქვეყნის. აქ უკვე კონკრეტულ ადამიანებზეა ლაპარაკი, რასაც აუცილებლად მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს. კულტურის სამინისტროსთან მე არაფერს აღარ გავარკვევ, ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. მგონია, რომ 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ როცა მინდა შეხვედრა, შევხვდე. ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს“, – ამბობს რეჟისორი.

BMG-ისთან მან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრმა ეს ფესტივალიც მისი დირექტორის, გაგა ჩხეიძის გამო დასაჯა.

„რატომ დაისაჯა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი? იმიტომ, რომ გაგამ ერთი-ორჯერ რაღაცა კრიტიკული თქვა? მთავრობა და ჩინოვნიკები ჩვენ გვემსახურებიან, ჩვენ კი არ უნდა ვემსახუროთ მათ. მე მაგალითად ზოგიერთ დეპუტატს რომ ვუყურებ, ჩემი სული და ყველაფერი არის შეურაცხყოფილი იმიტომ, რომ ყოველ თვე ჩემი გაჭირვებული ხელფასიდან ვიხდი ფულს, რათა ის შევინახო“, – აცხადებს ქეთი დოლიძე.