“დამიჯერეთ, ამ მდგომარეობაში უფრო მეტად ვეღარ მატკენთ…” – რას წერს მარიამ შარმანაშვილი

4

მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი უმცროსი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ მარიამ შარმანაშვილმა საკუთარ გვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა:
“მეც არ მჯერა, რომ ამას ვწერ, რადგან ჩვენს სიყვარულს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. სწორედ ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, გაურკვევლობაში არ გამყოფოთ და დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა. 

მიზეზებსა და დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექვსწლიან ურთიერთობაში უბედნიერესი ვიყავი. გარდა ამისა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს, მე და კარლოს გვეხება და საჯაროდ მიზეზების განხილვა არაეთიკურად მიმაჩნია. არ ვარ ადამიანი, რომელიც პირად ურთიერთობაში იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს, მინდა იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შემდეგ, სრულად შეგნებულად გადავდგი.

მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია მე ეს უნდა გამეკეთებინა ორივეს ბედნიერებისთვის, მე მადლიერი ვარ კარლოსი, მასთან გატარებული ყველა ბედნიერი წუთისა და დღისთვის. ის ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლების შემოქმედი იყო. გულწრფელად ვუსურვებ მას ბედნიერებას და ცხოვრების ბოლომდე მის გულშემატკივრად დავრჩები. ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა…”

როგორც ჩანს, მარიამი პირადი ურთიერთობის შესახებ უამრავ კომენტარსა და პირად შეტყობინებას იღებს – მათ შორის, მხარდაჭერასთან ერთად, ზოგიერთი ნეგატიური ხასიათისაცაა. სწორედ ამაზე წერს ამჯერად მარიამ შარმანაშვილი. 

“იცნობდეთ! ასეთებიც გვყავს, სამწუხაროდ, საზოგადოებაში, მიწასთან გასწორებულს ზემოდან რომ შედგებიან და ამით სიამოვნებას იღებენ. ჰგონიათ, რომ რამეს გატკენენ. დამიჯერეთ, ამ მდგომარეობაში უფრო მეტად ვეღარ მატკენთ. მაგრამ ერთი იცოდეთ, ვისაც ეს ამბავი გაგიხარდათ, სულ ტყუილად, მალე იხილავთ მარიამს უფრო ძლიერს და ბედნიერს”.