ამ მოღალატეებს მინდა ვუთხრა, რომ დღეიდან ვიწყებ ფაქტებით საუბარს აგვისტოს ომზე, ამ ომის დაწყების წინაპირობებსა და პირობებზე – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ყოფილი ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს პასუხობს, რომლებიც იარლიყების მიკერებით ცდილობენ ადამიანების დისკრედიტაციას.
“დააკვირდით, წლების მანძილზე ვინაა დაკავებული იარლიყების მიკერებით. ხალხი, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ფარული გარიგების შედეგად, სამარცხვინოდ გაყიდა კოდორი და ახალგორი, სამარცხვინოდ გაყიდა 150 სოფელზე მეტი (რომლებსაც სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა) და სამარცხვინოდ უღალატა ქვეყანას და თანამემამულეებს.
დააკვირდით, ვინაა დაკავებული იარლიყების მიკერებით. ხალხი, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე, მიზანმიმართულად, შეგნებულად დააკანონა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი და ამით საფუძველი მოამზადა ჩვენი ტერიტორიების ჩაბარებისთვის. ეს ხალხი დგამდა და დგამს სახიფათო სპექტაკლებს და აგვისტოს ომის დაწყების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიაც ამ სპექტაკლის ნაწილია.
დააკვირდით: ქვეყნის გარეთ მათ აღიარებული აქვთ, ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები და ხელი აქვთ მოწერილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზე (1633), რომლის მეხუთე მუხლში ნათქვამია, რომ სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ (ანუ სააკაშვილის ხელისუფლებამ) დაიწყო! იმასაც კი ადასტურებენ, რომ კასეტური ბომბები და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. ციტატა: „თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კეძოდ, ღია და სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას, წამოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან.“
ქვეყნის შიგნით კი, იგივე ხალხი, რომელსაც ზემოხსენებულ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი ( აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, დავით ბაქრაძე და სხვები), მუდმივად მანიპულირებს აგვისტოს ომის დაწყების თემით და თუ ვინმე ამ თემაზე საუბარს გაბედავს, ყველას მოღალატეებად აცხადებენ, თავად მოღალატეები! აგვისტოს ომის დაწყების თემით მანიპულირება მათთვის საშუალებაა, რომ საზოგადოება არ მივიდეს აგვისტოს ომის ტრაგიკული შედეგების სრულფასოვან ანალიზამდე და შეფასებამდე.
არავინ მოითხოვოს გამოძიება, არავინ დასვას კითხვა, როგორ და რატომ ჩაბარდა კოდორი, სადაც სამხედრო მოქმედებები საერთოდ არ მიმდინარეობდა, როგორც ჩაბარდა ახალგორი, რომელიც რეალურად ძალით ჩააბარეს! როგორ მიატოვეს წინა ხაზზე მოუმზადებელი წვევამდელები, როგორ გაწირეს ქართული ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორ დატოვეს და ჩააბარეს სენაკის, ფოთის და სხვა სამხედრო ბაზების ტექნიკა, როგორ დატოვეს დაუმარხავი შინდისის გმირები. აი, ეს ხალხია დაკავებული იარლიყების მიკერებით!
და სწორედ ამ მოღალატეებს მინდა ვუთხრა, რომ დღეიდან ვიწყებ ფაქტებით საუბარს აგვისტოს ომზე, ამ ომის დაწყების წინაპირობებსა და პირობებზე, რაც მთავარია, შედეგებზე. ვიმეორებ: ვისაუბრებთ ფაქტებით, დოკუმენტებით, მოწმეების ჩვენებებით და ვარწმუნებ ყველას, რომ ეს პროცესი აუცილებლად მივა მართლმსაჯულებამდე და ქვეყნის ნამდვილი მოღალატეების პასუხისმგებლობამდე. მოგიწოდებთ, ავხსნათ ხელოვნური ტაბუ აგვისტოს ომის თემას! და ნუ ვაძლევთ საშუალებას ტერიტორიების გამყიდველებს,- დააშანტაჟონ მთელი ქვეყანა!”– წერს ირმა ინაშვილი.