რატომ უწოდა კრისტი ლაბაძემ საკუთარ თავს “ბერლინის ძუკნა“ და რის გამო არ ინდობს ის ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს
ტრანსგენდერი კრისტი ლაბაძე, რომელიც წლებია, ევროპაში ცხოვრობს, დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. ის არ ინდობს შოუბიზნესის წარმომადგენლებს თუ სხვა, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს და მათ შესახებ ძალიან მწვავე, კრიტიკულ და უცენზურო ვიდეოებს აქვეყნებს. რა არის ამის მიზანი, მისგან შევიტყობთ.
კრისტი ლაბაძე: საქართველოში არ არიან ბლოგერები, რომლებიც დაუპირისპირდებიან შოუბიზნესის წარმომადგენლებს, მათ, ვისაც თავში აქვთ ავარდნილი და ქვემოთ დაშვება სჭირდებათ. ის, რაც საქართველოში ხდება, ძალიან დიდი სირცხვილია. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში ასე არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ბლოგერი, რომელიც ადამიანებს, რომლებსაც თავში აუვარდათ, თავიანთ ადგილს მიუჩენს. რაც შეეხება რეიტინგს, ხალხს აინტერესებს ეს თემები, რადგან მობეზრდათ შეფუთული სანახაობები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ აკეთებენ ისინი შოუებს – იგონებენ ტყუილებს და მერე თავიანთ ტყუილებში თვითონვე იჭრებიან. მე, უბრალოდ, იმ კითხვებს ვსვამ, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. ეს წერს რეიტინგს, ყველაზე დიდ რეიტინგს, თუ ვინმეს აქვს ქართულ სოციალურ მედიაში ამ ეტაპზე.
– საიდან იგებ ამდენ რამეს ცნობილ ადამიანებზე?
– რომ ჩნდებიან გადაცემებში და ლაპარაკობენ, შტერი ხომ არ ვარ, ხომ ვხვდები, სად არის შოუ და სად სიმართლე. მერე რომ კეთილი ადამიანების იმიჯით გამოდიან, მე ვერ მომატყუებენ, იმიტომ, რომ მე თვითონ ვაკეთებ შოუს და ვიცი, რა და როგორ ხდება. მარტო ჩემს გვერდზე კი არა, ქართული ტელევიზიების ნახევარი შოუები ჩემზე არის დამოკიდებული და მაგათაც ვუსწრებ რეიტინგით. ინფორმაციებს თვითონ ხალხი მაწვდის. თბილისი ძალიან პატარაა, ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე.
– რა გაღიზიანებს შოუბიზნესის წარმომადგენლებში, რატომ დაიწყე ეს ყველაფერი?
– ყველაფერი – ამპარტავნები, ამბიციურები და არაფრის მაქნისები რომ არიან და თავი მართლა შოუბიზნესში ჰგონიათ, სინამდვილეში „გადასკოჩილი“ მიკროფონებით რომ სხედან… ამქვეყნად ყველა ადამიანი თანასწორია, შოუბიზნესის წარმომადგენელი იქნება, პოლიტიკის თუ სხვა სფეროსი, ყველა თანასწორ გარემოში უნდა ცხოვრობდეს და იმის გამო, რომ ვიღაც შოუბიზნესშია, რაღაც პრივილეგიები არ უნდა მივანიჭოთ. ეს ჩემთვის დაუშვებელია, მათი პრივილეგირებული მდგომარეობის გამო საქართველოში ადამიანები არ უნდა იჩაგრებოდნენ.
– კრიტიკული ფორმა გაქვს არჩეული, ძალიან სასტიკი ხარ, უშვერი სიტყვებით ლანძღავ.
– ახლა ჩვენ რომ ვწერთ ინტერვიუს, შეატყობდი, რომ გამართული ქართულით ვლაპარაკობ. ძალიან ზრდილობიანად, მაგრამ არიან უღირსი ადამიანები, რომელთანაც ზრდილობიანად საუბარი არ შეიძლება. ჩემს აუდიტორიას ზრდილობა და ლექსიკა საერთოდ არ აინტერესებს. ის ადამიანები, ვინც ჩემს ლექსიკას აკრიტიკებენ, თვითონ იყენებენ ასეთ ლექსიკას. ვიღაც-ვიღაცები, თითქმის უმეტესობა, დასვამენ შოუებში ადამიანებს და ჩვეულებრივად ამაიმუნებენ და ამით ქმნიან რეიტინგებს. რასაც იმსახურებენ, ზუსტად იმ ტერმინოლოგიით მოვიხსენიებ. რამდენი ვიდეო გინახავთ, სადაც თვითონაც მსგავსი ტერმინოლოგიით ლაპარაკობენ?! ეს მე არ ვარ პირველი. უბრალოდ, ეს ადამიანები საზოგადოების წინაშე ძალიან კარგად არიან შეფუთულები, მაგრამ სადაც კამერები ვერ უყურებთ, იქ ჩემზე უარესებს აკეთებენ.
– როგორი რეაქციებია ხოლმე მათი მხრიდან, გამოგხმაურებია ვინმე?
– მე ისეთ ადამიანებზე ვწერ ვიდეოებს, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დედამიწაზე დაშვება. ეს ადამიანები არავისთვის არაფერს არ წარმოადგენენ, უბრალოდ, მათი ამბიციაა, რომ რაღაცას წარმოადგენდნენ, თორემ მართლა რომ წარმოადგენდნენ, რამეს იზამდნენ. თუმცა, როდესაც სიმართლეს ვლაპარაკობ, რა უნდა ქნან? მე რაზედაც ვსაუბრობ ხოლმე, ეს ფაქტია, სიმართლე. რიგ შემთხვევაში მეხმაურებიან და როცა უარყოფენ, მერე უფრო დეტალურად ვეძიები. მე ვამბობ იმას, რასაც თვითონ ამბობენ შოუებში. მერე მეუბნებიან, იტყუებიო. გამოდის, მე კი არა, თვითონ იტყუებიან. მე ვიმეორებ იმას, რაც სხვადასხვა დროს უთქვამთ.
– თითქოს, შიში გაჩნდა. ბევრს ნახევრად ხუმრობით, თვითონ დაუდვია საკუთარი არასასურველი ფოტოები – „სანამ კრისტი დამიდებსო“…
– ეს ძალიან კარგია. მოიქცევიან უსამართლოდ? ეცოდინებათ, რომ არსებობს სოციალურ მედიაში ადამიანი, რომელსაც შეუძლია, მათ ამაზე პასუხი მოსთხოვოს. როდესაც არიან საჯარო პერსონები, უნდა ჰქონდეთ იმის შიში, რომ შესაძლოა, საზოგადოებას უარყოფითი რეაქცია გაუჩნდეს. როდესაც თვითონ აკეთებენ ასეთ რამეს, მერე სხვებს ნუ უკითხავენ მორალს.
– არავის მოუთხოვია პასუხი სამართლებრივად? კიბერბულინგი, აგრესია, ზიზღი, ლანძღვა – ამის გამო არ ჰქონიათ მცდელობა, პასუხი მოეთხოვათ შენთვის?
– კიბერბულინგი სიმართლის ლაპარაკი არ არის. კიბერბულინგი ის არის, რასაც თვითონ აკეთებენ. მე არავისთვის არ დამიწერია ცუდი კომენტარი, არც შევდივარ მაგათ გვერდებზე. ჩემი ვიდეოების ყურების შემდეგ, ვიღაც ვიღაცას კომენტარს დაუწერს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. საზოგადოება ისმენს, თვითონ აანალიზებს ყველაფერს და ადეკვატური რეაქციები აქვთ. მაშინ უჩივლონ მთელ საქართველოს. ეს საზოგადოება მათ გადაცემაში მიწვეულ რესპონდენტებს ისეთ საშინელებებს უწერს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თავიანთი აუდიტორიის გაუმჯობესებაზე იზრუნონ, არათუ დადებილებაზე. რომ ჰქონდეთ რამე ხელჩასაჭიდი, რა თქმა უნდა, მომედავებიან. ყოფილა მუქარები ( – ამას გიზამ, იმას გიზამ, სადმე დაგიჭერ, ვიღაცები მოვლენ და მოგკლავენ და მსგავსი „სიაფანტობები“).
– ვინ მოგწონს ქართულ შოუბიზნესში, ვისი ლანძღვის სურვილი არ გაქვს?
– ია ფარულავა. იმიტომ არ ვამბობ, რომ გამოწერილი ვყავარ. ამ ქალმა რაც არ უნდა გააკეთოს, არ მაღიზიანებს. ძალიან პირდაპირი და უშუალოა. ისიც მომწონს, ხანდახან რომ იგინება. ეს ნიშნავს, რომ არ აინტერესებს, სხვა რას იტყვის მასზე. ყველაფერს ღიად აკეთებს, დასამალი არაფერი აქვს. მეორე რუსკა მაყაშვილია. რუსკაც ძალიან უშუალოა. ძალიან გახსნილია ყველა ადამიანის მიმართ და არ გააჩნია ამბიციები – ვაიმე, რუსკა მაყაშვილი ვარ, საქართველოს ვარსკვლავი და ასე შემდეგ. უშუალო ადამიანებს არ აქვთ ამბიციები, მაგრამ როცა ამბობენ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მათ უნდა ჩამოხსნა ეგ ნაბადი. თუ კრიტიკა არ მოსწონთ, არ უნდა გამოჩნდნენ საჯაროდ. თუ გამოდიხარ ტელეეკრანზე, უნდა იცოდე, რომ მთელი ცხოვრება არ გელაქუცებიან, გაგაკრიტიკებენ კიდეც.ლაქუცი რომ დაუწყო ამ ადამიანებს საზოგადოებამ, იმიტომაც არიან ასე. ამერიკაშიც არსებობენ ჩემნაირი ბლოგერები, ევროპაშიც და ეს არის გამოხატვის თავისუფლება. შეურაცხყოფა არ არის რამეს რომ ხუმრობით იტყვი. მე ვდებ ფაქტებს, უნდათ, აიღონ ის, უნდათ – არა.
– „ბერლინის ძუკნა“ რატომ დაირქვი?
– ეს ჩემი ერთ-ერთი „ჰეშთეგია“ „ტიკ-ტოკზე“, რომელსაც 200 მილიონი ნახვა აქვს. ბერლინში ვარ, ჩემი იმიჯია ის, რომ ვარ პირდაპირი, უკომპლექსო, რასაც მინდა, იმას დავიწერ, მინდა – ძუკნას, მინდა – სხვა რამეს. მე არ მაქვს შეზღუდვები ტერმინოლოგიებში. საქართველოში ადამიანები ჩარჩოებში არიან მოქცეულები და ძუკნას რომ გაიგობენ, ვაიმეო, ფიქრობენ. ეს ტერმინები იმისთვის მოიგონეს, რომ ადამიანებმა გამოიყენონ. ვფიქრობ, ცოტა უნდა გათავისუფლდნენ კომპლექსებისგან.
– ეს არის ჩემი საქმეო, თქვი. სოცქსელებში აქტიურობისთვის იმიტომაც იბრძვიან ინფლუენსერები, რომ მერე შემოსავალი მიიღონ. შენთვის რამდენად შემოსავლიანია ეს საქმე?
– საქართველოში არ ესმით ინფლუენსერის მნიშვნელობა. ინფლუენსერი ნიშნავს გავლენიანს. საქართველოში ინფლუენსერები ჩვეულებრივი ოლია მათხოვრები არიან. სხედან და მათხოვრობენ. თავიანთ გამომწერებზე არიან დამოკიდებული და ამით იღებენ შემოსავალს. მე არ ვარ ინფლუენსერი და ამით არც შემოსავალი მაქვს. თავისუფალ დროს ვიღებ ვიდეოებს. მე რაც მაქვს, ყველაფერი ჩემი შრომით მაქვს და არა უაზრო „მაზების“ დარეკლამებით.
– შენ რის გამო გაკრიტიკებენ?
– ძალიან მომწონს, რომ მაკრიტიკებენ. არიან ასეთები, ვინც კარგ რჩევებს მაძლევენ. მათ შორის შოუბიზნესიდანაც. ერთ-ერთი ნატო დუმბაძეა. ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს, ისე, როგორც დედაჩემი მომცემდა. მეუბნება: კრისტი, მეტი სიმართლე და ნაკლები უცენზურობაო. მაგრამ უცენზურობაც საჭიროა, რომ ხალხის ყურადღება მიიქციო. ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რაღაც სიდებილეებს ვერ გავითვალისწინებ და ასეთებს არც ვაქცევ ყურადღებას.
– სოცქსელებში აქტიურად განიხილავენ ამ ყველაფრის მიზეზებს და ამბობენ, რომ ეს ფსიქოლოგიური ტრავმის ბრალია, რომ შენ ბავშვობიდანვე განიცდიდი მარტოობას, იყავი გარიყული და ახლა ასე ცდილობ უყურადებობის კომპენსირებას. რას ფიქრობ ამაზე?
– ესენი არიან გამწარებული ინტერნეტმათხოვარი ბლოგერები, რომლებიც სხედან და საზოგადოებას ატყუებენ. თითქოს ქველმოქმედებას აკეთებენ და სინამდვილეში ამით სარგებლობენ. ბოღმით გიჟდებიან, როცა მათ რეიტინგს უსწრებ და ამიტომაც ლაპარაკობენ ასე. მე ყურადღება ქუთაისშიც არ მაკლდა. პირიქით, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი. 18 წლის ასაკში მიმიწვიეს გია ჯაჯანიძის შოუში და რომ არა ყურადღება, იქ არავინ დამსვამდა. ბერლინშიც ყურადღების ცენტრში ვარ და ჩემთვის კარი ყველგან ღიაა.