მედიაჰოლდინგ „კვირას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო გიორგობიანის შესახებ წერს:
„გვიან ჩამოვედი თბილისში და გვიან ვნახე არხები.
ვინ ხართ თქვენ, ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებითა და ოჯახის უდიდესი ტრაგედიით რომ სპეკულირებთ, უამრავ ტყუილს ამბობთ, მერე თქვენივე ტყუილებში იხლართებით, ანთქევთ ღვარძლს, ბოღმას, გძულთ ყველა და ყველაფერი, რაც კი თქვენს “იდეალურ” პოლიტიკურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ამით კვებავთ საკუთარ თავს, შვილებს, რომლებსაც ასეთი მაგალითებით ზრდით, საზოგადოებას, რომელსაც წესით, თქვენი უნდა სჯეროდეს, რომელსაც, როცა გჭირდებათ იყენებთ, როცა განსხვავებული აზრი აქვთ – აბულინგებთ.
არცერთ თქვენგანს არ დავტოვებ უპასუხოდ!
იმიტომ კი არა, რომ ნინო ჩემი მეგობარია, იმიტომ კი არა, რომ ნახევარი ცხოვრება ერთად გამოვიარეთ, იმიტომ კი არა, რომ კარგად მახსოვს ვის, როდის როგორ, სად დაგეხმარათ და ძალიან ბევრ თქვენგანს ყველაზე დიდ გასაჭირში გვერდში დაგიდგათ (ეს მისი ხასიათის მთავარი შტრიხია), იმიტომ კი არა, რომ რომელიღაც პოლიტიკოსის მაამებლობით დაკავდით და მისი ადამიანობა დაგავიწყდათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მართალია!
მაგრამ თქვენმა უმეტესობამ არ იცის, რას ნიშნავს იყო მართალი… ცრუ ბრალდებებისთვის, რომელიც ხშირად ტყვიაზე მომაკვდინებელია, დღეს არავის სჯიან და არც არავინ იხდის ბოდიშს. ზედმეტ დემოკრატიასაც შერგება სჭირდება თურმე და თქვენ ამის უნარიც არ გაქვთ!
არაფერი სჭირს ნინოს ჩემი დასაცავი და არც ის არის დანაშაული, რომ საქმეში დაზარალებულის, ვიმორებ, დაზარალებულის ნათესავია!
იმ ბიჭის, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც პოლიციაში დარეკა!
არასოდეს არ ვყოფილვარ ასე გაბრაზებული და არასოდეს დღეს მოსმენილ არცერთ სიტყვას არ გაპატიებთ! ბულინგი და სიბინძურე თქვენი მოგონილია, მე ეს მეთოდები არ მაქვს და არ მჭირდება.
არ დავუშვებ, რომ ჩემი შვილები თქვენნაირმა “საზოგადოებამ” დააბინძუროს და გახრწნას.
მე სხვანაირი საქართველო მიყვარს და ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ თქვენი სიძულვილის ენისგან და ჭუჭყისგან დასახსნელად ჩემი წილი აგური დავდო!
ზუსტად იმიტომ, რომ ხვალ სხვა შვილმკვდარ ოჯახებსაც არ მიადგნენ, არ დაუნგრიონ ბულინგით ცხოვრება ადამიანებს, არ მოატყუონ ხალხი და ამ უღირსი მავნებლობით არ გაანადგურონ ისინი…
ზუსტად იმიტომ, რომ ხვალ სხვა ნინო, ქეთი, ლელა, ანა იქნება და ეს არასოდეს დასრულდება, სანამ თავად ისინი არ დასრულდებიან!
მე ჩემი წილი ომისთვისაც მზად ვარ!” – წერს ქეთი ხოსიტაშვილი.