“11 წელია მეგობრის გამო, ბანკში ყოველ თვეში ვიხდი ფულს”

263

– ვინ არის ზურაბ ცინცქილაძე?

ზურაბ ცინცქილაძე: ბოლო ათი წელია, ვცდილობ, ამ კითხვას პასუხი გავცე, მაგრამ ჯერ ვერ დავადგინე, ვინ არის ზურაბ ცინცქილაძე.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ჯერ არ მიოცნებია ამაზე. ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ დავიწყებ ოცნებას. ახლა, როგორიც მინდა, ისეთია, რაღაც წინააღმდეგობები არის, მაგრამ ვფიქრობ, მათ გარეშე სურვილებს ვერ აიხდენს კაცი. როცა ასეთი ოჯახი, შვილები და შვილიშვილები გყავს, ღმერთს ეხვეწები, იყოს ისე, როგორც არის, უარესი ნუ იქნება.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– თვიდან თვემდე ამას ვაკეთებ, უკვე 11 წელია. მეგობრის გამო ბანკში ყოველ თვეში ვიხდი ფულს და ყოველ ჯერზე მაწუხებს აზრი, როგორ შევაგროვო ეს თანხა, რომ გადავიხადო მისი ვალი, იმიტომ რომ, თავის დროზე რაღაცაზე მოვუწერე ხელი. ის კი მპირდება, არ შეგეშინდეს, რაღაცას ვიზამო, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. ძალიან ცუდი მომენტია, როცა ბანკის კიბეებზე ავდივარ და ვაცნობიერებ, რომ უნდა ამოვიღო ჩემი ნაშრომი და შევიტანო სხვის ნაცვლად.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– უმეტესად სიხარულით მეტირება, განსაკუთრებით, როდესაც ვაჟები მღერიან. ჩემი შვილიშვილი მიღებდა თურმე ვიდეოს, ჩვენები რომ იტალიაში „ჩაკრულოს“ მღეროდნენ და ქვითინი ამივარდა (იცინის). მეუბნებიან, ასაკმა იცისო, მაგრამ ახალგაზრდობაშიც ასე ვიყავი. ტკივილიანი ცრემლების გარეშეც არ მიდის ცხოვრება… ძმა გარდამეცვალა და მახსოვს ის განცდა, რამაც მათქმევინა, რა მწარეა-მეთქი. ახალგაზრდები ვიყავით, სამწუხაროდ, მალე წავიდა ამ ქვეყნიდან.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– არ მინდა მილიონი. მილიონი ადამიანს ცვლის და კაცმა არ იცის, ავი გახდები თუ კარგი. მე ვერ გავუძლებ ამ გამოცდას, არ მინდა. თუ მოგებაა 100 000 მეყოფა. ამ ვალს დავფარავ, თორემ მე მყოფნის ის, რაც მაქვს. საერთოდ, ხომ გაგიგია, ზედმეტობას ნაკლებობა სჯობსო. ვაკვირდები ცხოვრებას და მატერიალურში კი არა, სულიერებაშიც კი არ ვარგა ზედმეტობა. რაც უნდა გემრიელი იყოს საჭმელი, ზედმეტის ნაცვლად ნაკლების ჭამა ჯობს – ეს ცხოვრებამ მასწავლა.

– გინდათ, რომ მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი იყოთ?

– ძალიან. ახლა ფეხბურთს ვუყურებ და რომ ვხედავ, რა კარგები არიან ეს ბიჭები და მთელი მსოფლიო იცნობს. თვითონ მოქმედების დროს ვერც კი გრძნობენ, რომ მსოფლიო ადამიანები არიან. ჩვენი კვარაცხელიაც ზუსტად ამ რანგის არის. ღვთის მოცემული ნიჭითა და დიდი შრომით მიაღწია ყველაფერს და ვერც მის თამაშებზე ვიკავებ ცრემლებს. რასაკვირველია, მინდა, ვიყო ასეთი.

– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი…

– ყველაზე მეტად მტკივნეული ჩემთვის ისევ ის არის, რასაც რამდენიმე წლის წინ მოვაწერე ხელი. თურმე ადამიანი სახლს მართმევს, კარს მართმევს და ასეთ საბუთზე ხელს ვუწერ სიხარულით, იმ ფიქრით, რომ სიკეთეს ვაკეთებ. ხშირად დგება მომენტი, როცა გეკითხებიან – ეს როგორ გააკეთე? ამ შემთხვევაში მე მეუბნებიან – ამაზე ხელი როგორ მოუწერე? ადამიანო, მე როგორ მეკითხები, სიკეთე როგორ გავაკეთეო? ეს იმას უნდა ჰკითხო: როგორ აკეთებ ამას? სიკეთეს ასე როგორ პასუხობ? მაგრამ რატომღაც, ჩვენ კითხვები სიკეთის გამკეთებელთან გვაქვს. რაც უნდა მოხდეს, მე არ გადავალ ჩემი გზიდან. ადამიანებს მაინც ვენდობი, რადგან ნდობის გარეშე ცხოვრება გულის ხეთქვა, საშინელებაა. უმჯობესია, მოგატყუონ, ვიდრე შენ იყო მატყუარა.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– ერთ მეგობარს ვესაუბრებოდი ადამიანზე, რომელსაც ვამხელდი ცუდ საქციელში. თურმე ის ჩემს უკან დგას და მისმენს. ეს რომ დავინახე, კინაღამ სული განვუტევე (იცინის). მაგრამ ისეთი მადლიერი დარჩა თვითონ, ყოველ შემდეგ შეხვედრაზე მადლობას მიხდიდა, რომ სწორად შევაფასე. მაგრამ მე იმ უხერხულობას ვერასდროს დავივიწყებ. მეუბნებოდა, უკეთესი გავხდი იმ დღიდანო, ესე იგი, ის უფრო სულგრძელია. მივხვდი, რომ ასე არ უნდა გაუკეთო სხვას. მიუბრუნდი და მას უთხარი, რომ სწორად არ მოიქცა. მე კიდევ სხვას ვეუბნებოდი.

– მოგიპარავთ რამე?

– როგორ არა. სტუდენტობის დროს წიგნებს ვიპარავდი. ახლაც მაქვს სახლში ეს წიგნები და ზედ მიწერია – მოპარული (იცინის). თან, ახლობლებს ვპარავდი. დღესაც მერიდება მათთან მისვლა, არ იციან ამის შესახებ. ალბათ, ვეტყვი ოდესმე (იცინის). ზოგჯერ ბიბლიოთეკიდან მომქონდა და უკან აღარ ვაბრუნებდი, დავკარგე- მეთქი, ვეუბნებოდი (იცინის). მერე გავიგე ანდაზა: „წიგნის ქურდი ქურდი არ არისო“, მაგრამ ის ანდაზაც ვიცი „ნემსის ქურდიც ქურდიაო“ (იცინის). მომიტევეთ (იცინის).

– ბოლოს რა მოიტყუეთ?

– მივდიოდი ერთ მხარეს და ცოლს ვუთხარი, რომ მეორე მხარეს მივდივარ- მეთქი. მაგრამ, სადაც ვიყავი, იქ ფოტოები გადაიღეს და „ფეისბუქზე“ დადეს. ასე რომ, დღეს განსაკუთრებით დაუმოკლდა ფეხები ტყუილებს (იცინის). იტყვი რამეს და ხელად გამომჟღავნდება.

– სახალისო შემთხვევა პაემანზე…

– არა, მე და ჩემი მეუღლე ძალიან დიდი სერიოზულობით ვხვდებოდით ერთმანეთს (იცინის). სიმართლე გითხრათ, შეყვარებულობისას ძალიან სერიოზული ვიყავი და მის მიმართ განსაკუთრებულად მორცხვი. არავის მიმართ ეგეთი არ ვყოფილვარ. ჩემი მეგობარი – დიმა ჯაიანი მეტყოდა ხოლმე, არ მივდივართ დღეს პაემანზე? კაფე იქნებოდა თუ რესტორანი, მის გარეშე ვერ ვეპატიჟებოდი (იცინის). მე ბათუმში მანდარინის დიდი პლანტაციები მქონდა და ჩემს ოჯახს კარგი შემოსავალი ჰქონდა. სტუდენტობისას მამაჩემი „პაჩკა“ ფულს მომცემდა ხოლმე და ეს არც მერე მაკლდა. ახლა გაფუჭდა საქმე თორემ (იცინის). მოკლედ, დაპატიჟება კი არ იყო პრობლემა, მაგრამ მარტო ვერ მივდიოდი პაემანზე. რომ დავქორწინდით, მაშინ დავრჩით მარტო (იცინის). მეგობრებს ველაპარაკებოდი სიყვარულზე, ამაღლებულ გრძნობებზე, მას კი არა. მასთან რომ ვიყავი, გვერდზე ვიყურებოდი, არ შემეძლო მისთვის თვალებში შეხედვა (იცინის).

– რისი კეთება გიყვართ და რისი არა – ყოველდღიურობაში?

– ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს სკოლებში სიარული და ვატყობ, ძალიან მომწონს ბავშვებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით ვეძიები ანბანთმცოდნეობას, ასტროლოგიას, ტოპონიმიკას. მაქვს კვლევები და შედეგების მიღებას და მის სწავლებას ბავშვებისთვის დიდი ბედნიერება მოაქვს. დიდებისთვის აზრი არ აქვს. ეტყვი და მაინც იმას იმეორებენ, რა იდეოლოგიაც ჩაუბეჭდეს ტვინში წლების განმავლობაში. კაცმა რომ თქვას, ახლა რომ მითხრან, წამოდი, კინო გადავიღოთო, ასეთი ხალისით, როგორითაც ამ საქმეს ვაკეთებ, ვერ მოვეკიდები. თუმცა, არ ვიცი, წინასწარ რთულია თქმა. რაც შეეხება სახლის საქმეებს, მაგალითად, ნათურაა გამოსაცვლელი – ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ხასიათი მჭირდება. თუ ხასიათზე მოვედი, ყველაფერს გავაკეთებ, უნიტაზსაც კი გამოვცვლი. მეხერხება ასეთი რამეები. უხასიათოდ ვერაფერს გავაკეთებ, ვიჯუჯღუნებ. გასაკეთებელი რომ არის რამე, სულ მეჯუჯღუნებიან, ე ბიჭო, როდის გააკეთებო და ვამბობ, რომ აუცილებლად და მართლა გავაკეთებ, მაგრამ, როცა ამის განწყობა მექნება.

– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– ამას წინათ ჩემს შეძლებულ, ბიზნესმენ მეგობართან ერთად სოფელში ავედი, ბათუმთან ახლოს, ჩემს მამულში. იქ სახლის გაკეთება მინდა და ამ ჩემს მეგობარს ვუხსნიდი, როგორი სახლი მინდოდა. ეზოში უზარმაზარი ქვა დევს, ვერ წარმოიდგენთ რამხელაა, სახლისოდენა. ეს ჩემი მეგობარი დაფიქრებული მისმენს და მერე მეუბნება, აი, ეს ქვა ამოვჭრათ ერთი მეტრი ორ მეტრზე, არ გაბრაზდე და აქ რომ შენ დასაფლავდე, რა კარგი იქნებაო. კაცო, სახლის აშენებაზე გელაპარაკები და რა დროს დასაფლავებაა-მეთქი (იცინის). იფიქრა, რომ მომიხდებოდა ამ ქვაში დამარხვა, ფარაონებს რომ პირამიდებში შეასვენებდნენ, დაახლოებით ასეთი რამ წარმოიდგინა (იცინის). მერე ბევრი ვიმსჯელეთ, როგორ ჯობია, ამოვჭრათ ეს ქვა, თუ ამოვტეხოთ (იცინის). მას შემდეგ ვფიქრობ ამ თემაზე (იცინის). ისე, ამას წინათ ტელევიზორში ვუსმენდი, ისეთი მიგნებები გვაქვს, რომ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე 150 წლამდე გახანგრძლივდესო.

– გამხდარხართ დიდი უსამართლობის მსხვერპლი?

– ჩემი გმირი „მევლუდი“ სულ სამართლიანობისთვის იბრძვის. დღეს მთელი სამყარო თავისუფლებისთვის იბრძვის. უნდა ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის, თორემ ქართული ანდაზა გვეუბნება „გიჟია სამართლიანიაო“. დავფიქრდეთ ამაზე. ღმერთი სამართლიანია და არა თავისუფალი. ვიყოთ სამართლიანები ყველას, ცოცხალი თუ არაცოცხალი არსების მიმართ. თუ სამართლიანი ხარ, მაშინ ხარ ღვთის შვილი. მე ბევრი უსამართლობა გადამიტანია. გახლდით მეტეხის თეატრში, რომელიც მეტეხის ტაძრის შენობაში იყო. როცა მივხვდი, რომ ეს არ შეიძლებოდა, მე და ჩემმა მეუღლემ გარკვეული აქტივობები დავიწყეთ, რასაც მერაბ 👇კოსტავა და ზვიად გამსახურდია შეუერთდა. ამის გამო მდევნიდნენ. ეს იყო უსამართლობა. მერე ბათუმის თეატრში ვიყავი და ასლან აბაშიძესთან მეგობრობის გამო, ჩოლოქზე ძლივს გადავასწარი. ყოფილა უსამართლო დამოკიდებულებები ჩემდამი. დღეს ასეთი რამის გამო, ერთი ამბავი ატყდება ხოლმე, მაგრამ მაშინ ჩემ გამო ხმა არავის ამოუღია. თუ ვინმე რამეს იტყოდა, ხელისუფლებისგან არ ელოდა კარგი ბედი. დასაჭერია, გასაგდებია, ჩამოსახრჩობია – ასეთ წერილებს წერდნენ ჩემზე. რა არ მაქვს გამოვლილი… კინაღამ დასახვრეტად გამიშვეს (იცინის).