მომღერალ ნუცა შანშიაშვილის შემოქმედებაშიც და პირად ცხოვრებაშიც გვერდით მუდამ ერთი მამაკაცი დგას. თემურ ტაგიევი მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულია. წყვილი შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. უცნაურია, მაგრამ ნუცა ამბობს, რომ 3 წლის ასაკში უკვე წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრების საყვარელი მამაკაცი, მისი სახელიც კი იცოდა. სამშობლოზე, რომელიც სულ ენატრება, ოჯახსა და სიყვარულზე ნუცა ,,სარკესთან” საუბრობს:
– სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რა ხდება თბილისში, ფიქრებით სულ აქ ვარ. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი ნევროზი მაქვს, მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. მენატრება ის, რასაც ვერც აღვწერ – თბილისის ჰაერი, ატმოსფერო… სიყვარულის ენერგეტიკა მიზიდავს. ამ ყველაფერს სხვაგან ვერსად ვპოულობ.
– რას ნიშნავს თქვენთვის „სიყვარულის ენერგეტიკა”?
– თბილისში ხელოვნებითა და სიყვარულით ვიმუხტები. წარმოიდგინეთ, როდესაც გაქვთ უზარმაზარი სასახლე და იმ დიდ სივრცეში შენი პატარა ოთახი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, სადაც ყველაზე ტკბილად იძინებ. ასეა ჩემთვის თბილისი, ამ ქალაქში მე ყველაზე კარგად მძინავს.
– ანუ თბილისი ის ადგილია, სადაც, ყველანაირი გაგებით, ისვენებთ?
– ძალიან ბევრი ხელოვანი მაკავშირებს საქართველოსთან და, ბუნებრივია, როცა ჩამოვდივარ, ვცდილობ, მათთან მუშაობითაც ვისიამოვნო.
– ერთხელ აღნიშნეთ, რომ თქვენმა მომავალმა ქმარმა პირველად რუსულ სერიალში გნახათ შიშველი და მოეწონეთ. მაშინ უთქვამს, ეს ქალი ჩემი უნდა გახდესო. როდის შედგა თქვენი შეხვედრა?
– ნამდვილად ყველაფერი ასე დაიწყო. მე და ჩემი მეუღლე, თემურ ტაგიევი, სანამ უშუალოდ გავიცნობდით ერთმანეთს, ის უკვე მიცნობდა, ესწრებოდა ჩემს კონცერტებს, უყურებდა ჩემს ფილმებს. ერთმანეთი ნიუ იორკში გავიცანით და ჩვენ შორის მას შემდეგ დაიწყო რომანი.
– როგორი პიროვნებაა თემური, რა გიყვართ მასში?
– ძალიან თბილი და არაჩვეულებრივად მზრუნველი ადამიანია. გადაჩვეული ვიყავი გვერდით მყოფი ადამიანების მხრიდან მზრუნველობას, სულ მე ვზრუნავდი ყველაზე, ამიტომაც ჩემთვის ეს ძალიან დიდი აღმოჩენა იყო. ჩემ გამო ბევრი რამ დათმო.
– მას რა მოსწონს ყველაზე მეტად თქვენში?
– თავისუფლება, ის, რომ მე მას ვაძლევ აბსოლუტურ თავისუფლებას, არანაირად ვზღუდავ. სიყვარულში ყველაზე მთავარი ფაქტორი სწორედ ეს არის. მან ჩემში, პირველ რიგში, მეგობარი დაინახა, შემდეგ – ქალი, მომღერალი და ბიზნესობიექტი.
– თქვენი ურთიერთობა თავისუფალია თუ ოფიციალურად ხართ ცოლ-ქმარი?
– კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვაწერეთ ხელი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სიყვარულს შტამპი არ სჭირდება. უბრალოდ ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ ბევრ პრობლემას მოგვიგვარებდა საქმიანობასთან დაკავშირებით.
– რა ეტაპები გაიარა თქვენმა ურთიერთობამ, გქონდათ კრიზისული პერიოდები?
– ყველა ურთიერთობაში არსებობს კრიზისი, თუმცა ყველაფერი შეფარდებითია – ვიღაცისათვის ეს კრიზისი განშორების დონემდეა მისული, ვიღაცისთვის კი კარტოფილის გაფცქვნის პრობლემამდეა დასული. საბედნიეროდ, ჩვენი კრიზისი შეიძლება იყოს კითხვა: „სად არის ჩემი ჩუსტები?”. ჩვენ მხოლოდ ელემენტარულ სისულელეებზე შეიძლება ვიკამათოთ.
საერთოდ, თემური რადიკალური პიროვნება არ არის. თუ ჩვენს ურთიერთობაში გლობალური პრობლემები შემოვა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ და არ ღირს ერთად ცხოვრება.
– თემურმა, მასთან ცხოვრებამ პიროვნულად შეგცვალათ?
– ალბათ უფრო დამაწყნარა და ბედნიერება მომანიჭა. ამაზე ლაპარაკი მიჭირს, რადგან არ მიყვარს წერტილის დასმა. როცა გამოგაქვს გარკვეული დასკვნა, ესე იგი უკვე რაღაცები წარსულია. ამიტომ იმედი მაქვს, რომ თემური ჩემს ცხოვრებაში კიდევ მეტ ბედნიერებას შემოიტანს.
– როგორც აღნიშნეთ, მოგწონთ, თუ როგორ ზრუნავს მეუღლე თქვენზე. მზრუნველობაში რა იგულისხმეთ?
– კონცერტებით მანებივრებს, იცის, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სცენაზე დადგომაა. ყოფით ცხოვრებაში კი ზრუნავს სიყვარულით, სითბოთი, თანადგომით. საერთოდ, ძალიან დახურული ადამიანი ვარ. მაქვს ჩემი სამყარო, რომელსაც არც ქმარს ვუზიარებ. ბუნებრივია, მასაც აქვს თავისი სამყარო. ერთმანეთს ამ სამყაროში არ ვუძვრებით. იცით, რატომ ვუგებთ ერთმანეთს ასე კარგად? მარტოსული ადამიანები ვართ, რომლებსაც გვაერთიანებს ერთი მთავარი – სიყვარული.
თემური ხშირად მიძღვნის ულამაზეს სამკაულებს და ბრილიანტებს. ყოველ დაბადების დღეზე ყოველთვის ექსკლუზიურ სამკაულს მჩუქნის. კაჭკაჭივით ვარ, ბრჭყვიალა რაღაცები მიზიდავს. ვყიდულობ ბევრ სამკაულს, მაგრამ შემდეგ ვდებ და არ ვხმარობ. სცენაზე კი საერთოდ ვერანაირ სამკაულს ვერ ვიტან – ვერც საყურეს, ვერც ბეჭედს. ბევრს ვმოგზაურობთ, რომ ვიყოთ ბედნიერები.
– თქვენ როგორ ზრუნავთ ქმარზე?
– გემრიელ საჭმელებს ვუკეთებ. ყველაზე მეტად გემრიელი ჭამა უყვარს და ვცდილობ, ამ მხრივ იმედები არ გავუცრუო. გიჟდება ხინკალზე, ამიტომ მეც ვამზადებ, მაგრამ ძალიან რთული გასაკეთებელია და ამისთვის ხშირად ვერ ვიცლი.
– ალბათ ამ ბედნიერ სიყვარულამდე იყო ტკივილიც, იმედაგაცრუებებიც…
– კი, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, არც ერთ შეხვედრას, არც ერთ გაღიმებას, არც ერთ კოცნას და დაწერილ ლექსს. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ხდებოდა იმისათვის, რომ საკუთარ თავში გადამელახა ტკივილი და მივსულიყავი ბედნიერებამდე.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეულია ის ეტაპები, როდესაც საყვარელი ადამიანები დავკარგე. როცა ადამიანი კვდება, აქ დარჩენილები იმას კი არ დასტირიან, ვინც მოკვდა, არამედ საკუთარ თავს, როგორ ვიყო ამ ადამიანის გარეშეო. ხანდახან ვგრძნობ, რომ ამ დანაკარგებს დღემდე ვერ მოვერიე.
– თემური არის ის მამაკაცი, ვისაც ყოველთვის ელოდით თუ მანამდე სხვა ტიპის მამაკაცები მოგწონდათ?
– ალბათ მთელი ცხოვრება თემურს ვეძებდი. ბავშვობაში მქონდა სუპერბიჭის თოჯინა, რომელიც ყველაზე ძლიერი იყო და ყველა ბრძოლაში იმარჯვებდა. რატომღაც ამ ჩემს გმირს თემური დავარქვი. 3 წლისამ უკვე ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრების გმირი თემური იქნებოდა. საოცარი ისტორიაა. სათამაშოების მიხედვით წარმოსახული მყავდა ის ადამიანები, ვინც დღეს ჩემ გვერდით არიან. როცა მე და თემური რაღაცაზე ვკამათობთ, სულ მეუბნება, ნუ გგონია, რომ შენი თოჯინა ვარო.
– ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. მართლაც ასეა თუ ილუზიაა?
– სიყვარულში ძალიან სუსტი ქალი ვარ, საქმეში კი – ძალიან ძლიერი. როცა მიზანს დავისახავ, ძალები თავისთავად მემატება.
– რას ფიქრობთ ღალატზე, თქვენი აზრით, ამ ნაბიჯზე როგორი ადამიანები მიდიან?
– ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, არასდროს უნდა თქვა, რომ ეს შენ არ დაგემართება. ღმერთს ვთხოვ, გული და ტვინი ისე არ ამირიოს, რომ საყვარელ ადამიანს ვუღალატო.
– რატომ ხდება, რომ ქალს უყვარს, მაგრამ მაინც ღალატობს?
– ქალს არა მხოლოდ სიყვარული და ქმარი სჭირდება. ქალს საკუთარი საქმეც უნდა ჰქონდეს. როცა ეს ორიენტირი არ გაქვს, როგორც უნდა გიყვარდეს შენი მამაკაცი, გარკვეული დისკომფორტი მაინც არის. ზოგი ამ დროს მიდის ღალატზე, რადგან ჰგონია, რომ რაღაცას იპოვის, მაგრამ სინამდვილეში უარესი ემართება.
– თქვენთვის თუ უღალატიათ?
– კი, ჩემს ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევა, როცა საყვარელ ადამიანს უღალატია. ამ დროს საოცარი ტკივილი მიპყრობს. ვჯდები, ვწერ სიმღერას და ვმღერი. საერთოდაც, ყველანაირი ტკივილი და სიყვარული ხელოვნებაში გადამაქვს.
– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საზოგადოების აზრი?
– არასოდეს მინანია ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. თუ რამე შემეშალა ცხოვრებაში, ისიც საჭირო ყოფილა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, რა იყო შეცდომა. ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, რას იტყვის საზოგადოება. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი არსებობს და ყველას თუ მოუსმინე, ცხოვრებაში ვერაფერს გააკეთებ.
– რას აკეთებთ იმისთვის, რომ კარგი ფორმა შეინარჩუნოთ?
– ყოველი დილა ჩემთვის უცვლელია – ვდგები და ვიწყებ იოგას ვარჯიშებს. შემდეგ ვლოცულობ და ვფიქრობ დღის განრიგზე. ლოცვა სულისათვის არის კარგი, იოგას ვარჯიშები კი – სხეულისთვის. თანაც იოგას იმდენად სასიამოვნო ვარჯიში აქვს, რომ სიამოვნებასაც იღებ. ყოველდღე ვაკეთებ ვარჯიშს, რომელსაც ჰქვია ,,სურია ნამასკა”, რაც მზის მისალმებას ნიშნავს. ეს ამოძრავებს მთელ სხეულს და ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს.
– დიეტომანიით შეპყრობილი არასოდეს ყოფილხართ?
– რას ამბობთ?! მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ, მაგრამ არ ვშიმშილობ. მიყვარს დანაწევრებული კვება, გემრიელ კერძზე უარს ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ მომიტანეს ჩახოხბილი, უბრალოდ მას პურს აღარ მივაყოლებ. სარკესთან ზედმეტი კილოგრამების გამო არასოდეს ვეჩხუბები ჩემს თავს, არასოდეს უნდა ებრძოლო საკუთარ თავს. როდესაც ადამიანი მიზნად დაისახავს, რომ უნდა დაიკლოს, არ უნდა შეჭამოს, მას გაცილებით საშინელი რაღაცები ემართება.
წყარო: „სარკე”, არქივი