მომღერალი სოფო ბედია ჟურნალ ,,სარკესთან” საუბრობს იმ სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც მოუხდა შოუბიზნესში, ასევე იმ მნიშვნელოვან ადამიანებზე, რომელთა გვერდითაც ბედნიერია.
-სოფო, წლების წინ როგორ მომავალზე ოცნებობდით და მიიღეთ თუ არა ის შედეგი, რაც გინდოდათ?
– მადლობელი ვარ ღმერთის და ნამდვილად არ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. ძალიან ბევრმა ადამიანმა შემიყვარა და მათ მხარდაჭერას ხშირად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ჩვენს პროფესიაში არის გულისტკენა, შური, დაბლოკვა… შოუბიზნესში ასეთი ბრძოლები სულ არის, მაგრამ, იცით, ჩემი “კოზირი” რა არის? მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, სულ ვცდილობ, ახალი შევქმნა, მიუხედავად იმისა, დამიძახებენ თუ არა რომელიმე კონკრეტულ კონცერტზე.
ვერ მოგატყუებთ და ვიტყვი, რომ ბევრჯერ აღმოვჩენილვარ უსამართლო მდგომარეობაში და გული დამწყვეტია იმის გამო, რომ კონცერტზე არ მივუწვევივარ. გათავისებული მაქვს, რომ ,,ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მათაც კი, ვისაც არ უნდათ, რომ სცენაზე გამოვჩნდე. ძალიან მეგოიმება შური და ერთმანეთთან ბრძოლა. ვთვლი, რომ ამ სფეროში ყველას შეუძლია, აკეთოს თავისი საქმე. ჩემი დევიზია: თუ არ შეგიძლია, ვინმეს დაეხმარო, არც საქმე უნდა გაუფუჭო.
– თქვენი ვოკალით ნებისმიერ ქვეყანაში დიდ წარმატებას მიაღწევდით. გქონდათ შანსი, რომელიც ვერ გამოიყენეთ?
– ბევრი შემოთავაზება მქონია უცხოეთის პრესტიჟული კონკურსებიდან. იყო შანსები, რომ სხვა ქვეყანაში ამეწყო კარიერა, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია. იმ დროს, როდესაც მქონდა ამის შანსები, ხელისშემშლელი იყო ჩემი პირველი ოჯახი, მერე ბავშვი ვერ დავტოვე. ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მატარებელი ჩაგიქროლებს, ამ დროს უნდა შეახტე.
რაღაცების გამო ვერ გადავდგი ის ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო პერსპექტივებს მომცემდა, მაგრამ არც ახლა ვფიქრობ, რომ ბებერი ვარ საერთაშორისო კონკურსებისთვის. ძალიან ბევრი მიწვევა მაქვს საბერძნეთში, ისრაელში. მე არ შემიძლია, სხვაგან ვიცხოვრო, ამიტომ მაკმაყოფილებს ის, რასაც ჩემს ქვეყანაში მივაღწიე.
– რას ნიშნავს თქვენთვის თითოეული განვლილი წელი? ზოგისთვის ხომ ასაკის მატება მტკივნეულია, ზოგისთვის – პირიქით, ეს ახალ გამოწვევებს ნიშნავს.
– ასაკს არ ვმალავ, 37 წლის ვარ. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ 20 წლის გოგოზე უფრო დიდი ვარ. გავიზარდე უფრო გონებრივად. ცხოვრების გამოცდილებამ მეტი დადებითი მომიტანა. ბევრი რამ გადავაფასე და უფრო სწორად მიმყავს ჩემი ცხოვრება. სულით, გულით და სიხალასით ისევ თინეიჯერი პატარა გოგო ვარ.
– ანუ კარს მომდგარი 40 წელი არ გაშინებთ?
– ეს არის ჩემთვის მხოლოდ რიცხვები, მაგრამ არ დაგიმალავთ, ადრე სხვანაირად ვფიქრობდი. 20 წლის რომ ვიყავი, 40 წელი მაშინებდა, მაგრამ, როცა კართან მომადგა შემოდგომა, აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ციფრებია. რაც წლები გადის, უფრო და უფრო ვლამაზდები და რატომ უნდა მეშინოდეს ასაკის?!
– როგორია თქვენი ოჯახური გარემო, თქვენ უფრო განებივრებენ თუ პირიქით, ამას თქვენგან მოითხოვენ?
– ჩემი სილამაზისა და ბედნიერების საიდუმლო სწორედ ჩემს ოჯახშია. ქალი როდესაც ბედნიერია მეუღლით და შვილებით, ის ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურება. მე ისეთი ქმარი მყავს მიშას სახით, რომ მართლა ვერაფერზე დავიწუწუნებ. რაც მთავარია, პირველი გულშემატკივარია ჩემს პროფესიაში. ბევრ ფასეულობასთან ერთად მიშაში სწორედ ამას ვაფასებ განსაკუთრებულად, რომ შეუძლია, ყველანაირად შემიწყოს ხელი, ჩემი საქმე ხარისხიანად ვაკეთო. შვილების სახითაც ძალიან დიდი გულშემატკივრები მყავს, რაც ჩემთვის უდიდესი სტიმულია.