ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“პოლიტიკური შიზოფრენიის ზღვარზე ვართ, მგონი!
გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს გაუგონრად აბულინგებენ, აბულინგებენ საქმეში დაზარალებულ არასრულწლოვნებსაც. ვიმეორებ, დაზარალებულებს და მათზე ენითაღუწერელ ღვარძლსა და ბოღმას ანთხევენ…
ორკესტრირებულად, საშინელი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება იმ ბიჭებზე, ვინც ამ შემზარავ დანაშაულს ცოცხლები გადაურჩნენ – ცალკე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს კლავენ ხელახლა, ცალკე – დაზარალებულებს.
არ მგონია, ასეთი რამ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში ხდებოდეს… დღეს არც არასრულწლოვანი დაზარალებულებისა და არც გარდაცვლილის ოჯახის მიმართ განხორციელებული ზეწოლა, ბულინგი რატომღაც არც სახალხო დამცველს ახსენდება და არც – რომელიმე უფლებადამცველ ორგანიზაციას.
ფორმალურადაც კი არ აღშფოთებულან!
ამ დღეებში უამრავი ტყუილი ითქვა – ამ ტყუილებსაც ზოგიერთი მედიასაშუალება, ექსპერტები თუ პოლიტიკოსები შეგნებულად, ორკესტრირებულად ავრცელებენ.
მათი მხრიდან იმდენად დიდია ხელისუფლების შერყევის სურვილი და ამ საქმეში „ხელისუფლების დანაშაულის ლუსტრირება“, რომ თვით ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების ფაქტიც კი გადაფარა…
ამასობაში, ვიღას ახსოვს ახლა შაქარაშვილი, მისი ოჯახის ტრაგედია და ვინ ფიქრობს, რას შეიძლება, ისინი გრძნობდნენ როლში შეჭრილი ჩვენი დროის მიუნჰაუზენების იაფფასიანი ზღაპრების მოსმენისას…
მე არ ვარ გამომძიებელი და ზოგიერთებივით ვერც ექსპერტ-კრიმინალისტობას დავიბრალებ, საქმე მსვლელობაშია – ჯერ არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება და პროცესში, როცა ვერსიებზე ვსაუბრობთ, ყველას ძალიან დიდი სიფაქიზე გვმართებს…
მით უმეტეს, უკვე არაერთი ფაქტის მომსწრენი გავხდით, როცა მტკიცებით ფორმაში გაჟღერდა ვარაუდები და მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. ყველას, ალბათ, ვერ გავიხსენებ, თუმცა, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ვფიქრობ, ესენი იყო:
▶️ ტყუილი 1: ცრუ აღმოჩნდა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შაქარაშვილს თავის ქალა და ძვლები ჰქონდა დამტვრეული, ყური ჰქონდა მოჭრილი. ეს ინფორმაცია გარდაცვლილის ბიძამ მალევე კატეგორიულად უარყო ;
▶️ ტყუილი 2: ტყუილი აღმოჩნდა თავდაპირველი ინფორმაცია, თითქოს, მცხეთაში, აგარაკზე პოლიცია გამოიძახეს და მათ რეაგირება არ მოახდინეს;
▶️ ტყუილი 3: სიმართლეს არ შეესაბამებოდა მტკიცებით ფორმაში გაცხადებული ვარაუდი, თითქოს, თავდამსხმელებისგან მიმალულმა ფოტოგრაფმა შემთხვევის ადგილიდან ნინო გიორგობიანს დაურეკა და ამ უკანასკნელმა ნათესავს მანქანა გაუგზავნა, რომ ადგილიდან გაერიდებინა;
▶️ ტყუილი 4: შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ტყუილი უწოდა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა იაკობ ბრეგვაძე თბილისში „შკოდას“ ტიპის ავტომობილით ჩამოიყვანა და თქვა, რომ კადრები, სადაც ვითომდა „შკოდა“ მოძრაობს და ავტომანქანაში ისვამენ მოქალაქეებს, სინამდვილეში არის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი და არის ტაქსი. აღმოჩნდა, რომ გელაშვილი ამ დროს ქარელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა;
▶️ ტყუილი 5: ისიც ტყუილი იყო, თითქოს, პოლიციამ მორაგბეების ვინაობა შეგნებულად დამალა, როდესაც ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს და ცხელ კვალზე განზრახ არავინ დააკავეს; ძალიან მალე გაირკვა დაკავებულების შესახებ და საქმეზე უამრავი პირიც დაიკითხა;
▶️ ტყუილი 6: იცრუეს, როცა თქვეს, რომ საქმეში დაზარალებული ვახო ახვლედიანი გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი იყო. სინამდვილეში, მათ ერთმანეთი წვეულებაზე გაიცნეს;
▶️ ტყუილი 7: ახვლედიანის ოჯახმა ახლახან ერთერთი არხი ტყუილში ამხილა, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში ატრიალა, თითქოს, მან ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ თავდამსხმელებს მისი ცემა აშკარად არ უნდოდათ;
▶️ ტყუილი 8: ახვლედიანის ოჯახის ინფორმაციითვე, ზოგიერთმა ტელეკომპანიამ მაშინაც იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ დაზარალებული პირველივე წამებიდან აგარაკის კიბეებთან მომხდარი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი იყო, ვახო ახვლედიანი ერთერთმა არხმა გადაცემულ კადრებში „შეცდომით“ მონიშნა წითელი რკალით. თუმცა, როგორც მისი ოჯახი აცხადებს, ვახოს შემთხვევის დღეს შორტი ეცვა, იმ კონკრეტულ ეპიზოდში მონიშნული ახალგაზრდა კი შარვლით იყო;
▶️ ტყუილი 9: სიცრუე აღმოჩნდა, თითქოს, რამდენიმე წლის წინ პოლიციამ ბერა ივანიშვილის ე.წ. მეგობარი, ავთანდილ ბილანიშვილი გარკვეული დანაშაულისთვის დააკავა, მაგრამ, გავლენიანი მფარველის ჩარევით, პასუხისმგებლობას განარიდა. სინამდვილეში, გაირკვა, რომ 2014 წელს ბილანიშვილმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, რის გამოც ის სასამართლომ დააჯარიმა;
▶️ ტყუილი 10. და სულ ახლახან გაირკვა, რომ დიდუბეში „კადრებში ამოცნობილი“ „კაწრო“ სინამდვილეში ხაშურელი ხელოსანი ლაშა ლურსმანაშვილი ყოფილა.
ამ სენსიტიური საქმის გარშემო მიმდინარე დღეებში გამოკვეთილი კიდევ ბევრი ტყუილი ითქვა… “ბულინგის მამების“ მიერ ორკესტრირებული სიცრუის კამპანია კი გრძელდება.
მერე რა, რომ გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას ენდობა;
მერე რა, რომ დაზარალებულები დღეს დამნაშავეებად გამოჰყავთ;
მერე რა, რომ მათ უფლებებზე არავინ ფიქრობს;
მერე რა, რომ…
ერთადერთი გამოსავალი, ვფიქრობ, საქმის დროულად გახსნაა და იმედი მაქვს, ამ ზღვარგადასულ ისტერიკას დამნაშავეების გამოვლენა და მათი დასჯა დაასრულებს.
თუმცა, როდის დასრულდება ეს ყოვლად სამარცხვინო ბულინგი და პოლიტიკური სპეკულაციები? როდის დადგება დრო, როდესაც ქვეყანაში მთავარი იქნება მხოლოდ ის, ვინც მთავარია – ადამიანი!”