”დედაჩემისთვის ეს ძალიან დიდი ტრავმა გამოდგა… არასოდეს გაიმეოროთ ჩემი შეცდომა”

254

მწერალსგიორგი კეკელიძეს ცოტა ხნის წინ რთული პერიოდი დაუდგა, გადაწყვიტა, რომ ამქვეყნად ცხოვრება აღარ ღირდა, მაგრამ გადარჩა და ახლა სხვების გადარჩენაზე ფიქრობს. ამბობს, რომ რომანს წერს, სადაც საკუთარ და მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების ამბებზე მოგვითხრობს.

გიორგი კეკელიძე:ახლა მაქვს პოსტდეპრესიული ეტაპი, რომელიც გულისხმობს გარკვეული ძნელი ინერციების ნელ-ნელა დაძლევას და ახალი ამბების დაწყებასაც. შფოთვითი აშლილობების ნაწილი ჯერ კიდევ შემორჩენილია, მაგრამ ამ ყველაფრის მართვა ვისწავლე და, შესაბამისად, ცხოვრების ყოველდღიურ რუტინაში ხელს ძნელად მიშლის, მიუხედავად პერიოდული მცირე ჩავარდნებისა. ეს არის რაღაც ახალი და იმედი მაქვს, დიდი აღმართის დასაწყისი.

– რას ურჩევთ მათ, ვისაც რთული პერიოდი უდგას?

– თქვენი ჟურნალის მკითხველს, მინდა, ვუთხრა, რომ ბრძოლას არა მხოლოდ აზრი აქვს, აუცილებელია, რადგან ნებისმიერი ბრძოლა ნებისმიერ მენტალურ დაავადებასთან, საბოლოო ჯამში, სრულდება გამარჯვებით, თუ ჩვენ გვყავს სწორი მმართველი ექიმები და გვაქვს სწორი დანიშნულება, რამაც ფონს უნდა გაგიყვანოს. ამის მერე უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ნებელობა, ანუ საკუთარ თავში ძალების მოძებნა, რომელიც, თავის მხრივ, უნდა შეერწყას სწორი მკურნალობის კურსს.

ყველას მოვუწოდებ, არასოდეს გაიმეორონ ისეთი შეცდომა, რომელიც მე დავუშვი. ყველაზე არასწორია, როდესაც შენ შენი გადაწყვეტილებით ტოვებ ყველაზე მნიშვნელოვანს და ძვირფასს, სიცოცხლეს, მაგრამ ეს მოწოდება არის სრულიად ფუჭი, თუ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი სერვისები.

ჩვენ რაც უნდა მაღალფარდოვანი სიტყვებით ველაპარაკოთ და ხატოვანი ფრაზებით მოვუწოდოთ სიცოცხლეში დარჩენისკენ, ეს მიდგომა არ გაამართლებს. ჩვენ მათ სწორი მკურნალობა უნდა შევთავაზოთ და რეალურად ამით ვიხსნათ მათი სიცოცხლეები. ეს სრულიად შესაძლებელია.

ხატოვანი გამოთქმები დეპრესიის დროს არ მუშაობს. როდესაც ღრმა დეპრესიაში ხარ და შფოთვითი აშლილობები გტანჯავს, “თავს შემოუძახე”, “თავი ხელში აიყვანე” და ა.შ. პირიქით, გამაღიზიანებელია, რადგან არავის უფრო მეტად არ უნდა თავის ხელში აყვანა და იქიდან გამოძრომა, როგორც დეპრესიაში მყოფს შფოთვითი აშლილობებით. უბრალოდ, ის ვერ ახერხებს ამას და სჭირდება განსაკუთრებული მკურნალობა.

– რა განცდაა, როდესაც გადარჩები და აღმოაჩენ, რომ ყველას უყვარხარ.

– ის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს. ერთი თვე ტელეფონი არ მქონია. ორი კვირა საავადმყოფოში ვიწექი და მერე სახლშიც ტელეფონის გარეშე ვიყავი. უკიდურესად რუტინული დღეები იყო და სრულიად ამოვარდნილია მეხსიერებიდან…

დედაჩემისთვის ეს ძალიან დიდი ტრავმა გამოდგა. ამ ნაბიჯით შენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, ბევრ გარშემომყოფსაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არასწორი ნაბიჯია, ვიმეორებ, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ სწორი მკურნალობა ადასტურებს. ისევე, როგორც წარმოუდგენელია, ფეხმოტეხილ ადამიანს აიძულებდე, სპრინტერულ რბოლაში მიიღოს მონაწილეობა, ასევე შეუძლებელია, რომ ადამიანს, რომელსაც ღრმა დეპრესია აქვს, რაღაც ტიპის ჩვეულებრივი მოქმედებებისკენ მოუწოდებდე.