“სარკეში როცა არ ვიხედები, თავი 26 წლის მგონია”

296

მსახიობების, ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის, ოჯახური ცხოვრება 32 წელს ითვლის, მანამდე კი იყო 9-წლიანი მეგობრობა. მყარი ოჯახური თანაცხოვრების პარალელურად, ორივემ მოახერხა რეალიზებული ყოფილიყო თავის პროფესიაში და მაყურებლისთვის თავი შეეყვარებინა.

ნინო თარხან-მოურავი: მსახიობი შემთხვევით გავხდი. დედაჩემმა შეიტანა ჩემი საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში. მე უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, საერთოდ სხვა რამე მინდოდა, მაგრამ თეატრალურის გამოცდები უფრო ადრე, ივნისში ტარდებოდა, უნივერსიტეტის – აგვისტოში. გავედი და ასე, შემთხვევით ჩავაბარე თეატრალურში. მე დასავლეთევროპულ ენებს ვსწავლობდი და ძალიან მინდოდა დიპლომატი გამოვსულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა.

– გაგიჭირდათ დედის გადაწყვეტილებასთან შეგუება?

– არა, იმიტომ, რომ გამოცდებზე სიარული რომ დავიწყე, აზარტმა შემიპყრო. ამ პროცესმა და პროფესიამ დამაინტერესა, თუმცა, ჩემი სურვილი დიპლომატობის შესახებ მთელ ჩემს ცხოვრებას გასდევს ლაიტმოტივად (იცინის). მერე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული თეატრალური ცხოვრება გავიარე და ბევრი აღარ მიფიქრია ამაზე. როცა ჩავფიქრებულვარ, იმ დასკვნამდე მივსულვარ, რომ ალბათ, ასე ჯობდა.

– ბავშვობაში გქონდათ მსახიობობისადმი მიდრეკილება?

– არა, არანაირად. ძალიან მორცხვი და მორიდებული, „სახლის ბავშვი“ ვიყავი, ეზოშიც კი არ მიშვებდნენ და ამიტომ ჩემთვის ეს მართლა ძალიან დიდი სტრესი იყო. სტრესთან ერთად იყო მარწუხებიდან გათავისუფლება. ეს პროფესია პიროვნულადაც დამეხმარა, თუმცა ძალიან გამიჭირდა. ყველაფერი ერთად იყო. ადამიანებთან ურთიერთობა ვისწავლე, უფრო სოციალური გავხდი. ეტყობა, ბუნებით ძალიან ასოციალური ტიპი ვარ. არ მიყვარს ხალხმრავლობა, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც ძალიან გასაკვირია ჩემი პროფესიის ადამიანისგან.

– ამ პროფესიამ შეგახვედრათ თქვენი ცხოვრების მთავარ ადამიანსაც.

– დიახ, სხვა შემთხვევაში ჩემს მეუღლეს ვერ შევხვდებოდი (იცინის). ჩვენ ერთმანეთს ინსტიტუტში შევხვდით, მაგრამ წლების შემდეგ, უკვე თეატრში ვიყავით, როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩვენ ძალიან დიდხანს ვმეგობრობდით. ჩემი მეუღლე ჩემზე ერთი კურსით ქვემოთ სწავლობდა. მერაბ ნინიძე იყო ჩვენი საერთო მეგობარი და სულ ერთად ვატარებდით დროს. სტუმრად დავდიოდით, ვერთობოდით და ასე შემდეგ. ცხრა წელი ვიყავით კარგი მეგობრები და მერე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობა არ იყო. „ანა ფრანკის დღიურებში“ ვთამაშობდით ორივე ერთად. მე ანას ვთამაშობდი, თემიკო – პიტერს. ანას და პიტერს ერთმანეთი უყვარდებათ და ამ დროს ჩვენც უცებ მივხვდით, რომ თურმე, ერთმანეთი გვყვარებია. ერთ მშვენიერ დღეს მკითხა, ცოლად ხომ არ გამომყვებიო და მეც ვუთხარი, კი, როგორ არა-მეთქი (იცინის). ეს გადაწყვეტილება მალე მივიღეთ, რადგან ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით. მე მგონია, რომ მეუღლეობასთან ერთად, მეგობრებადაც დავრჩით… მთელი ცხოვრება.

– როგორია ორი მსახიობის თანაცხოვრება?

– მე მგონი, ერთ ოჯახში ორი მსახიობი უკეთ გაუგებს ერთმანეთს, ვიდრე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. საერთოდ, ცოლქმრული ურთიერთობა ძალიან რთულია. ეს პროფესიაზე არა, უფრო ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ დავუშვათ, რასაც ვერ გაიგებს არამსახიობი ქმარი ჩემი, როგორც მსახიობის დღის რეჟიმიდან და როგორც მე ვერ გავიგებდი, რატომ შეიძლება ადამიანი დილის ოთხ საათამდე იყოს რეპეტიციაზე, მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, იმას გაიგებს მსახიობი მეორე ნახევარი. მე მგონია, რომ ამ მხრივ, მსახიობების ცოლქმრობას პლუსები აქვს. ურთიერთობის რაღაც მომენტში ყველა გადადის პასიურ ეტაპზე. ცხოვრება ასეთია, ხან აღმა ადიხარ, ხან დაღმართზე ჩამოდიხარ, ხანაც ერთ ადგილას დგახარ. მაგრამ ეს ასეა ყველა პროფესიაში. ადამიანი ყველა პროფესიაში ეძებს გზას, იმისთვის, რომ იყოს შემდგარი. შემდგარი შეიძლება იყო სახლშიც, სცენაზეც და საცხობშიც, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, მგონია, პროფესია, ამ მხრივ, ნაკლებად არის განმსაზღვრელი.

– სახლური თქვენი მეუღლე როგორია?

– ეკრანზე სხვადასხვა ადამიანს თამაშობს, სახლში ის არის, როგორიც რეალურად. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია, რადგან ჩემი მეუღლეა (იცინის). ჩვეულებრივია, მე მაკმაყოფილებს და „მაწყობს“ როგორიცაა (იცინის).

– თვითონ რას ამბობს თქვენზე, როგორი მეუღლეაო?

– ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ბევრი ლაპარაკი გვიყვარს. სახლში რაც ხდება, ალბათ, გარეთ გასატანი არ არის, ოჯახი ოჯახია. მაგრამ ალბათ, ისიც კმაყოფილია, ჯერ არ დაუწუწუნია (იცინის).

– რამდენი წელია, რაც ერთად ხართ და რა არის თქვენი ამდენწლიანი ურთიერთობის სიმყარის მიზეზი?

– თეატრის მეგობრობის წლებს თუ არ ჩავთვლით, 32 წელია, ერთად ვართ. ეს ადამიანის ბუნებაზე არის დამოკიდებული. ადამიანი ან არის ერთგული, თავდადებული და მოსიყვარულე ან გაფანტული, მოსეირნე და მექალთანე. არ ვიცი, რა არის ჩვენს შემთხვევაში მთავარი. ჩემთვის ის ყველაზე ახლობელი ადამიანია. ჩვენ ერთად ბევრი გაჭირვებაც ვნახეთ, ბევრი გამარჯვებაც, სიხარულიც და სევდაც. რომ ამბობენ, ერთნი ვართო, შეიძლება, უკვე გავხდით ერთნი. თუმცა, შეიძლება, კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს. არ ვიცი. მეუღლე ჩემი ცხოვრების განუყოფელი მეგზური და მეგობარია.

– კრიზისული პერიოდები გამოსცადეთ?

– ეგ ყველას აქვს. ოჯახში მშობლებთან ერთად რომ ცხოვრობ, მათთანაც დგება ეს მომენტი. ადამიანები ხან ვკამათობთ, ხან ერთად ვიცინით. მეგობრობა კი ისაა, რომ ერთმანეთს გაუგოთ და რაღაც ეტაპზე, რომელიღაც თმობს, რადგან გრძნობს, რომ უნდა დათმოს. ან იუმორში გადაჰყავს კონფლიქტი. მოკლედ, ბევრი გზა არსებობს.

– დიდი შვილი გყავთ, ჰგავს მშობლებს?

– კი, ჩვენი შვილი ძალიან დიდია, თეატრისა და კინოს მხატვარია, სცენოგრაფი. თავის ოჯახი აქვს. ჰყავს შვილი და ძალიან კარგი გოგოა (იცინის). 15 წლის რომ იყო, მსახიობობა უნდოდა. წავიყვანე თეატრში და რეპეტიციებზე დავსვი. დავანახვე, რომ მსახიობობა მარტო სცენაზე გამოსვლა და ტაში არ არის. რეპეტიციების შემდეგ მსახიობობაზე უარი თქვა.

განგვიცხადა, რეჟისორი მინდა, გავხდეო (იცინის). საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს მხატვარი.

– თუმცა მისთვის, ალბათ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჰყავს მშობლები, რომელთაც ყველა იცნობს.

– ძალიან პატარა იყო, ერთხელ „სარდაფის თეატრში“ წავიყვანე და დაინახა, რომ დუტას მივესალმე. გაოგნებული იყო იმ ფაქტით, რომ დუტას ვიცნობ. არ ეგონა, რომ მისი მშობლებიც პოპულარულები არიან. უბრალოდ ეგონა, რომ ცნობილ ადამიანებს ვიცნობდით (იცინის).

– ბებიობა როგორი აღმოჩნდა?

– გასაგიჟებელი. ყველა მეუბნებოდა, გაგიჟდები, შვილიშვილი რომ გეყოლებაო. მიკვირდა, ბავშვები ისედაც მიყვარს და მეტად რაღამ უნდა გამაგიჟოს-მეთქი, მაგრამ რომ დაიბადა, მართლა გავგიჟდი. წლისა და ცხრა თვისაა და მგონი, სულ უფრო და უფრო ვგიჟდები (იცინის). მის ყოველ ახალ სიტყვაზე სუნთქვა მეკვრება.

– თქვენი მეუღლე როგორი ბაბუაა?

– არანორმალური (იცინის). ჩემს მეუღლეს ძალიან უჭირდა დილით ადრე ადგომა. ახლა შვიდ საათზე უკვე ფეხზე დგას და ბავშვი ჰყავს ჩახუტებული. შვილიშვილმა ძალიან დიდი ცვლილებები შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში.

– ამასობაში, ასაკის მატებას ხომ არ განიცდით?

– არა, პირიქით, ვცდილობ, ბავშვს ბებია დავაძახებინო. ცოტა ხანი ბებას მეძახდა, ახლა ნუნე დამარქვა (იცინის). ვბერდებით, რა ვქნათ, ეს გარდაუვალი ამბავია. ხანდახან, სარკეში როცა არ ვიხედები, თავი 26 წლის მგონია და მტკივნეულად არაფერს აღვიქვამ, ხანდახან ცუდ განათებაზე სარკეში რომ ჩავიხედები, ცოტა გული მწყდება (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ განვიცდი ან არ განვიცდი, ასაკის მატებას, ხან ისეა, ხან ასე, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.

– და ბოლოს, რას ფიქრობთ თქვენს პერსონაჟზე სერიალში „სიყვარულს მიღმა“?

– ვგიჟდები ჩემს პერსონაჟზე და ძალიან მეცოდება, ასე რომ ლანძღავენ (იცინის). რა თქმა უნდა, ისეთ რამეს არ ჩავიდენდი, რაც მან გააკეთა, მაგრამ მას ხომ ყველას კარგად ყოფნა უნდოდა? თან, მერე მოინანია კიდეც. ადამიანები ვართ, ყველას გვეშლება. მეც შემიძლია, შეცდომის აღიარება და მონანიება. ეს აუცილებელიც მგონია. თუ ამას ვერ გააკეთებ, გარდა იმისა, რომ ბევრ ადამიანს მოიმდურებ, შინაგანადაც დაინგრევი.