რის გამო დასწყვიტა გული სალომე ბაკურაძემ ალექსანდრე ბასილაიას?

319

ყველასათვის საყვარელი, გამორჩეულად ხალასი და ნიჭიერი მომღერალი სალომე ბაკურაძე, არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. დღეს წარსულ ნერვიულობასა და კონკურსანტობას სიამაყოთ იხსენებს და მიიჩნევს, რომ მისი ნიჭი და მონაცემები არსად დაუბლოკავთ და პირიქით, ამ ყველაფერმა სტიმული და გამოცდილება მისცა, უფრო მეტად წარმოეჩინა თავისი ნიჭი.

სალომე ბაკურაძე: პირველად დიდ, პროფესიულ სცენაზე 10 წლის ასაკში დავდექი, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მანამდე, ბაღისა და სკოლის ზეიმებზე გამოვდიოდი. ყურადღების ცენტრში სულ ვიყავი, როგორც ნიჭიერი ბავშვი და ოჯახის წევრებიც ხელს მიწყობდნენ. დედა ვოკალისტია, დაც არაჩვეულებრივად უკრავს და მღერის, მოკლედ, ოჯახს გენეტიკურად მოგვდგამს სასიმღერო ნიჭი. ჩემი და ხათუნა, ჩემზე რვა წლით უფროსია, აკომპანირებას მიწევდა და მე ვმღეროდი.

– სტუდიაში არ დადიოდი ან კერძო პედაგოგთან?

– სხვათა შორის, მამა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ, ათი წლის ვიყავი. ოჯახს მძიმე პერიოდი ჰქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა უფრო გააქტიურდა, რადგან ჩემი სიმღერა ის იყო, რაც მამას ყველაზე მეტად ახარებდა. თავად სიმღერას თავი დაანება. 37 წლის ასაკში, ქმრის გარდაცვალების მერე, ხმა საერთოდ წაერთვა. მოკლედ, ამ ტრაგედიის შემდეგ დედას სიმღერაც დამთავრდა, ცხოვრებაც და მთლიანად შვილებზე გადმოერთო. ასე რომ, რაც მამას გაუხარდებოდა, დედამ ის გააკეთა – მიმიყვანა კოტე და ირმა მალანიების სტუდიაში, სადაც ფანტასტიკური პედაგოგები ასწავლიდნენ. იმ დროს ბევრი რამ არ ხდებოდა შემოქმედებითი კუთხით, თუმცა ბორჯომის „ბროლის ნაძვის“ ფესტივალი ტარდებოდა, სადაც მთელი საქართველოს ნიჭიერი ბავშვები ჩადიოდნენ. ვინც დღეს სცენაზე დგას, ყველა „ბროლის ნაძვის“ კონკურსანტი იყო. მაგალითად, ნეკა სებისკვერაძე, სტეფანე და ასე შემდეგ. მათ შორის, მეც. სხვათა შორის, სახლში ვიპოვე ბუკლეტი, სადაც ამ კონკურსის მაშინდელ ჟიურის წევრებს – ნანი ბრეგვაძეს, ბუბა კიკაბიძეს, ნუგზარ კვაშალს, ნუგზარ ერგემლიძეს ჩემთვის, როგორც ნიჭიერი პატარა მომღერლისთვის, სურვილები და ავტოგრაფები აქვთ დაწერილი.

– ამ კონკურსში გაიმარჯვე?

– არა, ფესტივალის ლაურეატი გავხდი. სხვათა შორის, პირველი კონკურსი რომელშიც გავიმარჯვე, ქუთაისში გაიმართა და შემდეგ წავედი ბათუმში, როგორც გამარჯვებული და იქაც საპატიო პრიზი ავიღე. თუმცა, საზოგადოებამ „ნუცას სკოლიდან“ გამიცნო. იქ რომ გამოვჩნდი, 16-17 წლის ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი და მთავარი ჩემი გამოჩენა ტელევიზიით, როცა საზოგადოებამ გამიცნო და მეც ახლოს გავიცანი ის ადამიანები, ვისაც ეკრანიდან ვუყურებდი და შევციცინებდი. ძალიან ცოტა მომღერალს იპოვით, ვისაც „ნუცას სკოლა“ არ გამოუვლია. მაშინ უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებიც დღეს ყველასათვის საყვარელი მომღერლები არიან. ერთი სიტყვით „ნუცას სკოლა“ გახდა ჩემთვის უდიდესი ტრამპლინის დასაწყისი, რადგან მისი დასრულების შემდეგ, პირდაპირ ალექსანდრე ბასილაიამ დამიძახა და გავხდი მისი „კვინტეტის“ წევრი. თურმე, როგორც კი ტელევიზიით დამინახა, ნოდიკო ტატიშვლს, რომელიც მის „კვინტეტში“ მღეროდა, უთხრა: ეს ის გოგოა, რომელიც ჩემი „კვინტეტის“ მომღერალი უნდა გახდესო.

– თუმცა, დამეთანხმე, საზოგადოების ფართო მასამ, კონკურს „ჯეოსტარზე“ აღმოგაჩინა და შეგიყვარა.

– დიახ, ვთვლი, რომ ყველაზე დიდი ტრამპლინი, რომლის შემდეგაც მოღვაწეობაში მე წყვეტა არ მქონია, იყო „ჯეოსტარი“, როცა ფართო მასებმა გამიცნო და შემიყვარა. ეს კონკურსი მთელს საქართველოს აერთიანებდა და მომეცა შანსი, ვყოფილიყავი მრავალფეროვანი, გახსნილი, ლაღი და უკეთ წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები. ეს იყო საოცნებო მდგომარეობა, სადაც აღმოვჩნდი და ყველაზე ბრჭყვიალა პერიოდი, რის გამოც ალექსანდრე ბასილაიასაც კი გული დავწყვიტე.

– გული რატომ დაწყვიტე? რახან მისი „კვინტეტის“ წევრი იყავი, წინააღმდეგი იყო შენი კონკურსზე გამოჩენის?

– მან მითხრა: „ჯეოსტარი“ და მსგავსი კონკურსები არის ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომელიც შემდეგ უნდა აღმოაჩინონ, მე კი შენ უკვე აღმოგაჩინეო. თუმცა, კონკურსზე მისი „ჩიორა“ რომ ვიმღერე, მინდოდა თუ რაიმე წყენა დავუტოვე ამ ნამღერით გამომესყიდა. ვღელავდი, დაძაბული ვიყავი, მგონი, გამომივიდა. სხვათა შორის, იმ დღეს ჟიურიში ქალბატონი ნანი ბრეგვაძე იყო და არასოდეს დამავიწყდება მისი სიტყვები: სალომეს როგორც კონურსანტს, ისე ვერ შევაფასებ, სცენაზე დგას პროფესიონალი, რომლის მოსმენისას, უბრალოდ, ვისიამოვნეო.

ყურებს არ დავუჯერე, ეს მართლა მითხრა-მეთქი? (იცინის) ეს სიტყვები, ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. ძალიან მიყვარდა ბატონი ალექსანდრე ბასილაია და ალბათ, ჩემი ნამღერით და ქალბატონი ნანის შეფასებით, ყველაფერი გამოვისყიდე. ამის შემდეგ, უამრავ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და მათ შორის იყო „ბრავო“, რომელმაც ისეთი გამარჯვება მომიტანა, დღემდე ის ემოცია მომყვება და ალბათ, ყველას ახსოვს ჩემი ემოციის მოურიდებელი გამოხატვა თავისი სცენაზე დავარდნით (იცინის). თუმცა, „ბრავოს“ შემდეგაც იყო კონკურსები და უამრავი საინტერესო გამოწვევა.

– საკმაოდ ბევრი კონკურსი გაქვს გამოვლილი. ჟიურის წევრებისგან თუ გახსოვს უსამართლო შეფასება, გულისტკენა და წყენა?

– დიახ, ბევრი კონკურსი მაქვს გამოვლილი და ბევრი ჟიურის წევრის შეფასება მომისმენია, მაგრამ წყენა არ მახსოვს. არა იმიტომ, რომ ყველასგან არაჩვეულებრივ შეფასებებს ვიღებდი, არა, ასე არ ყოფილა. იყო მომენტი, როცა ჩემი თავით მეც არ ვიყავი კმაყოფილი. არ ვარ ის ადამიანი, ვინც პრობლემას სხვაში ეძებს, პირიქით, ჩემს თავს ვთხოვდი მეტს.

– დღეს ბევრი კონკურსი ტარდება და უამრავი ჭორ-მართალი დადის. ამბობენ, თითქოს ჩაწყობილია, თითქოს ნაცნობობით ხდება ტურიდან ტურამდე გადასვლა, გამარჯვება და ასე შემდეგ. მსგავსი რამ გიგრძნია შენი კონკურსანტობის დროს და თუ გაგიგია საკუთარ თავზე ჭორი?

– დამიჯერეთ, იმ კონკურსებიდან, სადაც მე ვმონაწილეობდი, ჩაწყობა ნამდვილად არ მახსოვს. საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ შრომას ნამდვილად აქვს შედეგი. სიტყვას დიდი ძალა აქვს და ნიჭიერებასთან ერთად, შრომისუნარიანობაც გამოგარჩევს. გასაგებია, რომ მჯობნზე მჯობნი არ დაილევა. საწყენია, თუ თვალში ნაცარს შეგაყრიან, მაგრამ თუ კარგად მღერი და თან, ბევრი მხარდამჭერი გყავს და ესემესებს გიგზავნიან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. არ დამავიწყდება, მე რომ გავიმარჯვე კონკურსში, მაშინ ბინა არ მქონდა თბილისში, დეიდაშვილთან ვცხოვრობდი, სოლოლაკში. ერთხელ ტაქსით მგზავრობდა და მძღოლს უთქვამს: არ ვიცოდე მაინც, სალომე ბაკურაძეს მამამისი რომ უგზავნის ყოველკვირა ფულს და უმესიჯებენ, გავა, აბა, რაო. ჩემს დეიდაშვილს უთქვამს: მართლა არ ვიცოდი, თუ ბიძაჩემი სალომეს საიქიოდან ფულს უგზავნიდა, თორემ მე დავხვდებოდი პირდაპირ. ასეთი რეალობას აცდენილი ჭორები, ყოველთვის ვრცელდება. ეჭვიც არ მეპარება, მეც გამატარებდნენ ნეგატივის ქარცეცხლში, მაგრამ მაშინ სოციალური ქსელები ასე აქტიური არ იყო. უბრალოდ, ერთმანეთის მხარდაჭერა უნდა ვისწავლოთ, რაც დღეს ნამდვილად გვაკლია.