როგორ “შეუკვეთეს“ ნანუკა გულუამ და მისმა მეუღლემ შვილის ვიზუალი და როგორ გაუმკლავდა ნანუკა მშობიარობის შემდეგ დეპრესიას
„ჩვენთან ერთად“ ახალი გადაცემაა, რომელიც ორშაბათობით „იმედის“ არხზე გავა და მისი წამყვანები ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე იქნებიან. ნანუკას ცხოვრებაში ეს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა, თუმცა ყველაზე დიდი და ბედნიერების მომტანი საჩუქარი, რომელიც მან სულ რამდენიმე თვის წინ მოავლინა ქვეყანას, პატარა ნინაა.
ნანუკა გულუა: ძალიან ბედნიერი ვარ, თავს ლაღად ვგრძობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, წლებია, ამ გუნდთან ერთად ვარ. ძალიან ვუყვარვართ, დიდი სითბოთი და სიხარულით მიგვიღეს ამ გარემოში. ჩვენც ანალოგიურ სითბოსა და სიყვარულს ვუბრუნებთ. აუცილებლად გავუმართლებთ იმ იმედებს, რომელსაც ჩვენზე ამყარებენ.
– სალომესთან ერთად ტანდემი იმდენად ორგანულია, ამ მხრივ, განსაკუთრებული მომზადება არც გჭირდებათ.
– ნამდვილად ასეა. მე და სალომე უკვე სახელი და გვარივით ვართ, ერთ ბრენდად ჩამოვყალიბდით, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. სალომე არა მარტო სატელევიზიო პარტნიორია, ჩემი უახლოესი მეგობარიცაა, რომელთანაც ვიზიარებ ჩემს ყოველდღიურ სიკეთეებს. ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩემ გვერდითაა. რა დროსაც არ უნდა დავურეკო, რაც არ უნდა ვთხოვო, გამორიცხულია, გვერდით არ დამიდგეს. ყოველთვის მგულშემატკივრობს, მუდმივად მაქებს, მაჯერებს, რომ ყველაფერი გამომდის, უდიდეს ძალას მაძლევს.
– როგორ ემზადებით ახალი გადაცემისთვის?
– ახალი ფორმატია და შესაბამისად, ახალი გამოწვევა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ვნერვიულობთ, ერთ ამბავში ვართ. მე ვიზუალურადაც ვემზადები, დიეტაზე ვარ, ვვარჯიშობ, თმას ვკვებავ, კბილებს ვითეთრებ და ასე… (იცინის).
– დიეტას რაც შეეხება, კარგი პრაქტიკა გაქვს და ზედმეტ კილოგრამებს მარტივად მოერევი…
– კარგი პრაქტიკა მაქვს, მაგრამ ორსულ და ახალნამშობიარევ გოგონებს მინდა, მოტივაცია და სტიმული მივცე ჩემი გამოცდილების გაზიარებით: მშობიარობის შემდეგ, ექვსი თვე, როგორც არ უნდა იშიმშილონ და როგორი რთული დიეტებიც არ უნდა დაიცვან, როგორც ჩანს, ჰორმონალური დისბალანსი იმდენად ძლიერია, რომ ვერ იმორჩილებ ორგანიზმს. ამის გამო არ უნდა დაისტრესო. ვისაც ახალი გაჩენილი გყავთ ბავშვი, პირველი ექვსი თვე დიეტებითა და შიმშილით არ დაიტანჯოთ თავი. ისიამოვნეთ იმ მდგომარეობით, რომელშიც ხართ. ეს პერიოდი ისედაც სტრესულია და ზემოდან დამატებული უშედეგო დიეტა, შეიძლება, ძალიან დიდი სტრესი აღმოჩნდეს. თუ თავს განაწყობთ, რომ ექვსი თვე შეიძლება ვერ გახდეთ და ამ დროის გასვლის შემდეგ იზრუნებთ ფორმის დაბრუნებაზე, ძალიან კარგი იქნება. ჩემს შემთხვევაშიც, ექვსი თვე გავიდა და ახლა დავიწყე ნელ-ნელა ფორმაში ჩადგომა. მთავარია, ის ექვსი თვე არ აქციო ტრაგედიად.
– ახლა პროფესიონალების დახმარებით აპირებ დიეტის გაგრძელებას?
– ჩემს კაბალურ მეთოდებს ვერ გამოვიყენებ. რაც გავიზარდე, მხოლოდ მაწონზე, ჰაერსა და წყალზე აღარ ვიყავი დამოკიდებული. მივხვდი, რომ სწორი კვებით შეიძლება, ყველაფერს მიაღწიო. ჩემთვის ყველაზე მარტივი მენიუები შევიმუშავე, შინ ვიქნები თუ გარეთ, ყველგან შემიძლია დავაგემოვნო და გეგმას მივყვები. არ ვჭამ ცომს, ტკბილს და ცხიმიან საკვებს, არ ვსვამ გაზიან სასმელს. მივირთმევ ბევრ ბოსტნეულს, უცხიმო ხორცს, თევზს. მე, გრილი და ბოსტნეული დავმეგობრდით. ყოველი კილოგრამის მომატებას ძალიან განვიცდი. მართლა ძალიან დიდი გზა გავიარე, სანამ ფორმაში ჩავდგებოდი. წლები დამჭირდა იმისთვის, რომ 60 კილოგრამი დამეკლო და ახლა თითქმის სამოცივე რომ უკან მივიღე, წესით ძალიან დიდი სტრესი უნდა მქონოდა, მაგრამ ის განწყობა და უდიდესი ბედნიერება ღვთის საჩუქრის გამო, რომელიც მე მივიღე, ყველაფრად ღირდა. ამიტომ არ მინდა, გავანაწყენო სამყარო და ამის გამო ვიწუწუნო. არა უშავს, ისევ ვიომებ, ისევ იმავე გზას გავივლი, ახლა უკვე სიამოვნებით და კვლავ ჩავდგები ფორმაში. თუ არ ჩავდგები, არც ეს არის პრობლემა, ნინასთვის ნამდვილად ყველაფერი ღირდა.
– როგორი აღმოჩნდი დედის ამპლუაში?
– სრულიად არანორმალური. მეგონა, ვიქნებოდი დედა, რომელიც მაინც დადის, დადის და ხან ერთ ბებოს უტოვებს ბავშვს და ხან – მეორეს. აბსოლუტურად განსხვავებული ვარ. მინდა, რომ მე ვიყო ყველაფერში ჩართული, მინდა, რომ სულ ჩემთან იყოს. ვცდილობ, რეჟიმი არ დავურღვიო და ყველაფერს, რასაც ჩემი პედიატრი მასწავლის, თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, პუნქტებად მივყვები. ნინას დაბადებასთან ერთად, უდიდესი ღვთის წყალობა მივიღე, ეს არის ძიძა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან პრობლემურია. პირველივე გასაუბრებაზე ისეთი ადამიანი აღმოვაჩინე, რომ ღმერთს მადლობას ვუხდი. ძალიან კარგი გოგოა, ნინას კარგ უნარ-ჩვევებში, ალბათ, მისი წვლილი ძალიან დიდია და ძალიან ბედნიერი ვარ. მისი დამსახურებით შემიძლია, სახლიდან მშვიდად გამოვიდე. იმდენად მაგარი გოგოა, ფაქტობრივად, იგივე ჩემს თავს ვუტოვებ შვილს.
– თან ძალიან საქმიანი ხარ, ახერხებ ორივეს ერთად?
– ყველაფერს ვახერხებ. არ მინდა, რამეს ჩამოვრჩე. ნინასთვის, მისი მომავლისა და ჩემი კარგი განწყობისთვის აუცილებელია, ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს. ამიტომ მყავს ფანტასტიკური ირა, რომელიც ამის საშუალებას მაძლევს. საქმეს რომ მოვრჩები, სახლში გავრბივარ და ნინას ღამის რუტინას 7 საათიდან მე ვიბარებ. შაბათ-კვირას თავიდან ბოლომდე მასთან ვარ. თუმცა, ამ დღეებს სახლში არ ვატარებთ, სულ გარეთ, მეგობრებთან ერთად ვართ, ვსეირნობთ და ძალიან აქტიურები ვართ.
– ვიზუალურად დედის მხარეს უფროა თუ მამის?
– რომ დაიბადა, მინი კახა იყო. მერე აღმოვაჩინე ჩემი პატარა დის – ნინიკოს ბავშვობის ფოტოები და ერთი-ერთში მას ჰგავდა. ბევრი დედაჩემს ამსგავსებს. ყველასგან რაღაც აქვს აღებული, მაგრამ ახლა სახის ნაკვთები რომ ჩამოუყალიბდა, ჩანს, რომ წარბი და თვალის ჭრილი ჩემი აქვს, თვალის ფერი მოცისფრო-მოლურჯო აქვს, ამ მხრივ, მამიდაჩემის, მამაჩემის ხაზით წავიდა. კახას დედას მკვეთრი მწვანე თვალები აქვს და ეგეც მაწყობდა (იცინის). მამამისივით ქერა თმა აქვს, უთეთრესია, როგორც მამამისი და დედაჩემი.
მოკლედ, ყველა ვამაყობთ და გვიხარია. როცა ორსულად ვიყავი, მე და კახა ვსაუბრობდით ამ თემაზე და „ვგეგმავდით“, ვისი რა უნდა გამოჰყოლოდა (იცინის). როგორც დავგეგმეთ, ზუსტად ისე მოხდა, ბავშვი, ფაქტობრივად, შევუკვეთეთ (იცინის). გადაღებების დროს ოპერატორებს ვეუბნები ხოლმე, ძალიან გთხოვთ, ქერა და ლურჯთვალება გამომაჩინეთ, ეგეთი ვარ რეალურად-მეთქი და იმდენი ვქენი, ასეთი შვილი გავაჩინე – ქერა და ლურჯთვალება.
კიდევ ერთი გამონათქვამის რეალურობაში დავრწმუნდი: ხომ ამბობენ, ბავშვი რომ პირველად ამოძრავდება მუცელში, იმ მომენტში ვისაც შეხედავ, იმას დაემსგავსებაო. მოკლედ, გადაცემის ჩაწერაზე ვიყავი, ალექსანდრა მეჯდა გვერდით და ბავშვის პირველი მოძრაობა რომ ვიგრძენი, დავიწყე კივილი, წამოვაყენე ფეხზე ალექსანდრა და დავუწყე კარგად თვალიერება (იცინის). იცით, როგორი მაღალი და გრძელფეხებაა, რითაც მე და მამამისი ვერ დავიკვეხნით და მოკლედ, ამაზეც ვიზრუნე. ახლა ვუყურებ და ბავშვი გიჟდება ლეოპარდის პრინტზე, მოკლედ, ალექსანდრასთან მსგავსებასაც ვიჭერ და ვკვდებით ხოლმე სიცილით. ალექსანდრამ თავისი ულამაზესი შვილი ჩემს დაბადების დღეზე გააჩინა და მეც, აი, ასეთი პატივი ვეცი, ჩემი შვილი ალეს დავამსგავსე. აი, ასე, ჩანასახშივე ვზრუნავდი ყველაფერზე (იცინის).
– მამა რამდენად აქტიურია ბავშვის მოვლის საკითხებში?
– მას არასდროს ვაქებ, არც უყვარს და მეც მერიდება, მაგრამ ახლა გულწრფელად ვიტყვი, რომ კახა საოცნებო მამაა. ისეთი მამაა, როგორიც მე მყავდა. მამაჩემი მთლიანად იყო ჩართული ჩვენს აღზრდაში, ნამდვილი მამა იყო, საოცარი თვისებებით. რაც კი კარგი მაქვს, მგონია, რომ მისი სითბოს დამსახურებაა. ნინასაც ზუსტად ასეთი მამა ჰყავს. ღამე ის იღვიძებს, ის უმზადებს საჭმელს, მე ვაჭმევ, ყველაფერს მაწვდის, რაც მჭირდება ნინას ჰიგიენისთვის, ყველაფერს აწესრიგებს. ნინას ასეირნებს, ეთამაშება, ყველა გაიდლაინს უსმენს და ერთად ვითვალისწინებთ. მთელი ცხოვრება ჩემი ოცნებაც ეს იყო. მინდოდა, მყოლოდა მეუღლე, რომელიც საოცარი მამა იქნებოდა და ზუსტად ასეთია კახა.
– რა შეცვალა პატარამ თქვენს ურთიერთობაში?
– მე ძალიან მზრუნველი ვარ, აქამდე მთელი ჩემი ყურადღება და ზრუნვა კახასკენ იყო მიმართული. ახლა გაიყო, ორივეს საერთო ადამიანი გაგვიჩნდა საზრუნავად. ჩვენი დაძინებაც და გაღვიძებაც უფრო ბედნიერი და აზრიანი გახდა. სხვა მიზნები გვაქვს, არსებობს ადამიანი, რომელიც უდიდესი სიყვარულით გვაერთიანებს. ორსულობის დროს ხასიათი არ შემცვლია, მაგრამ ჩემი ჰორმონალური ამბების გამო, რომელიც მშობიარობის შემდეგ გამოვლინდა, ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე პერიოდი გავიარე. მე არასდროს მქონია დეპრესია, არასდროს ვყოფილვარ ტირილისკენ მიდრეკილი და შესაბამისად, მსგავსი შეგრძნებები ჩემთვის ძალიან უცხო და მტკივნეული აღმოჩნდა. ამ დროს კახა გვერდით მედგა. დღემდე ძალიან ვებრძვი ამ მდგომარეობას, ვგრძნობ, რომ შემსუბუქდა, მაგრამ ამისთვის ბევრი ვიბრძოლე და ვიჭიდავე საკუთარ თავთან. შეიძლება, ესეც არ არის სწორი და ალბათ, უბრალოდ, უნდა მიიღო ეს მდგომარეობაც, რომელიც დროსთან ერთად აუცილებლად გაივლის. თუმცა მთელი ეს დრო, თუ რამე ისეთს ვიტყოდი, ან პროტესტს გამოვხატავდი თუნდაც ცრემლებით, კახა მეტყოდა, ნანუკა, აი, გაივლის ექვსი თვე და ესეც დამთავრდებაო. ცდილობდა, ყველაფერს იუმორით მისდგომოდა. მესმის, ნანუ, ეს იმ ექვსი თვის ამბავია, ხომ? გასაგებია ყველაფერიო (იცინის). საბედნიეროდ, იდეალური ხასიათი და კარგი ნერვები აქვს, რაც ძალიან დამეხმარა და მადლობა მას ამისთვის, რადგან ქალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.