ვინ სცადა მარტა ბარამიძეზე სექსუალური ძალადობა და რის გამო დაადო გაცხელებული დანა გამზრდელმა დედამ მას სახეზე
მარტა ბარამიძის განვლილი ცხოვრება დაუჯერებელ ამბავს, მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავს. ამ, ერთი შეხედვით, ფარფატა და ნაზმა გოგონამ საშინელი წლები გამოიარა, მაგრამ ბავშვობიდან დაისახა მიზანი და ამ მიზნისკენ სწრაფვამ გადაარჩინა. ახლახან კი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „ია ფარულავას კონვერტის“ სტუმარი იყო და წარმოუდგენელი ისტორიები მოყვა. ჩვენ მარტას დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ, რაზედაც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
– მარტა, ვინც არ იცის, ალბათ, წარმოდგენაც კი გაუჭირდება, რა ცხოვრებაც გაიარე. გიჭირს ამის გახსენება და ამაზე საუბარი?
– მართალია, ჩემი ცხოვრება საშინელებათა ფილმს ჰგავს, მაგრამ მასაც აქვს კარგი გაგრძელება. მთავარია, ახლა ყველაფერი კარგად არის და იმედია, მომავალშიც დადებითად გაგრძელდება. ვფიქრობ, საკუთარი თავის ყველაზე დიდი ფსიქოლოგი ხარ შენ და ის ადამიანები, ვინც გარშემო გყავს. რაც არ უნდა ცუდი პერიოდი იდგეს შენს ცხოვრებაში, საკუთარი თავი უნდა დაარწმუნო, რომ ეს აუცილებლად გაივლის და წინ ბევრად უკეთესი გელის. კარგად ვსწავლობდი, ბავშვობიდან მქონდა დასახული მიზნად, არაფრის ფასად, არავის გამო არ დამებინძურებინა საკუთარი სული, არ შემენახა გულში ბოღმა და დღემდე ასე ვარ. მართალია, საკმაოდ რთული გზა გამოვიარე, მაგრამ თითქოს სულ ვგრძნობდი ზემოდან წყალობას და მფარველობას. 11 წლის ასაკში გავიგე, რომ მიშვილეს და გამზრდელი დედის ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი. ჩემსა და გამზრდელ მშობლებს შორის დიდი ვიზუალური სხვაობა იყო, როგორც ცა და დედამიწა და მუდამ მქონდა ეჭვები. ბათუმში ვიზრდებოდი. ამ ბურუსით მოცულ ისტორიას კი ფარდა ბებიამ ახადა. მანამდე ზურგს უკან ერთი ფრაზა მქონდა მოსმენილი: კოპიო დედამისია! ასევე, ჩემი გამზრდელი დედის პირველი ქმრის მამისგან მოვისმიმე: ეს არ არის ჩვენი შვილიშვილი! ეგონა, მეძინა, თუმცა მე ყველაფერი მესმოდა და ამ ყველაფერმა ძალიან მატკინა გული. გამზრდელი დედის დედასთან და მამასთან, ანუ ბებია-ბაბუასთან რომ გადავედი საცხოვრებლად, მაშინ გავიგე, რომ მე ნამდვილად აყვანილი ვიყავი. ორივე კარგი ადამიანი იყო, მთელი გულით ვუყვარდი. ლოგინად ჩავარდნილი იყვნენ, მე ვუვლიდი, მაგრამ მიუხედავად მძიმე დატვირთვისა, კარგად მახსოვს მათ გვერდით გატარებული წლები. მათი მოვლის გარდა, საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ყველაფერი ჩემზე იყო, თუმცა, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები, რადგან გამზრდელ დედას და მის მეორე ქმარს, ანუ მამინაცვალს გამოვექეცი. არ დამავიწყდება, ბებიას ვუთხარი, მე ყველაფერი ვიცი ჩემს თავზე-მეთქი. ეჭვები კი მქონდა, მაგრამ დადასტურებულად არ ვიცოდი, მინდოდა, ვინმეს ჩემთვის სიმართლე მოეყოლა და მოვიტყუე. ბებიამ დაიჯერა და ჩემი მშობლების შესახებ ყველაფერი მითხრა, რა ინფორმაციასაც ფლობდა. მთხოვა, არ მეთქვა დედისთვის, რომ ეს ამბავი მომიყვა, რადგან თუ ამას გაიგებდა, მოკლავდა. ეს პირობა შევუსრულე. დედას კი ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არ მითქვამს, ვისგან გავიგე. მახსოვს, მე და დედა ბაზარში მივდიოდით, როცა ვუთხარი: ვიცი, ნაშვილები რომ ვარ-მეთქი და რეაქცია არ ჰქონდა. მკაცრი ხასიათის ადამიანი იყო.
– ბებომ რა გითხრა, ვინ იყვნენ შენი ბიოლოგიური მშობლები?
– დედა ექიმი იყო და რუსეთში მუშაობდა, მამა კი – ქართველი, რომლის არც სახელი ვიცი და არც გვარი. თბილისში დაამთავრა სამედიცინო და პრაქტიკებზე რუსეთში ჩავიდა, სადაც დედაჩემი გაიცნო. იმ დროს ჩემს ბიოლოგიურ დედას ექვსი წლის შვილი ჰყავდა და ქმარი, რომელიც წყალქვეშა გემზე მუშაობდა და წელიწადი და ექვსი თვით იყო წასული. იმ პერიოდში, მამაჩემი შეუყვარდა და მისგან დაფეხმძიმდა. ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ ის სამშობიაროდ ბათუმში ჩამოიყვანა და გავჩნდი მე. დედა კი წავიდა და დამტოვა. მამამ დატოვა წერილი, აინტერესებდა, სად წაიყვანდნენ ბავშვს, თუმცა მოატყუეს და გზის არევის მიზნით სხვა მისამართი, სახელი და გვარი მიუთითეს.
– ის თუ იცი, შენს გაშვილებაში ვინ იღებდა მონაწილეობას და რა თანხად გაგყიდა ბიოლოგიურმა დედამ?
– როგორც ვიცი, ბიოლოგიურმა დედამ სამი ათას ხუთას მანეთად გამყიდა. მაშინ, საკმაოდ დიდი თანხა იყო და ეს ფული ბებომ და ბაბუმ მისცეს. კომუნისტების დროს საკმაოდ კარგ თანამდებობაზე მუშაობდნენ. იმ პერიოდში ბებოს ერთ-ერთი მეზობელი ქალი სამშობიარო სახლში მუშაობდა და ჩემს გაშვილებაში ის იღებდა მონაწილეობას.
– მარტა, მართალია, რომ გამზრდელი დედის მეორე ქმარი შენზე ფიზიკურად ძალადობდა?
– პირველ კლასში ვიყავი, როცა გამზრდელი დედა მეორედ გათხოვდა. მამინაცვალთან ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მას მანამდე ცოლი და ორი ბიჭი ჰყავდა. დატოვა ოჯახი და ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. არ ვიცი, რას ვუშავებდი ან იმ ასაკში რა უნდა დამეშავებინა მისთვის, რის გამო მსჯიდა და მცემდა. ჩემი აუტანლობა სჭირდა, თითქოს, ხელის შემშლელი ფაქტორი ვიყავი, რომელსაც იქ არ უნდა ეცხოვრა. ვერ მოვიტყუები, სექსუალური ძალადობა მისი მხრიდან არ ყოფილა, მაგრამ იყო ყოველ დილით ცემა. ჩემი გამზრდელი დედა ადრე მიდიოდა სამსახურში, შემდეგ მიდიოდა ჩემი მამინაცვალი და დედა რომ წავიდოდა, მერე მცემდა. ჩუმად ვდგებოდი საწოლოდან, პიჟამოთი სახლიდან ვიპარებოდი, მეორე სადარბაზოში ვდგებოდი და როცა დავინახავდი, ეს კაცი წავიდა, მერე ავდიოდი სახლში, რომ ცემას გადავრჩენილიყავი.
– დედას ეუბნებოდი მისი ქმარი რომ გცემდა?
– როგორ არ ვეუბნებოდი, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. მოგვიანებით, ბებიას და ბაბუას ვუთხარი და ბაბუ დაემუქრა, რომ ხელი არ დაეკარებინა ჩემთვის. გარკვეული ასაკის შემდეგ შეწყდა და განმეორდა, როცა თხუთმეტი წლის ვიყავი. სამოდელო სააგენტოებში დავდიოდი, კონკურსებზე გამოსვლა მიყვარდა. ერთ კონკურსზე წავედი, შარვალი არ მქონდა და მეზობლისგან ვინათხოვრე. სახლში რომ დავბრუნდი, ნასვამი იყო, მკითხა: რა შარვალი ითხოვეო. არ დამავიწყდება, ძალიან გავმწარდი და ვუთხარი: თუ კაცობა გყოფნის, ადექი და მიყიდე, რომ თხოვება აღარ დამჭირდეს-მეთქი. მწვდა თმაში, შუშიან კარზე რკინის ვიტრაჟები იყო და იმაზე მიმარტყმევინა თავი. ტუჩი გამისკდა, სახე დამიზიანდა, გავვარდი გამზრდელ დედასთან და ვუთხარი: ახლა მაინც გჯერა-მეთქი? შემომხედა და მიპასუხა: კი, ახლა მჯერაო. თუმცა რეაქცია – არანაირი.
– დედაც ხომ არ გცემდა?
– დედამაც იცოდა ცემა და უმოწყალოდ შეეძლო, ვეცემე, თუმცა ამას მის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვაბრალებ. პატარა ასაკში, მე და ჩემმა მეზობელმა ბაზარში მიწისთხილი ვნახეთ. არასდროს გვიჭამია და გასინჯვა მოგვინდა. სახლში მივედი, ავიღე 20 თეთრი, ბაზარში დავბრუნდი, ვიყიდე მიწისთხილი და მე და ჩემმა მეზობელმა ვჭამეთ. სახლში რომ მოვედი, დედამ მკაცრი ტონით მითხრა: თქვი, რომ აიღე ფული, თორემ დაგსჯიო. ძალიან შემეშინდა და მოვიტყუე, მე არ ამიღია-მეთქი. დედამ – თუ არ მეტყვი, ნახავ რასაც გიზამო. აიღო დანა, გააცხელა, მოვიდა და და სახეზე დამადო. თოთხმეტი წლის ვიყავი, ბაბუმ გამიშვა მაღაზიაში. დედა მუშაობდა ჯიხურში, რომელსაც უკან ჭუჭრუტანა ჰქონდა. არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და დამაინტერესა, რას აკეთებს-მეთქი. შევიხედე და შემთხვევით მოვისმინე აღმზრდელი დედისა და ჩემთვის უცნობი მამაკაცის საუბარი. დედა იმ კაცს ჩემს ცოლად მოყვანაზე შეუთანხმდა და მისცა მითითებები სად და როგორ შეეძლო ჩემი გატაცება. ის კაცი, მაშინ 30 წლის იყო. მოკლედ, დედა უხსნიდა რომელ საათზე გამოვიდოდი სკოლიდან, რა გზა უნდა გამევლო და დასახეს ჩემი მოტაცების გეგმა. არ დამავიწყდება დედას ფრაზა, რომელიც იმ მომენტში მოვისმინე: ეს ისეთი გოგოა, არ გაგიჩერდება და რაც შეიძლება შორს წაიყვანეო. იცოდა, რომ გამოვიქცეოდი. მოკლედ, ბაბუს რაც უნდოდა, ვუყიდე, სახლში ავიტანე, ჩავედი ეზოში, შევკრიბე უბნის ბიჭები, თან, მათში ბევრს მოვწონდი (იცინის), ყველაფერი მოვუყევი, რომ სკოლაში არ წავიდოდი, ის კაცი ამა და ამ დროს იქ დამხვდებოდა და ისინი უნდა გამკლავებოდნენ. ის კაცი, ვისაც უნდა მოვეტაცებინე, „სამარშრუტოს“ მძღოლი და ჩემმა უბნელებმა, იმ კაცს სამარშრუტო ტაქსი ქაღალდივით დაუკუჭეს. ამ ამბის შემდეგ ის კაცი ჩემს ცხოვრებაში აღარც გამოჩენილა.
– დედამ გაიგო ეს ამბავი?
– დიახ, გაიგო. მაშინ ბებოსთან და ბაბუსთან ვცხოვრობდი, იქ მოვიდა და მითხრა: თუ იმ კაცს არ გაჰყვები, სახლში არასოდეს შემოგიშვებო. მე კი ვუპასუხე: ძალიანაც რომ შემეხვეწო, მაინც არ ვაპირებ მოსვლას-მეთქი. მიუხედავად ყველაფრისა, წლების შემდეგ მე მას მაინც დავუდექი გვერდით. როცა მე უკვე თბილისში ვიყავი და ტელევიზიაში ვმუშაობდი, დედას სიმსივნე დაუდგინდა. ჩამოვიყვანე, დავიწყეთ ქიმიოთერაპია და ვცდილობდი, ფსიქოლოგიურად ყველაფერი დაეძლია.
– სამწუხაროდ, სიყვარულში არ გაგიმართლა და ყველა შენი ურთიერთობა განშორებით დასრულდა.
– სამწუხაროდ, ასეა. არასოდეს დამავიწყდება, ჩემი პირველი სერიოზული გრძნობა, ნამდვილი და ტრაგიკული სიყვარული, რომელსაც საშინელი და მძიმე ბოლო ჰქონდა. 13 წლის გოგოს 18 წლის ბიჭი შემიყვარდა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და მომავალს მასთან ერთად ვგეგმავდი. ტაძარში ველოდებოდი წირვაზე, არ მოვიდა. ორი თანაკლასელი მოვიდა და მითხრეს, დაჭრესო. საცხოვრებელ სახლთან მივედი და ქუთაისში დამხვდა წაყვანილი, მაგრამ სანამ საავადმყოფოში მიიყვანდნენ, გზაში გარდაიცვალა. ვერ აღვწერ, ეს რამდენად რთული იყო ჩემთვის. ლოგინიდან არ ვდგებოდი, დეპრესიაში ჩავვარდი. როგორც კი ავდექი, სასაფლაოზე ვათენებდი და ვაღამებდი, დიდხანს შავებით დავდიოდი, მეგონა, სამყარო თავზე დამემხო და, ასეც იყო.
– ახლახან, „ია ფარულავას კონვერტში“, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი შენ მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში ამხილე. იქნებ, ჩვენც გაგვიმხილო ეს მძიმე ამბავი?
– ეს, ის საშინელი ისტორია და ამბავია, რომელიც არ მინდა, ვინმემ ოდესმე გაიაროს. არასრულწლოვანი, 16 წლის ვიყავი, სამ სამსახურში ვმუშაობდი. თბილისში მინდოდა წამოსვლა და რამდენიმე მონასტრის ნახვა. ადამიანი, ვისთან ერთად წამოვედი, პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძე, დაახლოებით ოთხი თვის გაცნობილი მყავდა, ერთად ვმუშაობდით და ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვხედავდით. სანამ წამოვიდოდით, თავდაცვის მიზნით, მეზობლის ქალი ვალაპარაკე და მოვატყუე, ვითომ დედაჩემი იყო. დედაო, დედა ეკატერინე, გზიდან ვალაპარაკე რომ უსაფრთხოების გარანტია მქონოდა. ამ ადამიანმა მომცა პირობა, რომ ერთი ღამით მამიდამისთან, სახლში დავრჩებოდით და მეორე დღეს მოვივლიდი მონასტრებს. არაყიშვილის პირველ ჩიხში მიმიყვანა. ბინაში როგორც კი შევედი, მივხვდი, იქ არანაირი მამიდა არ ცხოვრობდა. შეშინებული ვიყავი და ვერაფერს ვამბობდი. დაძინების დრო რომ მოვიდა, ერთ საძინებელში მე შევედი, მეორეში ის. მომაკითხა კართან, დამიძახა და მითხრა: თუ იმას არ გააკეთებ, რაც მე მინდა, თითს მოგაჭრი, ერთ გოგოს ეს უკვე გავუკეთეო. თითზე დამადო დანა და დღემდე მაქვს შრამი, რომელიც ჭრილობისგან შემორჩა. მოკლედ, ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობა. შოკში ჩავვარდი. მითხრა: აიღე შენი ნივთები და წავედითო. შევვარდი სამზარეულოში, ჩუმად ავიღე დანა და ელასტიკში დავმალე. თუ რამეს დააპირებდა, მზად ვიყავი, თავი დამეცვა. მიმიყვანა სასაფლაოზე, გადმომიყვანა და გამიმეორა: თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას სურდა, სასაფლაოზე დამტოვებდა. უარის მიღების შემდეგ, იქ დამტოვა და წავიდა. შემდეგ მობრუნდა, რადიკალურად შეცვლილი, ვფიქრობ, რაღაცის ზემოქმედების ქვეშ, შედარებით დაწყნარებული. დანა ჩუმად გადავაგდე და ჩავჯექი მანქანაში. წამომიყვანა სახლში, ჩამკეტა გარედან და მითხრა, დილით მოგაკითხავო. შეშინებული, პანიკაში ვიყავი, ზეწრები გადავაბი, გამოვაბი მოაჯირს, მესამე სართულიდან ჩამოვცოცდი და პირველი სართულის აივანზე, კარადაზე შევხტი.
– მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ადრე რატომ არ ამხილე მოძალადე და რატომ გადაწყვიტე მისი ტელევიზიით მხილება?
– აქამდე, არ კი არა, ვერ ვამხელდი. ვიცოდი მისი შესაძლებლობები, მე არასრულწლოვანი ვიყავი და იმ პერიოდში არავინ მყავდა, ვინც გვერდით დამიდგებოდა და დამიცავდა. სადარბაზოშიც რომ მოვეკალი, არავინ მომაკითხავდა და ვერ ვბედავდი. თუმცა, მოწმეების სახით მყავს დედაო, მამაო, მისი ყოფილი მეგობარი, რომელმაც იმ ბინის პირველი სართულიდან წამომიყვანა, სადაც მას გავექეცი. დღეს აღარ მეშინია და მინდა, ყველა მოძალადე დაისაჯოს. „ია ფარულავას კონვერტში“ მოძალადე ფულის გამო არ ვამხილე, უბრალოდ, არ მინდა, კიდევ ვინმეს მიაყენოს ზიანი და მსგავსი საშინელება განაცდევინოს. სხვათა შორის, გადაცემის გასვლის შემდეგ გამომძიებელი დამიკავშირდა და პოლიციაში მისვლა მთხოვა. არ ვაპირებ მისვლას, მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, მსხვერპლი მე ვარ და თუ დაინტერესდებიან, თავად მოვიდნენ. ორი წლის წინ ვიყავი პოლიციაში და ვუთხარი, წლების წინ ასეთი და ასეთი დანაშაული რომ მომხდარიყო, ახლა რა რეაქცია გექნებათ, რას გააკეთებთ-მეთქი და მითხრეს: ვერაფერს ვიზამთ, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასული აქვსო. არ მითქვამს, მე შემემთხვა-მეთქი. წლებია, შინაგანი ტკივილი არ მასვენებდა, არც მეგობრების შარში გარევა მინდოდა და არ ვუყვებოდი. ია ფარულავას გადაცემა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ძალა მოვიკრიბე და შევძელი ამის მოყოლა და ასეც მოვიქეცი.