მომღერალმა თიკა მახალდიანმა თავისი გოგონა, კირა, ორმოცი დღისა მონათლა, როგორც მართლმადიდებლური წესია. მიუხედავად იმისა, რომ თიკას ბევრი მეგობარი ჰყავს და მათ შორის – შოუბიზნესის პოპულარული სახეები, თავისი პატარისთვის ნათლიები ცნობილი სახეებიდან არ შეურჩევია. კირას შვიდი ნათლია ჰყავს, აქედან ორი თითქმის მისი თანატოლია, მშობლების, მეგობრის შვილები. ბავშვები გაიზრდებიან და მომავალში არა მარტო მეგობრები, სულიერი ნათესავებიც იქნებიან – ასე ფიქრობს თიკა.
მომღერლის ცხოვრებაში 2 წლის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. დედა – ახალგაზრდა, მშვენიერი ქალი, აღდგომადღეს ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ოჯახს პატრიარქის სანუგეშო გზავნილი მამა შალვა კეკელიამ გააცნო. რწმენა დაეხმარა მათ, გამკლავებოდნენ საშინელ ტკივილს და, რადგან დედა ყოველთვის ქალიშვილის მომღერლობაზე ოცნებობდა, მისი პირველი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო, თიკამ დაძლია მწუხარება, არ მიატოვა სცენა და გააგრძელა სიმღერა.
როგორ მონათლა თიკა მახალდიანმა პატარა კირა, როგორ გრძელდება ცხოვრება გადატანილი ტრაგედიის შემდეგ, მომღერალი ჟურნალ “სარკეს” უამბობს.
– თიკა, ოჯახისთვის შვილის შეძენა უდიდესი ბედნიერებაა. ჩნდება პატარა სიცოცხლე, იწყება მზადება მისი ნათლობისთვის, ნათლიების შერჩევა… თქვენ როგორ ემზადებოდით ამ დღისთვის, რა ასაკში მოინათლა თქვენი გოგონა?
– როგორც კი ორმოცი დღის გახდა, მაშინვე მოვნათლეთ. ორმოცი დღის შემდეგ უკვე შეიძლება ბავშვი ეზიაროს უფლის უდიდეს საიდუმლოთაგან ამ უმთავრესს, გადმოვიდეს მასზე მადლი და დაცული იყოს სხვადასხვა ხიფათისგან.
ჩვენთან ტრადიციად არის ქცეული, რომ მეჯვარეები ავტომატურად ხდებიან ბავშვის ნათლიები. ხშირად ასეც არის, მაგრამ შეიძლება სხვებსაც მოანათვლინო შვილი, ვინც შენთვის ახლობელია, გამოცდილი გყავს უღალატო მეგობრობაში და გინდა, დაინათესავო. ჩვენი რელიგია გვაძლევს ამის საშუალებას. ასევე ნათესავებიდანაც შეიძლება აარჩიო ნათლია.
მე და ჩემი მეუღლე ამ საკითხში ერთსულოვანები ვიყავით, შვილის ნათლიებად მეგობრები ავირჩიეთ. არ გვიფიქრია, რომ რომელიმე გამორჩეული უნდა ყოფილიყო პოპულარობით ან სიმდიდრით. მთავარია, ისინი იყვნენ სულიერად მდიდრები და სიყვარულით სავსენი.
– ეკლესიურად ცხოვრებას რა ასაკიდან შეუდექით?
– მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და უფლის ყოველთვის მწამდა. მოძღვარიც მყავდა, მაგრამ ადრეულ წლებში ტაძარში ფრაგმენტულად დავდიოდი. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, აქტიური მრევლი გავხდი.
– არ მინდოდა, თქვენთან ამ მტკივნეულ საკითხზე მესაუბრა და რადგან თავად ახსენეთ, გკითხავთ – ასეთი ტრაგედიების დროს ჭირისუფალი ზოგჯერ რწმენაში სუსტდება და ღმერთის საყვედურს ამბობს. თქვენ რამ გაგაძლიერათ რწმენაში?
– როცა ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს, ჩვენი პატრიარქის კურთხევით და დავალებით მობრძანდა მამა შალვა კეკელია, რომლის სამძიმარმა, პატრიარქის გზავნილმა, საუბარმა და პანაშვიდებმა გადაგვატანინა კოშმარული დღეები. მას შემდეგ მამა შალვას მრევლი ვარ. ვიცი, რომ ჩემი დედიკო სამოთხეში განისვენებს, მისი სული ნათელში იმყოფება. ეს ღრმად მწამს. მართალია, ტკივილი და მონატრება არ გადის, მუდმივად თავს მახსენებს, მაგრამ სულისთვის დიდი შვებაა წირვა-ლოცვაზე დგომა, მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისების გადახდა. ტაძარი ნამდვილად გახდა ჩემი თავშესაფარი. უზომოდ დიდ პატივს ვცემ მამა შალვას, ჩვენს შვილსაც ძალიან უყვარს ჩვენი მოძღვარი.
– რწმენა დაგეხმარათ სცენაზე დაბრუნებაშიც?
– ბავშვობიდან ვმღეროდი. ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პროფესია და ამისთვის ბევრი ვიშრომე. დაბრუნება გამიჭირდა, მაგრამ ყოველთვის მახსოვდა, რომ დედა იყო ჩემი პირველი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მისი ოცნება იყო, მომღერალი ვყოფილიყავი. ის მოესწრო ამ ოცნების შესრულებას. მე დედის სიყვარულით, მისი ხსოვნის პატივისცემით დავითმინე ჩემი ტკივილი და ისევ ავმღერდი. ყოველთვის, როცა ვმღერი, უპირველესად დედისთვის ვმღერი.
მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა, მითანაგრძნო, გამამხნევა. მადლობა ჩემს მსმენელს, რომელმაც კეთილგანწყობა გამოხატა და სიყვარულით მიიღო ჩემი დაბრუნება.