როგორ გადარჩა რეზო ასათიანი აფხაზეთის ომში და როდის გაიარა ურთულესი პერიოდი მისმა და ირმა სოხაძის ოჯახმა
რეზო ასათიანი საზოგადოებისთვის ცნობილი საკმაოდ პატარა ასაკში გახდა. სიმღერის წყალობით, ის გამოჩენისთანავე შეიყვარეს, თუმცა, ბატონმა რეზომ, განსხვავებით მეუღლის – ირმა სოხაძისგან, სცენას საკუთარი პროფესია – მშენებლობა არჩია და საქმიანობა ამ მიმართულებით განაგრძო.
რეზო ასათიანი: საბურთალოზე, 62-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და სიმართლე გითხრათ, ახლაც ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. სკოლის პერიოდში სპორტსმენი ვიყავი, მძლეოსანი. საქართველოს ნაკრების წევრი და არაერთხელ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ასევე, საბჭოთა კავშირის პრიზიორი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ინსტიტუტში ისეთ „კარგ ბიჭებში“ მოვხვდი, მეორე კურსიდანვე ღვინის სმა დამაწყებინეს და სპორტს დავემშვიდობე (იცინის). არადა, მაშინ ინსტიტუტში სპორტსმენებს გრაფიკი გვქონდა, რაც გამოცდების დროს დიდ შეღავათებს გულისხმობდა. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით საბჭოთა კავშირის მასშტაბით და ამას ითვალისწინებდნენ. მოგეხსენებათ, გამოცდების დროს შეღავათები სტუდენტისთვის რამდენად მიმზიდველია, მაგრამ რადგან სპორტს თავი დავანებე, აღმოჩნდა, რომ გრაფიკს მიხსნიდნენ და ჩასაბარებელი გამოცდებიც დამიგროვდა (იცინის). ზუსტად ამ დროს მირჩიეს: რადგან შენ მღერი და ცოტა სმენაც გაქვს, მოდი ჩვენთან – „გეპეის“ ვაჟთა კაპელაში და თუ მიგიღეს, კაპელასაც იგივე გრაფიკი აქვს, რაც სპორტსმენებსო.
– გამოდის, ასეთმა შემთხვევითობამ გადაწყვიტა თქვენი ბედი…
– ასე გამოვიდა. მაშინ ცხონებული იუზა კუბლაშვილი იყო კაპელის ხელმძღვანელი. მივედი, გამსინჯა და აღმოჩნდა, რომ სმენა მართლა მქონდა. ასე გავხდი კაპელის წევრი და მეორე დღიდან გრაფიკიც აღმიდგინეს. ანუ გადავრჩი ინსტიტუტიდან გარიცხვას (იცინის). რეალურად, „გეპეის“ კაპელამ ძალიან ბევრი რამ მომცა – სიმღერაც ვისწავლე და კიდევ ერთი საძმო შევიძინე.
შემდეგ იყო ვოკალური კვარტეტი „თბილისი“, რომელიც მე ჩამოვაყალიბე. მაშინ 17-18 წლის ბიჭები ვიყავით და უცებ ძალიან პოპულარულები გავხდით.
– ასე მოვიდა პოპულარობა და დიდი სიყვარული, არა?
– კი, ასე იყო. ამ დროს, ერთი ახალგაზრდა ბიჭი გაგვაცნეს, კარგ სიმღერებს წერს და მოუსმინეთო. მოვუსმინეთ და მოგვეწონა. გვითხრა, ისეთ სიმღერას დაგიწერთ, პოპულარულები ხომ ხართ, მაგრამ სუპერპოპულარულები გახდებითო. ასე შეიქმნა სიმღერა „სიყვარულის სანთლები“. როგორც კი ეს სიმღერა ტელევიზიით გადაიცა, მაშინვე საოცრად პოპულარული გახდა და ჩვენ, როგორც თვითონ გვითხრა – კიდევ უფრო მეტად პოპულარულები (იცინის). ეს ბიჭი გახლავთ დღეს ძალიან ცნობილი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი. სხვათა შორის, მე და ჯემალი შარშან ერთად გავხდით თბილისის საპატიო მოქალაქეები. მან კიდევ ბევრი სიმღერა დაგვიწერა. პარალელურად, „გეპეის“ კაპელაშიც ვმღეროდი. ამის გარდა, იმ პერიოდში კაპელის ბაზაზე ჩამოყალიბდა „შვიდკაცა“, რომლის წევრიც, ასევე, გახლდით და საერთო ჯამში, ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით მსოფლიოს გარშემო. ზუსტად ერთ-ერთი მოგზაურობის დროს გავიცანი ირმა.
– გახსოვთ ეს გასტროლი?
– რა თქმა უნდა. კვარტეტ „თბილისს“ და ირმას ერთად მოგვიწია გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობა. ირმას შორიდან ვიცნობდი, რადგან ბავშვობიდანვე პოპულარული იყო, მაგრამ პირადად მაშინ გავიცანი. მერე იყო სიყვარულის ისტორია და შევუღლდით. ამის შემდეგ ცოტა ხანი ერთადაც ვიმღერეთ, მაგრამ მერე ვუთხარი, მე სიმღერა აღარ შემიძლია, ეს ჩემი ახალგაზრდული გატაცება იყო-მეთქი. ირმას უნდოდა, ერთად გვემღერა, მაგრამ 25-26 წლის ასაკში, ვიგრძენი, რომ მე ეს უკვე აღარ მინდოდა. მშენებელი ვარ და გადავწყვიტე ჩემი საქმისთვის მიმეხედა.
– რომ დაქორწინებულხართ, ქალბატონი ირმასთვის გითქვამთ, აღარ იმღერებო და პირიქით გამოვიდა.
– ეს სანამ შევუღლდებოდით, მანამდე ვუთხარი. მე ხომ აღარ ვმღერი და მოდი, შენც თავი დაანებე-მეთქი. მაშინ კი დამთანხმდა, მითხრა, კარგიო, მაგრამ ცოტა ხანი გავიდა და თვითონ კი არა, მეც თავიდან დამაყენა სცენაზე (იცინის). შემდეგ ამ საქმეს მე მაინც დავანებე თავი და ჩემი სპეციალობით წავედი.
31 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც სამშენებლო სამმართველოს უფროსად დამნიშნეს. მანამდე ყველა საფეხური გავიარე. ეს სერიოზული საქმე იყო. შემდეგ ჩამოყალიბდა სამშენებლო-საპროექტო გაერთიანება, რომელშიც ხუთი ჩემნაირი სამმართველო შედიოდა და იმის გენერალური დირექტორი გავხდი. ამასობაში 90-იან წლებამდე მივედით და ყველაფერი დაინგრა. მერე სულ სხვა ცხოვრება დაიწყო. გახსენებაც არ მინდა. ყველასთვის ურთულესი პერიოდი იყო. სახლიდან გასული შინ ცოცხალი დაბრუნდებოდი თუ არა, არ იცოდი. შემდეგ აფხაზეთის ომშიც მომიწია წასვლა.
– გამოდის, ის ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადეთ…
– არ შეგვეძლო სხვანაირად. მართალია, 20 წლის ბიჭი აღარ ვიყავი, უკვე 40 წლის ვიქნებოდი, მაგრამ იქ ისეთი ამბავი იყო, მე სახლში წამოწოლილი ვერ გავჩერდებოდი. სამი ძმაკაცი ავდექით, მედიკამენტები და საჭირო ნივთები შევაგროვეთ, ერთი თვითმფრინავი გავავსეთ და შუა ომის დროს სოხუმში ჩავფრინდით. ყველაფერი ჩავიტანეთ, მაგრამ უკვე ისეთი მდგომარეობა იყო, რომ უკან ვეღარ გამოვფრინდით. ჩავრჩით, 20 დღე სამხედროებთან ერთად გავატარეთ. შემდეგ რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოფრინდა და მათთან ერთად გამოგვიშვეს. ასე ჩამოვაღწიეთ ცოცხლებმა. აქ ერთი ამბავი იყო, ვერ გვიკავშირდებოდნენ და მკვდრები ვეგონეთ.
ძალიან მძიმე იყო. იქ ისეთი რამეები ვნახეთ, გახსენებაც არ მინდა.
– თქვენს მეუღლეს დავუბრუნდები. ურთიერთობის დასაწყისში თუ ფიქრობდით, რომ თქვენი ცხოვრება ასეთი საყვარელი და საინტერესო იქნებოდა ხალხისთვის?
– რატომაც არა, ირმა ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარეა. ერთი პერიოდი სამსახური არ ჰქონდა და სახლში იჯდა. ეს იყო ურთულესი პერიოდი მისთვის და ჩვენთვისაც (იცინის). ასეთი ენერგიის ადამიანისთვის ეს ნამდვილად რთულია. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც მარტო სიმღერით, რაც არ უნდა მაგარი მომღერალი იყო, თუ ადამიანად არ ვარგიხარ, არავის უნდიხარ. მე ვფიქრობ, რომ ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ირმას სფეროში იშვიათად მინახავს ცოლ-ქმარი ამდენი წელი ერთად იყვნენ. ჩვენ ორ წელიწადში 50 წელი გვიხდება.
ოჯახური ცხოვრება მხოლოდ ია და ვარდები არ არის. ოჯახს დიდი გაფრთხილება უნდა. დღეს ახალგაზრდებში აღარ არის ასეთი მიდგომა. გაშორება უფრო ემარტივებათ. ჩემს დროს გაშორება დიდი პრობლემა იყო, ამიტომ განქორწინება ახლაც ძალიან დიდი ტრაგედია მგონია, მით უმეტეს, როცა შვილი ჰყავთ. არ ვიცი, ეს ადვილად როგორ უნდა გადაიტანო.
– ცოტა ხნის წინ განსაკუთრებული ჯილდო მიიღეთ – საპატიო თბილისელის წოდება მოგენიჭათ. დასაწყისში მეგობრებზე ვსაუბრობდით და მგონია, რომ მათთან ერთად, იმ თბილისურ კოლორიტულ ურთიერთობებს აცოცხლებთ, რომელსაც სამწუხაროდ, უკვე წარსულში მოვიხსენიებთ ხოლმე.
– საპატიო თბილისელობა ჩემთვის ნამდვილად დიდი სიხარული იყო. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვარ მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ღირსების ორდენის კავალერიც, გამოგონებებიც მაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველა ტიტული ერთად აღებული ვერ შეედრება თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსს. როდესაც შენი საყვარელი ქალაქი საპატიო მოქალაქეს გიწოდებს, არ ვიცი, რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება?! მე ვგიჟდები ამ ქალაქზე. თბილისისა და საქართველოს გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. სიმართლე გითხრათ, გასტროლზე ერთი თვე რომ მივდიოდით, ხუთ წელიწადად მეჩვენებოდა. თვითმფრინავით კავკასიონს რომ გადმოვუფრენდით, თბილისს მოვუახლოვდებოდით და ჰაერში „თბილისო“ გაიჟღერებდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა ხოლმე (იცინის). თბილისი ახლა თითქოს სხვა ქალაქი ხდება. შეიძლება, ოდესმე უკეთესიც იყოს, მაგრამ ის რომ აღარ იქნება, რაც იყო, ამაში დარწმუნებული ვარ და განვიცდი. თბილისელობა რაინდობისა და ვაჟკაცობის სინონიმი იყო. აქ ვაჟკაცი სუსტს არ დაჩაგრავდა. აქ ნახავდით საოცარ პატივისცემას ქალების მიმართ. მტერი რომ შეგხვედროდა სადმე, თუ მანდილოსანთან ერთად მოდიოდა, გამორიცხული იყო მისთვის საქმის გარჩევა დაგეწყო. ქალთან მის ღირსებას არ დააკნინებდი. თუმცა, 70-იან წლებში ცოტა ზედმეტი მოგვივიდა თბილისელებს. თბილისელობა თბილისში დაბადებას არ ნიშნავს. თბილისელობა თბილისის წესებითა და მისი ხასიათით ცხოვრებას გულისხმობს. 70-იანებში კი ძალიან გამახვილდა ყურადღება დაბადებით თბილისელობაზე. მახსოვს ასეთ სადღეგრძელოებს ვამბობდით: ჩვენ ჩვენი ასფალტი გვირჩევნია იქაურ მინდორ-ველებსო და ასე შემდეგ. მოკლედ, ცოტა ზედმეტი მოგვივიდა და ბევრ ძალიან კარგ არათბილისელ ბიჭს ვაწყენინეთ. ეს რომ შევატყვე, მას შემდეგ მსგავსი სისულელეები აღარ მითქვამს და მივხვდი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დაბადების ადგილს.