შემოსავლის სწორად განკარგვა, ალბათ, დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, თუმცა ზოგს გამოგვდის თანხის პრაგმატულად ხარჯვა, ზოგს – არა. ვნახოთ, რა გამოცდილება აქვს ამ მხრივ მსახიობ ქეთი კანტიძეს.
ქეთი კანტიძე: დღეს ცხოვრება ისე აეწყო, რომ ფული ყველაფერია. ფულია ჯანმრთელობა, ფულია გართობა, ფულია ბედნიერება, ფულია მოგზაურობა, ფულია მეგობრებთან ურთიერთობა, ფულია ოჯახთან ურთიერთობა და ასე შემდეგ, რა ვიცი, ასე გამოვიდა. ფულის გარეშე დღეს არაფერი გამოდის.
– გახსოვთ, როდის გახდით ფინანსურად დამოუკიდებელი?
– საკუთარი შემოსავალი დიდი ხანია მაქვს, მაგრამ ფინანსურად დამოუკიდებელი არ ვარ. იმდენად მცირე შემოსავალი მაქვს, რომ ყოველდღიურად ბრძოლაა არსებობისთვის. არა, ამას ვხუმრობ (იცინის). ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ 17 წლიდან. მუშაობა ამ ასაკში დავიწყე.
– რა იყო თქვენი პირველი სამსახური, ხელფასი და ისიც თუ გახსოვთ, რაში დახარჯეთ?
– იმხელა ვარ, მას შემდეგ, მე რომ მუშაობა დავიწყე, ძალიან დიდი დრო გავიდა და აბა, რა მახსოვს რამდენი მანეთი მქონდა ხელფასი?! არც ის მახსოვს, რაში დავხარჯე. საერთოდ, დღიდან პირველი ხელფასისა დღემდე, აღებისთანავე ბოლომდე ვხარჯავ ფულს. სულ მიკვირს, ვიღაცას რომ ბარათზე ფული რჩება. ჯერ იმდენიც არ მაქვს, რომ დარჩეს, მაგრამ მაინც ყველაფერს ბოლომდე ვხარჯავ.
– მფლანგველი ხართ თუ პრაგმატულად მხარჯველი?
– მე მფლანგველი ვარ. პრაგმატულად ხარჯვა არ გამომდის. სიამოვნებით ვხარჯავ ყველაფერში, რაც მომინდება. რა თქმა უნდა, რაც ჩემი შემოსავლის ფარგლებში მომივა. როცა მე თვითონ ვერ ვყიდულობ, მეგობრები მყიდულობენ და ასე შემდეგ.
– ხელფასიდან ხელფასამდე ფულის გადანაწილება როგორ გამოგდით?
– ეგეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ არსებობს, ხელფასიდან ხელფასამდე ფულის გადანაწილება რა არის, არ ვიცი (იცინის). ხელფასს რომ ავიღებ, სამ დღეში არ მაქვს, მაგრამ მერე არის კიდევ სხვა შემოსავლები, ხან რეკლამა, ხან რაღაც გადაღება და ასე შემდეგ. ასე რომ, გამაქვს თავი. ისე არ არის, რომ სულ უფულოდ ვრჩებოდე, საწუწუნოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე. საკუთარი თავის უზრუნველყოფა შემიძლია.
– ფული თუ შეგიგროვებიათ კონკრეტული მიზნით, მაგალითად, დიდი შენაძენისთვის?
– კი, ერთხელ 100 000 დოლარი დავაგროვე (იცინის). სინამდვილეში მართალს ვამბობ. ბანკში ვაგროვებ ხოლმე და მერე იქიდან ვიღებ (იცინის). ბანკი მინახავს ფულს, მერე მე მივალ და მაძლევენ (იცინის).
– როცა დახმარება გჭირდებათ, პირველ რიგში, ვის მიმართავთ?
– შემიძლია, მეგობრისგან ვისესხო ფული, თეატრის გოგოებისგან. ახალგაზრდა გოგოები არიან და რომ ვეტყვი, რომ ფული მჭირდება, ისინი მეტყვიან, ჩაგირიცხავთო და მირიცხავენ. მერე ჩვენ გვექნება და უკან გადავურიცხავთ. ასე ვეხმარებით ერთმანეთს. რა ვიცი, აბა, რა უნდა ვქნათ. მერე უცებ გადაღება, რამე პროექტი გამოჩნდება და მოგეცემა ადამიანს რაღაცის საშუალება.
– ბევრისთვის ვალის აღება ტრაგედიაა, თქვენ, ალბათ, ასე არ უყურებთ.
– მე ვგიჟდები ვალზე, რა არის მის გარეშე ცხოვრება (იცინის). გგონიათ ვხუმრობ? იუმორით კი არ მითქვამს, მართლა მთელი ცხოვრებაა ბანკის ვალი მაქვს და ვცხოვრობ ასე მშვენიერი ხასიათით. რა თქმა უნდა, მაქვს იმის საშუალება რასაც ვიღებ, გადავიხადო კიდეც და ვიხდი. ასე რომ, ვალი სულ მაქვს.
– თვითონ გიყვართ გასესხება?
– თუ მაქვს, მართლა არავისთვის არ მენანება. ხშირადაც ვასესხებ ხოლმე ჩემს ახლობლებს. შედარებით უცნობები კი, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ხშირად მაწუხებენ. მგონია, იციან, ჩვენთან მაინცდამაინც დიდი ანაზღაურება რომ არ აქვთ მსახიობებს.
– თეატრში თქვენ გეხებათ მსახიობების ჯარიმები და მსგავსი ამბები…
– კი ბატონო, მაგრამ ის ჯარიმები ჩემთან არ მოდის (იცინის). ეს ფული თეატრის ბიუჯეტში მიდის. ვინმე კარგ საქმეს თუ გააკეთებს, პრემიები გამოეწერება. ჯარიმების ფულით არა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ პრემიასაც ვწერთ და ჯარიმასაც, იმის მიხედვით, თუ როდის რა არის საჭირო და ეს ორი ერთმანეთს აბალანსებს. მსახიობი თუ ნასვამი მოვა ან რეპეტიციაზე დააგვიანებს, ჯარიმა ამ შემთხვევაში იწერება. შიდაგანაწესში კიდევ ათასი წესია. ამ მხრივ, ძალიან მკაცრი ვარ, როცა საქმე სამსახურს ეხება, იქ არც იუმორი ჭრის და არც მეგობრობა. საქმე საქმეა და მეგობრობა – სხვა. ამას ერთმანეთში არ ვურევ.
– ყველაზე სარფიანად რაში დაგიხარჯავთ ფული?
– მოგზაურობაში, ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა და ამ დროს ფულის ხარჯვა ნამდვილად არ მენანება. კიდევ ავეჯზე ვგიჟდები და ბევრი მაქვს შეძენილი. ერთხელ მაღაზიაში მითხრეს: ქეთი, კარგი კომოდი გვაქვს და წაიღეო. მე ვუთხარი, ამ კომოდს კი წავიღებ, მაგრამ ალბათ, მე თვითონ ბინას ვიქირავებ-მეთქი. ბევრი ავეჯი მაქვს. ამაზე ვერ ვეუბნებოდი საკუთარ თავს უარს, მაგრამ ახლა უკვე იძულებული ვარ, ვუთხრა, იმიტომ რომ სახლში აღარაფერი მეტევა. რამდენი შეიძლება, იყიდო?!
– შემოსავალი საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით გაქვთ გადანაწილებული?
– არა, არა! არ მიფიქრია, მოდი ამაში ამდენს დავხარჯავ და ამაში ამდენს-მეთქი. რაც დამჭირდება, იმას ვყიდულობ. იმდენს ვხარჯავ, რამდენიც მჭირდება და მაშინ, როცა საჭიროა. შეიძლება, ერთ დღეს მთელი თანხა მეგობრებში დავხარჯო, ერთ დღეს – საკვებში და ერთ დღესაც – მოგზაურობაში. რაღაც გაწერილი გეგმა ნამდვილად არ მაქვს.
– ზოგადად, ფულის შოვნის მარიფათი გაქვთ?
– ნამდვილად არა. მეგობარი მკარნახობს, შნო არა, მაგრამ იღბალი გაქვსო (იცინის). უცებ დამეცემა ხოლმე თავზე ისეთი საქმე, რომელზედაც მანამდე არ მიფიქრია. აი, ადამიანი ძალიან გაჭირვებულად რომ არის და ფიქრობს, ვაიმე, ფული აღარ მაქვს, ხვალ რა ვქნა?! მე ასე არ ვუდგები ხოლმე. კი, დღეს შეიძლება, კაპიკი არ მაქვს, მაგრამ ხვალ გამოჩნდება რეკლამა და ავიღებ უამრავ ფულს (იცინის).
– ახალი საქმეებისა და პროექტების ასაღებად თქვენ არ იჩენთ ხოლმე ინიციატივას?
– არა, არა. მე როგორ უნდა ვიყო ინიციატორი, თუ ვინმეს არ დავჭირდი?! ბედი რასაც მიგზავნის, იმას ვთანხმდები. მე არაფერს ვცდილობ, ყველაფერი თავისით მომდის (იცინის).