გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, Georgian Airways-ის მფრინავი, ირაკლი მეზვრიშვილი ამბობდა, რომ ბედნიერია, რადგან ისევ ჯდება მოსკოვისკენ მიმავალი თვითმფრინავის საჭესთან.
მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად მეზვრიშვილის კომენტარი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალეს.
“მეგობრებო, დღეს, ტელეკომპანიებმა მთავარი არხი • Mtavari Arkhi და Formula • ფორმულა გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების ინფორმაციაზე დაყრდნობით, მე გავაკეთე კომენტარი თბილისი-მოსკოვის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და გამოვხატე პოზიცია.
ხაზგასმით და კატეგორიულად ვაცხადებ: არსად, არც ერთ ორგანიზაციასთან თუ მედიასაშუალებასთან არ მქონია კომუნიკაცია რუსეთ-საქართველოს ფრენებთან დაკავშირებით, არ გამიკეთებია არანაირი კომენტარი და შეფასება, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება ის სიყალბე, რომლის შედეგად ადამიანებმა გამოხატეს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ!
ქართული ტელევიზიებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პირველწყაროში უბრალოდ არც კი იძებნება, არის ბინძური ტყუილი, ცილისწამება და ჩემი რეპუტაციის შელახვა, რომელსაც მე ჩემი საქმიანობით და ცხოვრების წესით მუდმივად ვუფრთხილდები და ვიცავ ჩემი მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით.
ჩემთვის ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია ის კომენტარები, რაც მოჰყვა სოციალურ ქსელში ამ ე.წ. ნიუსის გამოქვეყნებას, შესაბამისად, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩემს როგორც ადამიანურ, ისე პროფესიულ რეპუტაციას და არის ტყუილი და ცილისწამება.ხოლო თუ ვინმესთვის მაინცდამაინც ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პოზიცია ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, განმარტავ, რომ მე ვარ პროფესიონალი მფრინავი, მრავალი წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს საქმეს, ჩემს ქვეყანას და ჩემი ერთადერთი, ყველაზე დიდი ვალდებულებაა არა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, არამედ მგზავრების უსაფრთხოება და მშვიდობიანი ფრენა ყველა ქვეყანაში, სადაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამის საჭიროება იქნება”, – წერს ირაკლი მეზვრიშვილი.