”მე და ჩემს დედამთილს ბევრი საიდუმლო გვაქვს”

246

მსახიობ ციაკო ფიფიას იუმორისტული პერსონაჟების ,,გალერეა” მრავალფეროვანია – ვაკელი გოგო, დედამთილებთან მოჩხუბარი რძალი, ზარმაცი გამყიდველი, სამეგრელოდან თბილისში ჩამოსული ,,დაქოქილი” გოგო და ა.შ. მართალია, თავად თვლის, რომ ყველა როლი ერთნაირი წარმატებით ვერ გამოსდის, მაგრამ ქმრის სახით დიდი მხარდამჭერი ჰყავს.

საერთოდ, ციაკოს ზურგს უმაგრებს ოჯახი, რომელშიც 8 წლის წინ შევიდა და დღემდე თვლის, რომ ძალიან გაუმართლა. მთელი ეს პერიოდი დედამთილთან და დიდ დედამთილთან ერთად ცხოვრობს და ცალკე გადასვლის სურვილი არასოდეს ჰქონია.

– რაც ოჯახი შექმენით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, რამდენად ახერხებთ, რომ დააბალანსოთ დრო საქმესა და ოჯახს შორის?

– სანამ გავთხოვდებოდი, ბაბუაჩემი სულ იძახდა, თხა არის და რომ გათხოვდება, აუცილებლად უკან მოგვიბრუნებენ, არაფრის გაკეთება არ იცისო. მართლა ასე იყო, სანამ გავთხოვდებოდი, საოჯახო საქმე ჩემი არ იყო. 16 წლიდან სულ ვმუშაობ და სახლში თითქმის არ ვიყავი. სახლში მისვლისას, სანამ მოვწესრიგდებოდი და სამზარეულოში შევიდოდი, ბებია უკვე გამზადებულ სუფრას მახვედრებდა. ბაბუა სერიოზულად ნერვიულობდა, რომ საკუთარი ოჯახის შექმნისას ვერაფერს გავაკეთებდი. გათხოვებისთანავე ვეცადე, რომ კარგი დიასახლისი გავმხდარიყავი. ჩემს მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია.

– რა აზრის არის ქმარი იმ სკეტჩებზე, რომლებშიც მონაწილეობთ, თქვენს პერსონაჟებს როგორ აფასებს?

– ძალიან ხალისობს ჩემს პერსონაჟებზე. მე, პირადად, არასოდეს მომწონს ჩემი თავი ეკრანზე, სულ მგონია, რაღაცას ვერ ვაკეთებ, ამიტომ ქმრის შეფასებები ჩემთვის მნიშვნელოვანია.

– ხშირად თამაშობთ რძლების როლებს, რომლებიც დედამთილებს ეომებიან. როგორია თქვენი რძალდედამთილობა რეალურ ცხოვრებაში?

– დედამთილთან ჩემი ურთიერთობის ფორმა აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც სკეტჩებშია. 8 წელია, გათხოვილი ვარ და 8 წელია, ვცხოვრობ ჩემს არაჩვეულებრივ დედამთილთან. ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი შემხვდა. სულ მგონია, რომ მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. საერთოდ არ მაქვს იმის განცდა, რომ ჩემი ქმრის დედაა, მგონია, რომ დედაჩემიც არის.

საუკეთესო მეგობრები ვართ და ერთმანეთის მესაიდუმლეები. ბევრი ისეთი საიდუმლო გვაქვს, რომლებიც მარტო ჩვენ ორმა ვიცით და არავინ სხვამ. ჩემი მესაიდუმლე ყოველთვის იყვნენ დედა, დეიდა და დაემატა დედამთილი. ხანდახან მეშინია, ხმამაღლა ვთქვა, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა მაქვს დედამთილთან.

– ალბათ თქვენს დაქალებსა უკვირთ ასეთი ურთიერთობა.

– კი. სხვათა შორის, ხშირად მეკითხებიან, როგორ ცხოვრობ დედამთილან ერთად, რატომ მარტო არ ცხოვრობო. მე რომ დედამთილთან ერთად არ ვცხოვრობდე, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. დედამთილი ჩემს შვილს თავიდან ბოლომდე ზრდის. ხანდახან ისეთი რეჟიმი მაქვს, რომ რამდენიმე დღე შეიძლება ვერ ვნახო ბავშვი, რადგან, როცა სახლიდან გავდივარ და ვბრუნდები, სძინავს ხოლმე.

ჩემს მეუღლეს ჰყავს ბებო, რომელიც ასევე ჩემი ბებოც გახდა. დედამთილიც და ბებიაც გადაყოლილები არიან ჩემზე. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ოჯახი შემხვდა. სანამ გავთხოვდებოდი, ისეთი ურთიერთობა მქონდა დედასთან, დეიდასთან და ბებიასთან, რომ ვერ წარმომედგინა, სხვა ოჯახში როგორ არ უნდა მქონოდა იგივე ურთიერთობა.

არ მესმის, რატომ შეიძლება არ გინდოდეს იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება, რომელიც ყველანაირად გვერდში გიდგას, გეხმარება. ამიტომ ვერ ვუგებ იმ გოგოებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცნობენ დედამთილებს და უკვე მოთხოვნა აქვთ, რომ ცალკე იცხოვრონ. იმაზე კარგი რა არის, როდესაც იცი, რომ სახლში გყავს ორი საოცარი ქალი – დედამთილი და ბებია, რომლებიც ყოველთვის გვერდში გიდგანან.

– როდესაც ამ დიდ ოჯახში თქვენ და თქვენი მეუღლე რაღაც ყოფით საკითხზე კამათობთ, როგორია დედამთილის პოზიცია?

– არ არსებობს, დედამთილმა, ქმართან ერთად თუ ვარ, ის არ გაამტყუნოს, მაგრამ როგორც კი ჩემი ქმარი სახლიდან გავა, მერე დამსვამს და მეუბნება, რაში ვიყავი მართალი და რაში – არა. რჩევებს, დარიგებებს მაძლევს და ამას ისეთი ფორმა აქვს, რომ შეუძლებელია, არ მიიღო. ყველა გოგოს ვუსურვებ ისეთ საჩუქარს, როგორიც ჩემი დედამთილია.