ცნობილი წყვილი ირაკლი ფიფია და ანი ჩხეიძე რამდენიმე თვის წინ პატარა ალექსანდრეს მშობლები გახდნენ. როგორი აღმოჩნდა მამობა და რა შეცვალა შვილის დაბადებამ მათ ცხოვრებაში ამაზე ირაკლი გვიამბობს.
ირაკლი ფიფია: ალექსანდრე ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვია. უმიზეზოდ არ ტირის, არ გვაწუხებს. როცა მოშივდება, მხოლოდ მაშინ წუწუნებს. თამაში უყვარს, არავის უცხოობს და ყველასთან მიდის. ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა. ორი–სამი თვიდან გარეთაც გაგვყავს მეგობრებთან, ლისზე და სხვა ბავშვისთვის შესაფერის ადგილებში ვასეირნებთ.
– როგორი აღმოჩნდა მამობა?
– ძალიან მაგარია, თუმცა, სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ მამა ვარ. ახლა ვხვდები, რას გულისხმობდნენ, როცა ამბობდნენ, ვერ აღვიქვამ, მამა რომ ვარო. მართლა რთულია ამის დაჯერება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვის აღზრდის პროცესში არ ხარ ჩართული. მე აბსოლუტურად ყველაფერში ვარ ჩართული და ამიტომ მაინც მგონია, რომ უფრო ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ზოგჯერ მაინც აგონიაში ვარ. სახლში რომ მოვდივარ და ვუყურებ, არ მჯერა, რომ ეს ჩემი შვილია. მართლა საოცარი გრძნობაა, საერთოდ სხვანაირად დამანახვა რაღაცები.
– მის მიმართ პასუხისმგებლობას, ალბათ, ნერვიულობაც ახლავს?
– ამ მხრივ, მაინცდამაინც პრობლემა არ მაქვს. ალბათ, იმიტომ, რომ თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა ყველაფერი. ზოგი არ არის მზად მამობისთვის. მე შვილი მინდოდა, ახლა მყავს და საერთოდ არაფერზე ვნერვიულობ. არანაირი შიში, ბედნიერებით ვტკბები.
– როგორ ზრუნავ მასზე?
– სახლში ნახევარ დღეს ვატარებ და როცა სახლში ვარ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია. მაგალითად, ჩემთან ძალიან მარტივად იძინებს. ეს დიდი პლუსია (იცინის). სხვათა შორის, ვბან კიდეც. მარტოც შემიძლია, მისი დაბანა. ერთი-ორჯერ მომიწია, პამპერსიც გამომეცვალა და დამებანა კიდეც. საინტერესო პროცესი იყო (იცინის). მეგონა, უსიამოვნების განცდა მექნებოდა, მაგრამ საერთოდ არ იყო ასე. საჭმელს მე ვერ ვაჭმევ, რადგან ბუნებრივ კვებაზეა, თორემ რომ შემეძლოს, აუცილებლად ვაჭმევდი. ანი თუ გარეთ გავა და საჭმელს დამიტოვებს, არც ეგ იქნება პრობლემა. მარტო ბავშვთან ერთად დარჩენა ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელი. როცა შენს შვილს ეხება საქმე, მგონია, რომ ყველაფრის გაკეთებას შეძლებ.
– ვის ჰგავს პატარა?
– ანის პატარაობის ფოტოებს რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ თავიდან ბოლომდე მას ჰგავს. ზოგი გვეუბნება, შენ გგავსო, მე ვფიქრობ, ბავშვი რომ გაიზრდება თვითონ გადაწყვეტს (იცინის).
– ძალიან კარგი გასაზრდელი ბავშვი ყოფილა, უპრობლემო. ხასიათით რომელი იმსგავსებთ?
– რა თქმა უნდა, მე, ამას არც არავინ უარყოფს (იცინის). ანი ცოტა ჭიჭყინა ყოფილა, მე – ძალიან წყნარი. ანუ, ხასიათით მე მგავს.
– სახელი როგორ შეურჩიეთ?
– მართლა ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ სახელზე. გვინდოდა, არაბანალური სახელი შეგვერჩია. ძალიან ევრუპული სახელიც არ გვინდოდა, მე პირადად გამიჭირდებოდა შეგუება. სანამ დაიბადებოდა, ერთი კვირით ადრე, რატომღაც, გადავწყვიტეთ, რომ ალექსანდრე დაგვერქმია. თავიდან სხვა იდეა გვქონდა, დემე გვინდოდა, მაგრამ მერე, რატომღაც, გადავიფიქრეთ და ასე დაიბადა ალექსანდრე. სხვათა შორის, 13 ნოემბერს მე მაქვს დაბადების დღე და ჩვენი შვილი 11-ში დაიბადა. არაჩვეულებრივი საჩუქარია.
– რა შეცვალა ალექსანდრემ თქვენს ურთიერთობაში?
– ახლა დიდად ვეღარ ვახერხებთ სადმე ერთად წასვლას, რაღაცების გადადება გვიწევს, მაგრამ ვიცით, რომ ეს ყოველთვის ასე არ გაგრძელდება, მაინც დროებითია. ზოგჯერ ვახერხებთ ბავშვის ბებია–ბაბუებთან დატოვებას და სადმე წასვლას. კი, როცა პატარა ჩნდება, გიწევს რაღაცებზე უარის თქმა, მარტო ვეღარ რჩებით და ძველებური თემები აღარ არის. ეს ბუნებრივია, ცხოვრების სხვა საფეხურზე გადადიხარ. ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ, ეს ცვლილებები უკეთესობისკენაა და არა პირიქით. ურთიერთობა კიდევ უფრო გაგვიუმჯობესდა, ერთმანეთი სხვა კუთხით დავინახეთ. მე დავინახე, როგორი დედაა ანი, ანიმ დაინახა, როგორი ვარ მე მამის ამპლუაში.
– რას ამბობს ანი, როგორი მამაა ირაკლიო?
– იდეალურიო (იცინის).
– ანი როგორი დედა აღმოჩნდა?
– თავიდან ამბობდა ხოლმე, აი, რომ გავაჩენ ბავშვს და ფორმას დავუბრუნდები, დავუტოვებ ბებია-ბაბუას და ჩვენ იქ გავემგზავროთ, აქ გავემგზავროთო. ახლა ბავშვს ხუთი წუთითაც არ ტოვებს. თავდაპირველი წარმოდგენები სულ სხვაა. როცა ხედავ, რომ ბავშვი მთლიანად შენზეა დამოკიდებული, როცა ხედავ როგორი საყვარელია, ვერ დატოვებ და სხვაგან ვერ წახვალ. თავიდან ყველა გოგო ასეა. ვიღაცები იმასაც ამბობენ, ბუნებრივ კვებაზე არ მეყოლება, მკერდი გამიფუჭდებაო, მაგრამ ბავშვი რომ იბადება, ოღონდ ის იყოს კარგად და მკერდზე კი არა, არაფერზე წუხხარ.
– თავიდან მამებს უჭირთ თოთო ბავშვთან ურთიერთობა.
– კი, კი, მეც ასე ვიყავი. თავიდან საერთოდ ვერ ამყავდა ხელში. მეგონა, რაღაცას ვატკენდი. დაახლოებით ორი კვირა ასე გაგრძელდა. მერე, პირველად ძალით რომ დავიჭირე ხელში, ნერვიულობისგან ხუთ წუთში სულ გავიოფლე, ძალიან დაძაბული ვიყავი. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე. თავიდან ვამბობდი, სანამ არ გაიზრდება, ხელში ვერ დავიჭერ-მეთქი, მაგრამ ახლა ვიჭერ კი არა, აქეთ-იქით ვაბურთავებ (იცინის).
– ანი, ამ მხრივ, უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა?
– სხვათა შორის, კი. ანი მთელი რვა წელი ჩემზე იყო დამოკიდებული. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც მე ვეუბნებოდი, თვითონ მაინც უფრო ბავშვური იყო. ამიტომ თავიდან მეგონა, რომ ბავშვზე პასუხისმგებლობის აღება ძალიან გაუჭირდებოდა. ჯერ თვითონაც პატარაა, მაგრამ ისეთი დედა აღმოჩნდა, მეც ძალიან გამიკვირდა. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია. არაფერი ეზარება, არც ღამეების თენება და ყველანაირად ძალიან ყოჩაღია.
– ხომ არ ეჭვიანობთ პატარას გამო?
– შეიძლება, არის რაღაც პატარა მომენტები, მაგრამ ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ასეთ რამეებზე არ ვჩხუბობთ. რვაწლიანი ურთიერთობის განმავლობაში სულ სამჯერ ვიჩხუბეთ, პრინციპში იმას ჩხუბსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს ურთიერთობას. ახლა პატარა ეჭვიანობები კი არის, ბუნებრივია, ბავშვზე გადავიდა მეტი ყურადღება, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი, რადგან ამასაც ვაბალანსებთ.