როგორ აცხოვრა ტყუილში ერთი წელი საყვარელმა მამაკაცმა ნინი ონიანი და რის გამო აბულინგებდნენ მას თანაკლასელები

322

ბევრმა არ იცის, რომ ულამაზეს ნინი ონიანს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა პროფესიით ფარმაცევტი გახდა. დღეს კი საკმაოდ მოთხოვნადი და პროფესიონალი ფიტნესინსტრუქტორია. ისიც არ იცის ბევრმა, რომ ნინი ბავშვობიდან ბულინგის მსხვერპლია. დაჩაგრული ბავშვის ფსიქიკამ კი მის ცხოვრებაზე მძიმე გავლენა იქონია. ის, თავისი ბავშვური, მიამიტური, მიმნდობი ბუნების და გულწრფელი გრძნობის გამო, თაღლითი მამაკაცის მახეშიც გაება და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა.

ნინი ონიანი: მშობლები რომ ერთმანეთს გაშორდნენ, ხუთი წლის ვიყავი. მამა უცნაური ხასიათის იყო, შეძლებული ოჯახის შვილი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერაფერში გამოიყენა. დედა გაჭირვებით მზრდიდა, მამა ფინანსურად არ გვეხმარებოდა. მოკლედ, დაშორებიდან ათი წელი ისე გავიდა, მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. არც მისი მხრიდან ყოფილა დაინტერესება და არც ჩემი მხრიდან. თუმცა, თხუთმეტი წლის ასაკში, ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსიში და მამასთან სახლში მივედი. უბრალოდ, მაინტერესებდა, ვინ იყო ეს ადამიანი.

– დედამ იცოდა მამასთან რომ მიდიოდი?

– დედას არც მაშინ ვუმალავდი არაფერს და არც ახლა ვუმალავ, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. თამამად ვიტყვი, ჩემი მესაიდუმლეა. ამდენი ხნის მერე, ახლაც კი განვიცდი იმ დღეს, როცა მამასთან მივედი. კარი ბებიამ გამიღო და რომ დამინახა, შემიპატიჟა. მითხრა, კახა არ არის სახლში და მალე მოვა, დაელოდეო. დაიწყო ხაჭაპურების დაცხობა, ვითომ ის ათი წელი არ ყოფილა, ისეთი დახვედრა მომიწყო. კახაც მოვიდა, თბილად ვისაუბრეთ, გამომართვა კოორდინატები და მითხრა, შეგეხმიანებიო. ველოდებოდი, თუმცა, არ დაურეკავს და არც გამოჩენილა. არადა, მთელი ბავშვობა ველოდებოდი მამის სითბოს, შექებას, ყურადღებას… გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ გამოჩნდებოდა, თუმცა შევცდი. ეს კაცი იყო ჩემთვის უცხო, უბრალოდ, ვიცოდი, რომ ჩემი ბიოლოგიური მამა იყო. სამწუხაროდ, ახლახან გარდაიცვალა და მაინც ძალიან განვიცადე.

– პირად საუბარში მითხარი, თანაკლასელებისგან ბულინგის მსხვერპლი ვიყავიო და რის გამო გაბულინგებდნენ?

– ვერაზე, 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. არ მთვლიდნენ მათი ფენის და კასტის წარმომადგენლად და ამის გამო, ხშირად ვხდებოდი მათი ბულინგის მსხვერპლი. თანაკლასელების ბულინგმა კი უფრო მეტად გააღრმავა ჩემი კომპლექსები. მეუბნებოდნენ: რამხელა ყურები გაქვს… რანაირად გაცვიაო… მე არ მეცვა ისე, როგორც მათ ეცვათ. გარემომ, სადაც მიხდებოდა ყოფნა, უმამოდ გაზრდამ და ბევრმა სხვა ფაქტორმა, არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩინა.

– ნინი, ბავშვობის ტრავმებმა დიდობაში თუ იჩინა თავი?

– მელანქოლიური ხასიათი მაქვს და მქონდა პანიკური შეტევები, შიშები და მუდმივი შფოთვა. პირველად ეს ოცდაორი წლის ასაკში მოხდა, ძლიერი შეტევა მქონდა. ეს გამოიწვია, პირველმა სერიოზულმა ურთიერთობამ ასაკით უფროს მამაკაცთან. მასთან ყოფნის პერიოდში დამეწყო პანიკური შეტევები. ერთ წელში დავშორდით და დამეწყო დეპრესია. მეგონა, ცხოვრება დამთავრდა, ვერც გარეთ გავდიოდი, მეწყებოდა პანიკური შეტევები, ვიკეცებოდი, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა… საშინელი კოშმარი იყო ის პერიოდი. დამჭირდა ფსიქოლოგი, ნერვოპათოლოგი, მედიტაცია და ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. თუმცა, მაინც დატოვა კვალი. ანტიდეპრესანტებს ახლაც ვიღებ.

– ვიცი, დეპრესიის დასაძლევად ვარჯიში დაიწყე და საკუთარი ფიტნესინსტრუქტორი შეგიყვარდა. თქვენი რომანი ერთი წელი გაგრძელდა და საკმაოდ დიდი ტრავმა მოგაყენა. როგორც ვიცი, ფსიქოლოგური ძალადობის მსხვერპლი გახდი. რეალურად რა მოხდა?

– დავძლიე პანიკური შეტევები, დეპრესია, დავიწყე ვარჯიში და ვიფიქრე, ცხოვრებაში ყველა ცუდი ეტაპი უკან მოვიტოვე, თუმცა, უარეს დღეში ჩავვარდი. მოკლედ, ვარჯიში რომ დავიწყე, მივხვდი, ტრენერის მიმართ გრძნობა გამიჩნდა და მისგანაც ანალოგიურს ვგრძნობდი. ეს, ცალმხრივი არ ყოფილა. ჩვენ შორის ცეცხლოვანი რომანი გაჩაღდა. ვნება რომ ცოტა განელდა, დავაფიქსირე, რომ ეს ადამიანი სოციალურ ქსელში, მეგობრებში მმალავს და არც ჩემს მეგობრებთან მომყვება. ვკითხე, ასე რატომ ხდება-მეთქი და მიპასუხა: ნინი, მე მასონების დაჯგუფებაში ვარ გაერთიანებული და ჩემთვის რეკომენდებული არ არის, მქონდეს პირადი ცხოვრება, მით უმეტეს გასაჯაროებულიო. ეს შოკის მომგვრელი ინფორმაცია იყო ჩემთვის და არც კი ვიცი, როგორ დავუჯერე. სულ დაძაბული ვიყავი, აქეთ-იქით ვიყურებოდი, მეგონა, მითვალთვალებდნენ. ძირითადად, მასთან სახლში და დარბაზში ვხვდებოდით. მოკლედ, დავიჯერე, რომ მასონებშია გაწევრიანებული და ეს ბურუსით მოცული ისტორიაა. აღმოჩნდა, რომ ჩემამდე, რვა წელი ჰყავდა ერთი ქალი და ჩემთან რომ იყო, პარალელურად, მასთან დადიოდა. ეს დაშორების შემდეგ გავიგე. ზოგადად, არ ვარ ეჭვიანი, მაგრამ ერთხელ აბაზანაში ვიპოვე „რიჟა“ ფერის თმა და ვკითხე: ეს თმა ვისია-მეთქი. პანიკაში ჩავარდა და მოიგონა ზღაპარი: ჩემს ყოფილს გასაღები აქვს, ის შემოიპარა ჩუმადო. მაშინ, დავიჯერე. ახლა სასაცილოა. ჩვეულებრივი ფსიქოპათი იყო და ამას მე გვიან მივხვდი.

– კონკრეტულად როდის მიხვდი?

– ერთ დღესაც მეუბნება: მე დღეს დავალებაზე მივდივარ, არ ვიცი, ხვალ დავბრუნდები თუ არაო. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. მთელი ღამე არ მძინებია, დილით წავედი დარბაზში, მხვდება გასავათებული, განადგურებული. ვკითხე, რა ხდება-მეთქი. გამიყვანა გვერდით, მაისური აიწია და დავინახე დასერილი სხეული. ეს იყო თვითდაზიანება, რომ მისი ტყუილი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. ერთი სიტყვით, ეს იყო ტოქსიკური ურთიერთობა, რომელიც საბედნიეროდ, დროულად დასრულდა და ამ ყველაფერმა მე უფრო გამაძლიერა. ეს ადამიანი არ იყო გაწონასწორებული და კიდევ კარგი, დროულად მივხვდი. ეს იყო გამოცდილება და გარდატეხა, რომელმაც ცხოვრების ახალ გზაზე დამაყენა. რომ არა ეს ფსიქოლოგიური დარტყმა, მე ვერასოდეს დავიწყებდი ახალ, ჯანსაღ ცხოვრებას. ვეძებ ხოლმე და იმ დეპრესიული და სუსტი ნინისგან არაფერი დარჩა. ამ ადამიანთან დაშორების მერე, თვეები ლოგინიდან არ ავმდგარვარ, დეპრესიამ შემომიტია, მაგრამ ესეც დავძლიე და ოთხ თვეში სამსახურშიც გავედი. ახლა დილით ადრე ვდგები, შვილი ბაღში მიმყავს, დარბაზში მივდივარ და მთელი დღე ვმუშაობ.