რამ ასწავლა მზია ორველაშვილს რისკზე წასვლა და ვინ ჩააბარა მას საპასუხისმგებლო პოსტი

302

მზია ორველაშვილის ცხოვრებაში კარგი ახალი ამბების დროა. ის ახლახან სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა, თუმცა მხოლოდ ეს არ არის, მზიამ ცოტა ხნის წინ სამშენებლო კომპანიის დირექტორის პოსტი ჩაიბარა.

მზია ორველაშვილი: სერიალში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩემმა დაქალმა მირჩია, ჩემი ფოტოები გამეგზავნა ქასთინგმენეჯერთან. გიორგი ბახუტაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ცალკე ის მეუბნებოდა, წადი კასტინგზეო. მოკლედ, მეგობრების რჩევით, მართლა გავგზავნე ჩემი ფოტოები და კასტინგზე დამიბარეს. იქ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცოტა ხნის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, ერთ-ერთ მთავარ როლზე ხარ დამტკიცებულიო. სიხარულისგან ყვირილი დავიწყე. ძალიან მიყვარს ეს სერიალი და ამ ზარმა უზომოდ დიდი ბედნიერება მომიტანა. რაც შეეხება როლს, ვფიქრობ, რომ კარგად მოვირგე. საინტერესო პერსონაჟია და მგონია, რომ მაყურებელი შეიყვარებს. მიხარია, რომ ამ სერიალით სხვა კუთხითაც გამიცნობენ. სინამდვილეში ჩემი პერსონაჟისნაირი საერთოდ არ ვარ, მაგრამ სერიალში მონაწილეობა ძალიან საინტერესო პროცესი ყოფილა.

– კასტინგზე მისვლისას გჯეროდა, რომ აგიყვანდნენ?

– მე ხომ არაფერში არ მიმართლებს? (იცინის) თითქოს, ვიღაცამ გამთვალა და რამეს რომ მოვკიდებ ხელს, ან საშუალოდ გამოვა, ან საერთოდ არ გამოვა. მე და ჩემი დაქალი-რძალი, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავით. გარეთ გავედით, სასოწარკვეთილები გულის გადასაყოლებლად. კასტინგიდან რამდენიმე დღე იყო გასული და ვიცოდი, რომ გადაღებები მალე უნდა დაწყებულიყო. ვეუბნებოდი, ხომ იცი ჩემი ბედის ამბავი, გამორიცხულია, არ დამირეკავენ-მეთქი და ზუსტად ამ დროს გაისმა ტელეფონზე ზარი. რომ მითხრეს, აგიყვანეთო, ისე გამიხარდა, ლამის ვიტირე (იცინის). აქამდე ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტზე – „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“, ვმუშაობდი. „ჩემი ცოლის დაქალებიც“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელსაც ყველა უყურებს. ასე რომ, მეორე სერიოზულ პროექტშიც ჩავერთე.

– მსახიობის ამპლუა პირველად მოირგე?

– ერთ-ერთი სერიალის ორ სერიაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ამბავიც სრულიად შემთხვევით მოხდა, მაგრამ ამას დიდ გამოცდილებას ვერ დავარქმევ. ძალიან მომწონს გუნდი, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მუშაობს და ვფიქრობ, რომ მათ გვერდით ბევრ რამეს ვისწავლი. ვერ ვიტყვი, რომ მსახიობი ვარ, მაგრამ ძალიან საინტერესო პროფესია ყოფილა და თურმე, ძალიან დიდ შრომას საჭიროებს. სტრესიც ბევრია და დიდი ადრენალინიც მოაქვს. თითქოს, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

– არ ნერვიულობ?

– პირველივე გადაღებაზე აღვნიშნე, რომ ძალიან ვნერვიულობ. შეჯიბრებებზე არ მქონია ასეთი განცდა, როგორიც გადაღებების დაწყებისას. ვნერვიულობდი, რამე ცუდად არ გამეკეთებინა, დაძაბული ვიყავი. არ მინდოდა, იმედი გამეცრუებინა იმ ადამიანებისთვის, ვინც მენდო. დღესაც ვნერვიულობ, ჩაწერებზე სულ ემოციებში ვარ.

– ეს არ არის ერთადერთი ახალი ამბავი, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი გახდი.

– კი, ასეა. მიწა ვიყიდეთ და სექტემბრიდან მშენებლობას ვიწყებთ. ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ამბობენ, სწავლა სიბერემდეო და მეც ვსწავლობ. ეს შემოთავაზება ძალიან ახლობელი ადამიანისგან მივიღე და დავთანხმდი. ის ჩემი სტუდენტობის მეგობარია. ბელორუსიაში რომ გადავედი საცხოვრებლად, მაშინ გავიცანი. სხვადასხვა ბიზნესი ჰქონდა და მათ შორის, ერთ-ერთი ცეკვის აკადემია იყო, რომელშიც მე ვმუშაობდი. ძალიან მოსწონდა როგორც ვმუშაობდი და დავმეგობრდით კიდეც, ოჯახებით დავახლოვდით. და-ძმასავით ვიყავით, მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ახლა საქართველოში ჩამოვიდა და უცებ მეუბნება: მიკა (ასე მეძახიან ჩემი უცხოელი მეგობრები), უცხოეთში სამშენებლო კომპანია მაქვს, მინდა, საქართველოშიც იგივე გავაკეთო და დირექტორის პოსტი შენ ჩაგაბარო. აქ შენ გარდა არავინ მყავს, ვისაც ვენდობი. ვიცი, შენი მუშაობის სტილი და მჯერა, რომ ყველაფერს შეძლებო. დავთანხმდი და ჩავერთე ამ საქმეში. ანტალიაში ვიყავი, სადაც დიდი ბიზნესკონფერენცია ჩატარდა. იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ისეთი მასშტაბური კონფერენცია იყო, გაკვირვებული ვიყავი და მეშინოდა კიდეც, მაგრამ უკვე ბევრ საკითხში გავერკვიე და შიშიც დავამარცხე. რთულია, მაგრამ ალღო ავუღე. ერთხელ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში, ჩემმა ერთ-ერთმა მეწყვილემ, თიელმა, თქვა: თურმე, ადამიანმა რომ მოინდომოს, ყველაფრის გაკეთებას შეძლებსო. მისი სიტყვები ხშირად მახსენდება. ბევრჯერ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ – გამიკეთებია საქმე, რომელზეც მანამდე ვფიქრობდი, რომ არ შემეძლო. ასე რომ, ეს ცარიელი სიტყვები არ არის.

– რისკიანიც ხარ?

– პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, იმდენი სირთულე გამოვიარე, მივხვდი, რომ აუცილებლად ძლიერი უნდა ვიყო. დღეს თუ ძლიერი არ ხარ, საერთოდ ვერაფერს გააკეთებ. მე ჩემი პატიოსნებით მივყვები დინებას. ბოროტი ენები თავისას შვება. ბევრს ჰგონია, რომ ვიღაც მყავს და ის მიკეთებს რამეს, მაგრამ ჩემ გარშემო ყველამ იცის, რომ მე ყველაფერს ჩემი სახსრებით ვაკეთებ. ეს ჩემი არჩევანია. მინდა, ყველაფერი პატიოსნად, საკუთარი შრომით მოვიპოვო. მე ორი ბიჭის დედა ვარ და ცხოვრებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაქვს. ამიტომ, ყველა ნაბიჯს ძალიან ვაკვირდები. რთულმა გამოცდილებებმა გამაძლიერა და უფრო რისკიანიც გამხადა.

– პირად ცხოვრებაში ხომ არაფერი შეიცვალა?

– ჩემს პირადში საერთოდ არაფერი ხდება. ბევრს უკვირს და მეკითხებიან, 33 წლის ასაკში მარტო რატომ დადიხარო. ცხოვრებაში იმდენი რამ გამოვიარე, რომ ჯერჯერობით სურვილი არ მაქვს მაგ ამბავზე ვიფიქრო. თურმე მარტოობას არაფერი სჯობს. მაგ საკითხებისგან ვისვენებ. მე შვილები მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ. იმას არ ვამბობ, რომ მარტო მინდა დარჩენა. როცა ჩემი შვილები დაქორწინდებიან და თავიანთი ოჯახი ექნებათ, მეც მინდა, ჩემი ოჯახი მქონდეს. ყველა ქალს უნდა, გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს, რომელიც გააბედნიერებს, მაგრამ ამ ეტაპზე სრულიად მარტო ვარ და თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობ.