მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მოდელი ნონიკო კახაძე საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდა. უკვე ერთი წელია ის იტალიაში, მაღალი მოდის ინდუსტრიაში საქმიანობს და ბევრი წარმატებაც აქვს.
ნონიკო კახაძე: ერთი წელია, რაც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, აქტიურად დავუბრუნდი სამოდელო საქმიანობას. ორი პატარა მყავს და არავის ეგონა, თუ ამ სფეროში ისევ დავბრუნდებოდი, მაგრამ რაც ადამიანს გულით უნდა, იმის გასაკეთებლად გზას აუცილებლად იპოვის, მე ასე ვფიქრობ. კარგი შემოთავაზებები მქონდა, ჩემი ოჯახის წევრებიც გვერდით დამიდგნენ და უკვე ერთი წელია, მილანში ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, რადგან ორი პატარა მყავს და ძალიან მენატრებიან.
ვთანამშრომლობ ფილიპ პლეინთან, მათი ოფიციალური მოდელი ვარ და ძალიან ხშირად მაქვს გადაღებები ვერონაში. მილანშიც ხშირად მაქვს გადაღებები. მილანის მოდის კვირეულზე ოთხ დიზაინერთან გამოვედი. აქ ყველა დიზაინერი განსაკუთრებულად მექცევა, აღფრთოვანებული არიან ჩემი ხასიათითა და გარეგნობით, რაც თავდაჯერებულობას მმატებს. ერთ-ერთმა დიზაინერმა საუკეთესო კაბის წარდგენის საშუალება სწორედ მე მომცა, რაც ძალიან გამიხარდა. მონტე-კარლოს „ფეშენ-ვიქშიც“ მივიღე მონაწილეობა. ახლახან კი რომში ანდრია სედიჩის საქორწინო კაბების ჩვენებაზე გამოვედი. მოკლედ, ძალიან აქტიური ვარ. მაქვს მოწვევა იტალიის ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული სილამაზის კონკურსიდან და განსაკუთრებულად ვემზადები.
– ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნება მარტივი არ არის, მაგრამ ალბათ, ყველაფერი კარგად აეწყო.
– ნამდვილად ძალიან რთულია. მართლა არავინ ფიქრობდა, რომ მე ამ სფეროს დავუბრუნდებოდი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ასე მოხდა. მე და ჩემს მეუღლეს. ჩავარდნა გვქონდა, ჩვენ შორის პრობლემები გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი წყვილი ვიყავით, რაღაცებში ვერ გავუგეთ ერთმანეთს და ზუსტად ამ მომენტში მივიღე ძალიან კარგი შემოთავაზება და მთელი ჩემი ყურადღება კარიერისკენ მივმართე. ამან რთული პერიოდი გადამატანინა. გადავწყვიტე, რომ მეცადა და ნაბიჯი გადავდგი. აქ ძალიან ბევრ მოდელს ვიცნობ და შვილები თითქმის არცერთს არ ჰყავს. მესმის ამის, ძალიან რთულია დედობა და სამოდელო საქმიანობა ერთად, მაგრამ ამას ჩემი ოჯახის დახმარებით ვახერხებ. ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი. ორი ბავშვის გაჩენის შემდეგ ფორმაში ჩადგომაც რთულია, მაგრამ ჩემი პარამეტრებიც ხელს მიწყობს, რომ ამ სფეროში აქტიური ვიყო.
– დასაწყისშივე ძალიან წარმატებული იყავით და სამოდელო კარიერაზე უარის თქმა არ გაგიჭირდათ?
– სამოდელო სფეროში ადრეული ასაკიდან დავიწყე საქმიანობა. ეს დედაჩემის დამსახურებაა, მამა, რა თქმა უნდა, უარზე იყო, როგორც ყველა ქართველ მამაკაცს, არც მას მოსწონდა ეს სფერო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ წარმატებებს მივაღწიე, ისიც ჩემი გულშემატკივარი გახდა. 2011 წელს „ელიტ მოდელ ლუქის“ გამარჯვებული გავხდი, შემდეგ – „ვიცე მის საქართველო“, წარმატებულად ვმონაწილეობდი საერთაშორისო კონკურსებში და ამიტომ, ბავშვობიდან მთელი გულითა და სულით მიყვარს ეს სფერო. თუმცა, 19 წლის ასაკში, როდესაც ჩემი მეუღლე შემიყვარდა და ოჯახი შევქმენით, გადავწყვიტე, კარიერა ცოტა ხნით დამეპაუზებინა. მასზე საბოლოო უარი არასდროს მითქვამს. გარკვეულ ფოტოგადაღებებსა და ჩვენებებში მაინც ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ აქტიურად – არა. უარი ვთქვი, იმიტომ რომ ჩემთვის ოჯახი და ბავშვები იყო პრიორიტეტული. რთული იყო, ყოველთვის მენატრებოდა ეს საქმე. საქართველოში ეს სფერო არ არის განვითარებული, მაგრამ როდესაც ვხედავდი, რომ ჩემი მეგობრები საერთაშორისო მასშტაბის ჩვენებებში მონაწილეობდნენ, გული მწყდებოდა, რომ მე ჩემს ქვეყანაში იმავეს გაკეთება არ შემეძლო. თუმცა, მე იმდენად მიყვარს ჩემი ოჯახი და შვილები, რომ მათი სიყვარული დამეხმარა ამ სირთულესთან გამკლავებაში. ახლა ჩემი უფროსი შვილი 6 წლისაა, უმცროსი – 3-ის.
– მეუღლეს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა და ახლა როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
– საერთოდ, ქართველი მამაკაცებისთვის ეს საქმიანობა ცოტა რთული მისაღებია, თუმცა, გამიმართლა, ჩემი მეუღლე ყოველთვის გვერდში მედგა და მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში ერთად არ ვართ, მაინც ჩემი გულშემატკივარია. ახლა ის ამერიკაშია, მე – იტალიაში და ბავშვები – საქართველოში, ჩემს ოჯახთან. დედა და დეიდა მიდგანან გვერდში, რომ ჩემს პატარებს ყურადღება არ მოაკლდეთ.
– მათ არ გაუჭირდათ დედის გაშვება?
– თავიდან ძალიან გაუჭირდათ. იტალიაში რომ მოვდივარ, ერთი ან ორი თვე ვრჩები და მერე ორი კვირით ჩამოვდივარ ხოლმე საქართველოში, რომ ეს დრო ბავშვებთან გავატარო. გოგონა მაინც ძალიან პატარა იყო, როცა წამოვედი, ახლა უფრო მიეჩვივნენ ამ რეჟიმით ცხოვრებას. თან, ტელეფონით ყოველდღიურად ვურთიერთობთ და დანაკლისის შეგრძნებაც ნაკლებად აქვთ. ვფიქრობ, რომ მომავალში ჩემი პატარებიც იტალიაში გადმოვიყვანო და ერთად ვიცხოვროთ.
– როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
– 19 წლის ვიყავი, როცა ერთმანეთი გავიცანით. ჩემი მეუღლე ძალიან რომანტიკული იყო, საჩუქრებით მანებივრებდა. ჩემი სახლის წინ გულებს ანთებდა. მისგან ბევრი გამორჩეული სიურპრიზი მახსოვს. ერთხელ, შანხაიში ვიყავი „ელიტ მოდელ ლუქის“ საერთაშორისო კონკურსზე. ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო და ძალიან მეშინოდა. სრულიად მარტო ვიყავი. როდესაც ღონისძიებიდან ჩემს ოთახში დავბრუნდი, ულამაზესი წითელი ვარდების თაიგული დამხვდა წერილით. ეს დაახლოებით რვა წლის წინ იყო. ჩემზე და ალბათ, ყველა გოგოზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ასეთი სიურპრიზები. ერთ წელიწადში გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგი, ყველას გაუკვირდა, რადგან ძალიან კარგი შემოთავაზებები მქონდა. ია კიწმარიშვილთან ვთანამშრომლობდი და გაუკვირდა, როგორ შეიძლება, იმ მომენტში გათხოვება, როცა ასეთი კარგი შემოთავაზებები გაქვსო, მაგრამ კარიერას სიყვარული ვარჩიე. აქვე, მინდა, ქალბატონ იას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც მან იმ წლებში ჩემთვის გააკეთა. ახლა უკვე ყველაფერს დამოუკიდებლად ვაღწევ.
– მილანის სამოდელო სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა. როგორია თქვენი წარმატებები ამ პირობებში?
– თავიდან რომ ჩამოვედი, ჩემი თავის იმედი მქონდა, მაგრამ კასტინგზე რომ მივედი და 300 ულამაზესი უკრაინელი გოგო დამხვდა, ცოტა ეჭვი გამიჩნდა. ჩემი სააგენტოს დირექტორმა მითხრა, არაფერზე ინერვიულო, იმისთვის, რომ შეუცვლელი იყო, უნდა განსხვავდებოდე სხვებისგანო. ეს სიტყვები ძალიან ღრმად ჩამებეჭდა გონებაში. მართლაც, იმდენად განსხვავებული ვიყავი, რომ მილანში დაბრუნებიდან პირველივე კასტინგზე ამარჩიეს, კონკრეტულად მონტე-კარლოს „ფეშენ-ვიქის“ კასტინგი იყო. მივხვდი, რომ ეს სწორედ ჩემი განსხვავებულობის დამსახურებით მოხდა. შავგვრემანი ვარ და მართლა ყველა გოგოსგან გამორჩეული ვიყავი. მას შემდეგაც ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს. ფილიპ პლეიმაც ამიტომ ამარჩია, რომ შავგვრემანი ვარ. ამ დიზაინერს მოსწონს შავგვრემანი გოგონები. თვისებებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მხიარული და გახსნილი უნდა იყო, ყოველთვის უნდა იღიმოდე. ყველამ იცის, რომ ასეთი ვარ და წარმატების მიღწევაში ჩემი თვისებებიც მეხმარება. მე მაქვს მიზნები და ყველაფერს ვაკეთებ მათ მისაღწევად. ბავშვობიდან დევიზად მაქვს ფრაზა: თუ ადამიანები არ იცინიან შენს მიზნებზე, ესე იგი, ის ძალიან პატარაა. მე იმხელა მიზნები მაქვს, რომ ალბათ, ბევრს გაეცინება, მაგრამ მე აუცილებლად ვეცდები, მივაღწიო იმას, რაც მინდა. მილანში ძალიან კარგ სააგენტოში ვარ, მაგრამ მინდა, უკეთეს სააგენტოებში გადავიდე, უფრო მაღალი მოდის ჩვენებებში მივიღო მონაწილეობა და სილამაზის კონკურსზე ღირსეულად წარვადგინო ჩემი ქვეყანა. ასევე, მინდა, მომავალში ჩემი სამოდელო სააგენტო გავხსნა.
– ახლა როგორია ყოველდღიურობა?
– მილანში ჩემთვის თითქმის ყველა კარი ღიაა. ვარ დამწყები ინფლუენსერი და ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს რესტორნებიდან, კაფეებიდან, ბიზნესცენტრებიდან და ასე შემდეგ, თითქმის ყველაფერი უფასოდ მაქვს, დაწყებული საცურაო აუზიდან, გაგრძელებული სავარჯიშო დარბაზებით და ასე შემდეგ. მეც ვცდილობ, საკუთარ გარეგნობაზე ვიზრუნო, ეს აუცილებელიცაა, კვებითაც ხელს ვუწყობ. ძალიან მიყვარს ტკბილეული და კრუასანებზე უარის თქმა მიჭირს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო.
– როგორც ვიცი, სხვა ინტერესებიც გაქვთ…
– ჩემი განათლება ჩემი საქმიანობისგან ძალიან განსხვავდება. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ტურიზმის განხრით დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. ვხატავ, ძალიან მიყვარს ცეკვა და ვუკრავ ფორტეპიანოზე, ეს ყველაფერი კი ძალიან მეხმარება სამოდელო საქმიანობაში.