მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ, მოინდომა და ზედმეტი კილოგრამები წარსულს ჩააბარა. ამბობს, რომ კიდევ უნდა რამდენიმე კილოგრამის დაკლება, მაგრამ ფაქტია, ამ ბოლო დროს ის საკმაოდ კარგ ფორმაში ჩადგა და ამის უტყუარი დასტური მისი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებია. როგორც ამბობს, იღბლიანი ადამიანია, თუმცა, ბევრჯერ წარმატების შანსები ხელიდან გაუშვა. ინდირას ცხოვრების მთავარი სტიმული მისი ერთადერთი შვილია, რომელიც ახლახან გააზრებულ ასაკში მონათლა და დაპატიჟებულ სტუმრებთან და ნათლიებთან ერთად, სასწაულად ლამაზი და დასამახსოვრებელი ზეიმიც მოუწყო.
ინდირა ჯგერნაია: იღბალს არ ვუჩივი. თუ გარკვეულ ცხოვრებისეულ სირთულეებს არ ჩავთვლით, იღბლიანი ადამიანი ნამდვილად ვარ. ბევრ რამეში ეს ჩემი იღბალი ვერ გამოვიყენე და ამის გამო ბევრჯერ ვინანე.
– ვერ გამოიყენე თუ საჭირო დროს საჭირო ადგილას ვერ მოხვდი? ბედისწერის თუ გჯერა?
– შეიძლება, ამის ბრალიც იყოს, მაგრამ უფრო საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რადგან რაღაცები ისე გადავწყვიტე, როგორც არ უნდა გადამეწყვიტა, ბევრი რამის შეცვლა შემეძლო და არ შევცვალე. ბედისწერის კი დიდად არ მჯერა.
– ინდირა, როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, როცა გეგონა, მთელი სამყარო შენ წინააღმდეგ იყო მომართული?
– ზოგადად, რთულ პერიოდში დაბადებული და გაზრდილი ბავშვების თაობას მივეკუთვნები, როგორც ოთხმოცდაათიანელების უმრავლესობა. ბევრი რთული პერიოდი გამოვიარე, თუმცა, ხელი არასოდეს ჩამიქნევია. ცხოვრების ისეთი ტემპი და რეჟიმი მაქვს, ხშირად მაქვს მომენტი, როცა ვხვდები, დავიღალე, მაგრამ ვერ ვჩერდები, ამის უფლებას თავს ვერ ვაძლევ. ჩემი გაჩერება არ შეიძლება.
– დაღლამ რომ არ გძლიოს და სულ ენერგიული იყო, ამაში, ალბათ, მეგრული ენერგია გეხმარება.
– არა მარტო მეგრული ენერგია, ზოდიაქოთი „მორიელი“ ვარ (იცინის).
– მერე, მორიელებს რომ კბენაც უყვართ?
– გეთანხმებით, მორიელებს კბენაც გვიყვარს და მაგით ვცოცხლობთ (იცინის). ჩემმა მტერმა გამაბრაზა, თორემ ისეთი კბენა ვიცი, არასოდეს შუშდება.
– ახლახან შენი შვილი გაქრისტიანდა და ულამაზესი ნათლობის დღესასწაული მოუწყვე. გილოცავ ვაჟკაცის გაქრისტიანებას! ვიცი, თავად ეკლესიური ხარ და სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, შვილის მონათვლა რომ დააგვიანე და შვიდი წლის ასაკში მონათლე.
– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე 2016 წლის 10 სექტემბერია, როცა ანდრია გაჩნდა და დედა გავხდი. მეორე კლასში გადავიდა და ძალიან ჭკვიანი ბიჭია. აღმსარებელი და მაზიარებელი ვარ და მრცხვენოდა, რომ აქამდე მოუნათლავი მყავდა. ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, რის გამოც აქამდე ბავშვის ნათლობა ვერ მოვახერხე, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, თვალი გავახილე და ვთქვი: მე ეს უნდა გავაკეთო და გავაკეთე კიდეც. წელს ისრაელში ვიყავი და მაცხოვრის საფლავზე გულში ვთქვი და აღთქმა დავდე, ჩემს შვილს აუცილებლად მალე მოვნათლავ-მეთქი. სამ თვეში, 15 აგვისტოს, აღთქმა შევასრულე და ანდრია მოვნათლე.
– ანდრიას, არც მეტი, არც ნაკლები, 17 ნათლია ჰყავს. მათ შორის, საკმაოდ ცნობადი ადამიანები.
– არავინ იცის წინ რა გველოდება, თუმცა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მეტი შვილი გეგმაში არ მყავს, შესაბამისად, მინდოდა, მამისა და ჩემი მხრიდან ბევრი ნათლია ჰყოლოდა. ამიტომ, ჰყავს ანდრიას ჩვიდმეტი ნათლია. სოციალურ ქსელში ბავშვის ნათლიებთან ერთად გადაღებული ფოტოები რომ დავდე, გამოხტნენ კლავიშებს ამოფარებული ადამიანები და დაიწყეს კომენტარების წერა: ბავშვს ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ დაუტოვეს, ბომონდი შემოუკრებიათო. ბოდიში, მაგრამ მე ამ ადამიანების ხელში გავიზარდე და მათთან წლებია, ვურთიერთობ. როცა რაღაცას მიწერენ კომენტარში, იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს, მაგრამ ბავშვის ფოტოზე ამას ვერ ავიტან და თუ წყობიდან გამოვედი, შეიძლება, ნებისმიერს ოჯახი ფერმად ვუქციო. მოკლედ, ისეთი ნათლობა გამოვიდა, მოლოდინს რომ გადააჭარბა და მიხარია, რომ ეს დღე ანდრიას სულ ემახსოვრება, რადგან უკვე შვიდი წლისაა და გააზრებულ ასაკშია. არ მინდოდა, ბავშვური ნათლობა ჰქონოდა, ბუშტებით. მინდოდა, ეს დღე მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად ბედნიერი დღე ყოფილიყო. თან, თავად ძალიან უნდოდა და მთხოვდა: დედიკო, მომნათლეო. როცა მამაო ანდრიას ნათლავდა, ტაძარში მე და ნინი ბადურაშვილი ვგალობდით. ერთი სიტყვით, ეზიარა კიდეც და მოკლედ, ბედნიერი, ქრისტიანი ბიჭის დედა ვარ და ამისთვის, მადლობა უფალს.
– რას ფიქრობ, როგორი დედა ხარ – მკაცრი, მეგობრული თუ დამთმობი?
– როგორი დედა ვარ, ეს სხვამ უნდა თქვას. თუმცა, ვცდილობ, საუკეთესო დედა ვიყო. თუ რამე არ ვიცი, ფსიქოლოგთან გავდივარ კონსულტაციას და მისგან ვიღებ რჩევა-დარიგებებს, რომ რამე შეცდომა არ დავუშვა. სხვათა შორის, შვილთან მიმართებაში ფსიქოლოგი თავიდანვე მყავდა ჩართული და მისი რჩევები დღემდე ძალიან მშველის. წელს პირველად გავედი ევროპაში, კონცერტები მქონდა ისრაელსა და ბარსელონაში, ისიც, სამ-სამ დღიანი გასვლა მქონდა და არა დიდხნიანი და სულ ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული. თორემ, სანამ ანდრია პატარა იყო, არ დამიტოვებია. ანდრია არის ადამიანი, ვის გარეშეც სუნთქვა არ შემიძლია. სამსახურშიც რომ მივდივარ, დანაშაულის გრძნობა მაქვს, ასე მგონია, შვილს იმ წუთებს ვართმევ, რაც ჩემ გვერდით უნდა გაატაროს.
– მიხარია, რომ ასეთი კარგი დედა ხარ. თუმცა, ქალს პირადი ურთიერთობებიც სჭირდება და თუ საიდუმლო არ არის, რა ხდება ამ მხრივ,?
– ჩემ გვერდით მყოფი მამაკაცი აუცილებლად ჩემზე ძლიერი უნდა იყოს. ასეთი ჯერ არ შემხვედრია და თან, ამისთვის არც მცალია. ვხუმრობ ხოლმე: კაცი სცენაზე ვერ ამომიხტება, სახლში ვერ შემომივარდება, მე კი სხვაგან არ დავდივარ-მეთქი (იცინის).
– არადა, გავიგე ჭორი, თითქოს, შენს პირად ცხოვრებაში სიახლეა…
– ვინც ამ ჭორს ავრცელებს ან სჯერა, მათ ვეტყვი, რომ ჩემ გვერდით მამაკაცი ნამდვილად არ არის. ახლა სიყვარულისთვის არ მცალია. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ჩემი თავი შევიყვარე. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, ყოველთვის სხვებზე ზრუნავ და ფიქრობ, შენი თავისთვის არ გცალიაო. ამ ბოლო დროს კი გადავწყვიტე, რაც ჩემში არ მომწონს, ყველაფერი შევცვალო – ვიზუალიდან დაწყებული, თვისებებით დამთავრებული.