რამდენჯერ გაურისკავს თამარ ურუშაძეს საკუთარი სიცოცხლით და რატომ გამოეკიდა მას რესპონდენტი ნაჯახით

281

მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილების განმავლობაში უამრავი საინტერესო ისტორია გადახდენია თავს და თავი ურთულესი მდგომარეობებისთვის გაურთმევია. თამარ ურუშაძესთან საუბარი ბავშვობით დავიწყეთ და ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ.

თამარ ურუშაძე: როგორც დედა მიყვება, ძალიან დამთმობი, წესიერი და კეთილი ბავშვი ვყოფილვარ, თუმცა, ვჩხუბობდი კიდეც. ერთხელ, საბავშვო ბაღში ბავშვს კუბიკ-რუბიკი ჩავარტყი თავში ისე, რომ თავი გავუტეხე. მასოვს, რომ სისხლი მოსდიოდა და ხელში აყვანილი გაიყვანეს. ძალიან შემრცხვა ჩემი საქციელის გამო. მშობლებიც ძალიან გამიბრაზდნენ და მას შემდეგ ასე ცუდად არ მოვქცეულვარ.

– უცნაურობებიც გახასიათებდათ?

– ბავშვებს ახასიათებთ ხოლმე უცნაური თავისებურებები. მაგალითად, მე სკოლაში უცნაურად ჩაცმული და თეთრი, ჭაღარა თმის პარიკით დავდიოდი. ერთხელ დირექტორმა შენიშვნაც მომცა. მეექვსე, გერმანულ სკოლაში სწავლობდი. იქ განსაკუთრებული თავისუფლება იყო, მაგრამ დირექტორმა დამიბარა და მთხოვა, პარიკით აღარ მევლო. შენი თმა უფრო ლამაზიაო, მითხრა (იცინის).

– კარგად სწავლობდით?

– კი, ძალიან კარგად ვსწავლობდი. ბევრ მასწავლებელთან დავდიოდი. გერმანულზე, რუსულზე, ჭადრაკზე, ცეკვაზე, სიმღერაზე, ხელოვნების ისტორიაზე, ქართულ წერაზე – მოკლედ, მგონი, რაც კი წრე არსებობდა, ჩემი მშობლები ყველგან მატარებდნენ. სკოლაში სულ ხუთები მყავდა და სხვათა შორის, ტექნიკურ საგნებსაც კარგად ვსწავლობდი და ჰუმანიტარულსაც.

– კომკავშირის მედლებით და გულზე ლენინ-სტალინის ფოტოებით რატომ გამოცხადდით სკოლაში?

– არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ასე მოქცევა (იცინის). ალბათ, იმ პერიოდს დავცინოდი და ასე ამიტომაც გამოვცხადდი სკოლაში. შენიშვნაც მივიღე. რა თქმა უნდა, ეს არავის მოეწონა. ის პერიოდი არავის მოსწონდა, არც მე და სავარაუდოდ, პროტესტი ასე გამოვხატე. კიდევ ერთი უცნაური გასართობი გვქონდა – მე, ჩემი მამიდაშვილი და მეგობრები, ქუჩაში დავდგებოდით, უცნობ გამვლელებს ვაჩერებდით და ვესაუბრებოდით. ეს არ იყო ჩვეულებრივი საუბარი, თემიდან – თემაზე ვხტებოდით. მაგალითად, ვინმეს გავაჩერებდით და ვეუბნებოდით: „გამარჯობა, რა ლამაზი ფერის კაბა გაცვიათ… ჩემმა მეგობარმა რომ დარეკა ამ დროს… სხვათა შორის, დედაჩემმა მითხრა, რომ რაღაც უნდა წამოვიღო სახლიდან. მერე თქვენ რომ დაგინახეთ, გამახსენდა“. ასე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზებით ველაპარაკებოდით და ეს ხალხი გაოცებული და დაბნეული გვიყურებდა. ახლა კი ვნანობ. რომ გავიზარდე, ასე აღარ ვიქცეოდი, მაგრამ მაშინ ეს, ალბათ, კარგი გასართობი იყო ჩვენთვის.

– ტელევიზიაში როგორ აღმოჩნდით?

– კასტინგი იყო. მაშინ ტელეკომპანია „იმედი“ ახალი გახსნილი იყო და იქ ჩემი ნაცნობები მუშაობდნენ. მანანა ითონიშვილმა გამიწია რეკომენდაცია და ასე აღმოვჩნდი ტელევიზიაში. ყოველთვის მინდოდა, ჟურნალისტი ვყოფილიყავი. სახლში პროფესიონალური კამერა გვქონდა. მამამ მიყიდა ბავშვობაში. მე და ჩემი მეგობრები სატელევიზიო გადაცემებს ვაკეთებდით. ქუჩაში გავდიოდით და ხალხთან ინტერვიუებს ვწერდით. მე წამყვანი ვიყავი ხოლმე, თემებს ვშლიდი, სტუმრები მოგვყავდა და ასე შემდეგ. ბავშვურად, მაგრამ საკმაოდ სრულყოფილ გადაცემებს ვაკეთებდით. მერე ერთმა მეგობარმა მითხრა, შენი გადაცემები ვაყურებინე მამაჩემის ჟურნალისტ მეგობარს და იმ კაცმა თქვა, ეს გოგო კარგი ჟურნალისტი გამოვაო. ეს შეფასება გონებაში მქონდა ჩარჩენილი და სულ ჟურნალისტიკაზე ვფიქრობდი. შეიძლება, ითქვას, ეს ჩემი ოცნება იყო. არ ვიცი, რატომ არ ჩავაბარე ამ პროფესიაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ავიხდინე ეს ოცნება.

– მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში ბევრი განსაკუთრებული მომენტი იქნებოდა, მაგრამ ის, რაც 2008 წელს მოხდა, მარტო თქვენთვის კი არა, ყველასთვის დაუვიწყარია. ომის გაშუქების დროს პირდაპირ ეთერში დაიჭერით.

– ძალიან მძიმე იყო ის სიტუაცია. არ შემეძლო შორიდან იმ ყველაფრის ყურება, რაც ხდებოდა. მინდოდა, ადგილზე ჩავსულიყავი, ვგრძნობდი, რომ იქ უფრო მშვიდად ვიქნებოდი. რედაქტორებს გაშვებას ვთხოვდი. ისინი უფრო ბიჭებზე იყვნენ ორიენტირებული. თუმცა, პირველივე დღეებიდან წავედი და ადგილზე ვმუშაობდი. მაშინ მხოლოდ მამა იყო თბილისში და არ ვეუბნებოდი, ვცდილობდი, დამემალა, რომ ცხელ წერტილებში მიწევდა მუშაობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩართვებს უყურებდნენ. ჩვენ სულ ვცდილობდით, მოსახლეობისთვის ისე მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არ დაგვესტრესა. ჩვენ თვითონაც მაგრად ვყოფილიყავით, რომ პანიკა არ დაგვეთესა და ადამიანების დემორალიზება არ მოგვეხდინა. იმ დღესაც ჩართვა მქონდა. დილიდან ვხედავდით ჩასაფრებული სნაიპერების ლულებს. ოკუპირებულ გორში შეგვიყვანეს, დაგვათვალიერებინეს დაბომბილი საავადმყოფო, სხვა ობიექტებიც მოვინახულეთ. უკან დაბრუნებისას გაგვაჩერეს და შეგვამოწმეს. გამოვედით და ჩართვა მქონდა, რომელსაც უკვე ვასრულებდი, ბოლო წინადადებას ვამბობდი და ამ დროს ხელში რაღაც მომხვდა. ვერ მივხვდი, რა იყო. ველოსიპედის ანასხლეტი ქვა რომ მოგხვდება, დაახლოებით, ასეთი შეგრძნება მქონდა. ოპერატორს ვკითხე, რა არის-მეთქი და მიპასუხა, ტყვია, ტყვიაო. კადრშიც ისმოდა ეს. დაბნეული ვიყავი და პირველი, რაც ვკითხე, იყო – მოვკვდები? არა, არ მოკვდებიო, მიპასუხა და ამის გაგონების შემდეგ ძალა მომეცა. დავინახე, რომ კადრი ეთერში იყო და გავაცნობიერე, რომ ამას მაყურებლები უყურებდნენ, მათ შორის, ჩემი მშობლებიც იყვნენ და მივხვდი, რომ პანიკა დაიწყებოდა, ხალხს შეეშინდებოდა. ამიტომ ეთერში შევბრუნდი და ჩართვა განვაგრძე. ჟურნალისტს რაღაც ხვდება, ეცემა და კადრიდან ქრება, როგორია?! ეს პანიკას დათესავდა, რაც ძალიან ცუდი იქნებოდა. ამ ფიქრმა მომცა ეთერში დაბრუნების ძალა და ყველასთვის იმის ჩვენება, რომ ცოცხალი ვიყავი და კარგად ვიყავი. ეთერში ვთქვი, რომ ნაკაწრი მაქვს, სინამდვილეში გამჭოლი ჭრილობა მქონდა, მერე პროკურორიც მეკითხებოდა, ეს ხელგახვრეტილი როგორ ლაპარაკობდიო?! არ ვიცი, ღმერთმა ძალა მომცა.

– ხიფათებით სავსე ჟურნალისტი ხართ. ნაჯახითაც გამოგკიდებიათ მამაკაცი.

– კი, კორესპონდენტობის პერიოდში სულ ხიფათებში ვიყავი. მკვლელობა, დაჭრა – საკმაოდ რთული ფაქტების გასაშუქებლად მიწევდა სიარული. ზუსტად ვიცით, რომ არავის უხარია, როცა ასეთ სიტუაციაში ჟურნალისტი მოდის და „ზედმეტ“ კითხვებს გისვამს. ერთხელ მე და ჩემს ოპერატორს ერთ-ერთი რესპონდენტი ნაჯახით გამოგვეკიდა. ერთხელ ექიმებმა გამოიწიეს დასარტყმელად. ჩემს პროფესიაში ბევრი არასასიამოვნო მომენტი მქონია, მაგრამ როდესაც საკუთარი საქმე გიყვარს, ყველაფერს უძლებ. ბოლოს უკრაინაში ვიყავი ცხელ წერტილში, ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში წავედი და იქ მომიწია მუშაობა.

– უხერხული შემთხვევებიც ყოფილა…

– კი, ყოფილი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ჩართვის აპარატი, რომელიც ანძას გადასცემდა სიგნალს, პირისპირ მედგა და მისი გამოსხივება პირდაპირ ჩემზე მოქმედებდა. ამას დაემატა საშინელი მზე და მოკლედ, ზემოქმედების ქვეშ ვიყავი (იცინის). პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რამდენიმე პრეზიდენტი ჩამოდიოდა და აბსოლუტურად ყველას სახელი და გვარი ავურიე, ყველაფერი დამავიწყდა. ერთზე ვამბობდი, რომ მეორეა, მეორეზე ვამბობდი, რომ პირველია. უკრაინის პრეზიდენტზე ვამბობდი, რომ პოლონელია და ასე შემდეგ. მერე ერთი ამბავი ატყდა ამის გამო, უამრავი ადამიანი მირეკავდა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და სულ ბოდიშები ვიხადე.

– ორი შვილის დედა ხართ. უკვე დიდი შვილები გყავთ. როგორი ხართ ამ ამპლუაში?

– ორი შვილი მყავს, უფროსი – 23 წლის, უმცროსი – 16-ის. ერთი წყალბურთელია, ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს, საქართველოს სახელით გამოდის ჩემპიონატებზე და საკმაოდ წარმატებულია, რაც ძალიან მიხარია. უყვარს თავისი საქმე, ბევრს შრომობს, რაც არასდროს ეზარება, ძალიან მოტივირებულია და მეც ვუფასებ ამ შრომას. მის ყველა თამაშს ვგულშემატკივრობ. ეთერშიც რომ შევდივარ, გვერდზე მისი თამაში მაქვს ჩართული და შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებ. მსიამოვნებს ეს პროცესი. მეორე შვილი სტუდენტია. ძალიან კარგი შვილია, დედა ძალიან უყვარს, ზოგადად, ადამიანები უყვარს. ჩემი შვილებისთვის არასდროს არაფერი დამიშლია, ყოველთვის ლოიალური ვიყავი. მე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, შვილებს ვერ ვუკეთებდი იმას, რასაც დედა უნდა უკეთებდეს. დედაჩემი უფრო იყო მათთვის დედა, ვიდრე მე, რადგან მე არასდროს მქონდა საკმარისი დრო. თავს იმით ვიმშვიდებ ხოლმე, რომ სწორი ღირებულებებით გავზარდე, თავისუფლების სიყვარულით გავზარდე და დღეს ორივე თავისუფალი ადამიანია, რითაც ძალიან ვამაყობ.