„თამი ქართველი ებრაელია, გუშინ ტელეფონების სიგნალები დაიჭირეს, თუმცა შეტაკებების გამო მამა არ შეუშვეს“

219

ისრაელში, უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, მოქალაქეები კვლავ ეძებენ საკუთარ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებიც 7 ოქტომბერს, ნეგევის უდაბნოში ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ – ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თავდასხმების სერია დაიწყო.

ირკვევა რომ ფესტივალზე იმყოფებოდა, წარმოშობით ქართველი, ისრაელში მცხოვრები თამარ გოლდბერგიც, რომელთან დაკავშირებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ფორტუნა“ ესაუბრა თამარ გოლდბერგის ოჯახის ახლობელს, მარიამ კორტავას, რომელიც ჩვენთან საუბარში ჰყვება, რომ თამარს ოჯახთან ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია, „ჰამასის“ წევრების შეჭრამდე რამდენიმე წუთით ადრე ჰქონდა:

„თამარი ფესტივალზე სამ მეგობართან ერთად იყო. ოჯახს ბოლო კავშირი ექვსი საათისთვის ჰქონდა, რა დროსაც თამიმ უთხრა, რომ ფესტივალიდან გადიოდა. 5 წუთში რომ დაურეკეს [ოჯახის წევრებმა] ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა და ამის შემდეგ დაკარგულია.

გუშინ, თამის და მისი სამი მეგობრის ტელეფონების სიგნალები დაიჭირეს. გუშინ აღნიშნულ ადგილას შეტაკებები იყო და მამა არ შეუშვეს, ამიტომ დღეს წავიდნენ იმ ადგილას, საიდანაც სიგნალები მოდის.

სიგნალი ღაზადან არ მოდის, ისრაელიდან მოდის. თამარი ქართველი ებრაელია. პატარა იყო, როცა  ოჯახი ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. დაახლოებით, 20 წელია, რაც ისრაელში ცხოვრობენ. აქ ბებია და მამიდა ჰყავს და ხანდახან მათთან ჩამოდის ხოლმე“, – უთხრა „ფორტუნას“ მარიამ კორტავამ.