”პირველ რიგში ქმარს უნდა მოეწონო” – ოპერის ვარსკვლავის ხიბლის საიდუმლო

251

ოპერის მომღერალი, ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე, არა მარტო ვოკალით ბრწყინავს მსოფლიოს სცენებზე, არამედ გარეგნობითაც. როგორც “სარკესთან” ამბობს, თანამედროვე დადგმებში რეჟისორები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუ როგორ გამოიყურება მომღერალი. ნინო კი ამ მხრივ ბედს არ უჩივის, ორი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია.

ნინო მაჩაიძე მარტში 40 წლის გახდება. მისი საოპერო რეპერტუარი ისევ ისე დატვირთულია, როგორც ადრე. მისი პირადი ცხოვრებაც სტაბილური და მშვიდია. უკვე 12 წელია, რაც იტალიელ ბარიტონ გვიდო ლაკონსოლოზეა დაქორწინებული. წყვილს ბიჭი და გოგონა ჰყავთ. მათი მეორე შვილი, გოგონა, 2021 წელს დაიბადა. მომღერლების წყვილი მილანში ცხოვრობს, მაგრამ შვილებთან ერთად ხშირად სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ.

ქართველმა სოპრანომ მეორე მშობიარობის შემდეგ ძველი წონაც მალევე დაიბრუნა და ქალური ფორმებიც. თუ როგორ ახერხებს, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს, რას აკეთებს ამისთვის, ეს “საიდუმლო” ჩვენს მკითხველს გაუმხილა.

– ნინო, ქალური მომხიბვლელობის საიდუმლო, თქვენი აზრით, რა არის?

– ქალი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, ფორმაში იყოს. ყოველდღე თავს უნდა მოუაროს, თუ, რა თქმა უნდა, ეს შეუძლია, მაგრამ მას ამის სურვილიც უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში, შენი თავი უნდა გიყვარდეს, მოგწონდეს. თუ ასეა, ავტომატურად სხვებსაც შეაყვარებ თავს. ზოგადად, თავდაჯერებულობა ძალიან კარგია, თუმცა ეს ზომიერების ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

დილით რომ გაიღვიძებ, დაივარცხნი, მაკიაჟს გაიკეთებ და სარკეში ჩაიხედავ, შენი თავი მოგეწონება და თავდაჯერებული იქნები. ჩვენთვის, მომღერლებისთვის, ამ თვისებას სცენაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

– ქალის მომხიბვლელობა მის ცხოვრებაში მამაკაცის არსებობაზე რამდენად არის დამოკიდებული?

– ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქალმა ეს ყველაფერი თავისთვის უნდა გააკეთოს და შემდეგ – სხვებისთვის.

– თქვენი მეუღლე, ოპერის იტალიელი მომღერალი, კომპლიმენტებით ხშირად განებივრებთ?

– დიახ, ჩემი მეუღლე კომპლიმენტებით ყოველდღე მანებივრებს.

 თქვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს?

– ძალიან ემთხვევა და ერთმანეთს ყოველთვის ვუთანხმებთ, რა მოგვწონს, რა ვიყიდოთ. პირველ რიგში, ქმარს უნდა მოეწონო. რა აზრი აქვს, იყიდო ის, რაც მას არ მოსწონს?!

– ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავთ?

– ოპერის მომღერალმა ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა იცხოვროს, სხვანაირად არ გამოვა. ჩვენი ხმა არის შინაგანი ინსტრუმენტი, ამიტომ შინაგანად კარგად თუ არ ხარ, სიმღერა რთულია. არ უნდა მოსწიო, არ უნდა დალიო და ჯანსაღად იცხოვრო.

სიმართლე გითხრათ, ვარჯიშს ვერ ვასწრებ, რადგან სულ რეპეტიციები მაქვს, მერე სახლში გავრბივარ. ვცდილობ, გვიან არ ვჭამო, გარეთ გვიანობამდე არ ვიყო. დისკოთეკები და ასეთი გასართობი ადგილები ადამიანს ღლის, იქ წასვლა შეიძლება, მაგრამ ალბათ ორ თვეში ერთხელ. როცა მნიშვნელოვან თეატრებში ურთულეს და მთავარ პარტიებს მღერი, შენს თავს უფლებას ვერ მისცემ, წინა დღეს დილის 5 საათამდე გარეთ იყო და მეორე დღეს თეატრში დაღლილი მიხვიდე.

– როგორია კონცერტისთვის მზადების პროცესი?

– ჯერ ვოკალური თვალსაზრისით ვემზადები. როცა მუსიკალური მხარე მოგვარებულია, უკვე კაბების შერჩევაზე გადავდივარ. ჩვენთვის, ოპერის მომღერლებისთვის, ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია.

არჩევის პროცესი ძალიან მახალისებს, დამღლელი სულაც არ არის, პირიქით, სასიამოვნოა. პრეტენზიული ვარ. რასაც ვიცვამ, უნდა მიხდებოდეს და იდეალურად გამოვიყურებოდე.

– რა ფერები გიყვართ?

– ძალიან მიყვარს შავი, ნაცრისფერი, ვარდისფერი. უფრო მეტად მაინც შავს ვანიჭებ უპირატესობას, ის უფრო ელეგანტურია.

– როგორია თქვენი სასცენო მაკიაჟი, ვარცხნილობა, ვინ ზრუნავს ამაზე?

– შეიძლება ვარცხნილობაზე ვინმე დავიხმარო, მაგრამ მაკიაჟს ყოველთვის მე ვიკეთებ. ეს არ ეხება ოპერას, რადგან ყველა როლს თავისი გრიმი შეესაბამება, ამას ვიზაჟისტები აკეთებენ. აი, კონცერტებისთვის კი დახმარება არ მჭირდება.

– ლამაზი თვალები და ტუჩები გაქვთ. აქცენტს რაზე აკეთებთ, რომელს გამოკვეთთ?

– აქცენტის გაკეთება ტუჩზე არ მიყვარს. როგორც წესი, ყოველთვის ნატურალური ფერის მაქვს. არ მინდა, გამომწვევი იყოს. თვალებზე კი ყოველთვის ტუში და ლაინერი მისვია. ჩემთვის მაკიაჟს დამთავრებული სახე აქვს, როცა თვალი ლამაზადაა შეღებილი.

– როგორია თქვენი სტილი სცენის მიღმა?

– თუ რეპეტიციაზე მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ, ელეგანტური და უფრო კლასიკური ვიყო. არ მიყვარს, როცა მომღერალი რეპეტიციაზე მოკლე შორტებით მიდის, ეს ჩემს გემოვნებას არაფრით შეესაბამება. ოპერა იმდენად ამაღლებული სფეროა, მას ჩაცმულობითაც პატივი უნდა ვცეთ.

რაც შეეხება ყოველდღიურობას, ძალიან მიყვარს სპორტული სტილი, ჯინსის შარვალი, ბოტასები, რადგან ასე უფრო ადვილია სიარული.

მრავალფეროვანი გარდერობი მაქვს, თუმცა ფეხსაცმელები და ჩანთები ჭარბობს. ალბათ ამას შოპინგომანია ჰქვია. ფეხსაცმელებიდან თითქმის ყველა მაღალქუსლიანი მაქვს.

– ალბათ სამკაულებიც გიყვართ.

– ძალიან მიყვარს. სადმე რამე ბრჭყვიალას რომ დავინახავ, მაშინვე ვყიდულობ. ძალიან მიყვარს მასიური საყურეები, ასევე რგოლებიც. ყოველდღიურად შეიძლება პატარა წერტილები მეკეთოს.

– დაბოლოს, ოპერის ანჯელინა ჯოლისაც გიწოდებენ. ეს კომპლიმენტია თქვენთვის?

– რატომაც არა?! ანჯელინა ულამაზესი ქალია და მას დიდ პატივს ვცემ, რადგან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ასე რომ, თუ მას მამსგავსებენ, კი, ბატონო!