თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ბაჩალიაშვილს წარჩინებულ სტუდენტად ახასიათებს და მის სამომავლო გეგმებზე წერს. როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სტატუსშია ნათქვამი, თამარ ბაჩალიაშვილი მაგისტრატურის გაგრძელებას ევროპაში გეგმავდა.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თსუ სტუდენტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს, პროფესორ-მასწავლებლებს.
თამარ ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო.
მან, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა მოიპოვა Erasmus + სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში – უნივერსიტეტში პარიზი 8 და რენის გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას თამარი ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა. ის ემზადებოდა საბაკალავრო პროექტის დასაცავად, რის შემდეგაც შეუერთდებოდა თსუ-ს 2020 წლის 3500 კურსდამთავრებულს. 25 ივლისს თსუ-ს 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაზე თამარ ბაჩალიაშვილი ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება.
ამ ტრაგიკული ფაქტის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 25 ივლისს დაგეგმილი თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ ღონისძიების გადადების შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისის შემდეგ სახლიდან გაუჩინარდა. ის 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვნეს.