“ამ ფსიქოზს რომ ვუცქერი და ვკითხულობ, არ მჯერა ყველას გულწრფელობის”

481

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

“გიცქერით. თავს ვიკავებ. ოჯახს უზარმაზარი ტრაგედია შეემთხვა.
როგორ ვიქცევით?
რაღაც ეთიკა ხომ უნდა არსებობდეს?
უკვე ჟურნალისტების ქცევაზე ჟურნალისტები ვეღარ მალავენ აღშფოთებას.
ერთი და იგივე რამდენჯერ უნდა იკითხოთ და რამდენჯერ უნდა მიიღოთ “არ ვიცი”?!

წინასწარ იკითხება რა იქნება შემდგომში?

დღეს რამდენჯერ უნდა გაგვიმეოროთ რა მდგომარეობაში იპოვეს?
რაღაც მორიდება ხომ უნდა არსებობდეს?

დასვით კითხვები, ვინ გიშლით?!
ოღონდ ხომ უნდა იცოდეთ ვის რა დაუსვათ და რამდენჯერ?!

საკუთარ თავს უცქერით ხოლმე?

ჰო, დრონით ძებნაზე ოდნავი წარმოდგენა იქონიეთ, რა ფართობზეა საუბარი და ა.შ.

რაც შეეხება ფეისბუქს, დღეში თითო პირი ამ ტრაგედიაზე ათას მოკლე პოსტს რომ დებს, “დედა რა ხდება?!”, “ნეტა იპოვონ”, “ნეტა რა მოხდა?”, “ეს რა საიდუმლო სამსახურია? კითხვებს ჰბადებს”, “რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?” და ა.შ., მერე მოყვება ასეთივე კომენტარები, “ფსკერზე ვართ”, “ერი აღარ ვართ” და ა.შ., ეს რა უბედურებაა, რა ფსიქოზს ქმნით?!

დააგროვეთ სათქმელი და დაწერეთ ერთხელ, გააკეთეთ საკუთარი ანალიზი, ისაუბრეთ მიზეზებზე, თუ გაქვთ ასეთი სათქმელი…
ასეთ პოსტებს სიამოვნებით წავიკითხავ.

გამოგიქვეყნეთ ერთხელ, წაიკითხეთ, მაგრამ მაინც აგრძელებთ ისე, თითქოს ახლა ვართ ასეთ წუმპეში.

სსრკ-ს დროს რომ თავი დავანებოთ, მთელი ეს 30 წელია ლამის ყოველ 1-2 დღეში ერთხელ კლავენ, ყოველ დღე ძალადობენ, ყოველ 3-4 დღეში ერთხელ აუპატიურებენ, ყოველ დღე ხდება უამრავი ძარცვა და ყაჩაღობა და ა.შ. სიახლეა? რა ვაი-ვიშია?

ამ ფსიქოზს რომ ვუცქერი და ვკითხულობ, არ მჯერა ყველას გულრწფელობის.
დღეს ბევრის გამოწერა გავაუქმე.

პირველ რიგში შეწყვიტეთ საინფორმაციო ტერორი, შეწყვიტეთ ზიზღის და სიძულვილის ენა.
ამის შემდეგ, თუ მართლა გვსურს შევამციროთ ტრაგედიები, შევქმნათ ჯგუფები და ვისაუბროთ პრობლემეზე, გინდათ შევხვდეთ, ვისაც ასეთ ტრაგედიებზე გული შეგვტკივა და ვინც ვუთანაგრძნობთ გაუბედურებულ ოჯახებს.
არ დავზოგავ ამისათვის დროს და ენერგიას.

უკაცრავად სიმძაფრისთვის, მეც მაქვს ნერვები, ყველანი მშობლები ვართ და ყველას აშოროს მსგავსი რამ…

ოჯახი ამ წერილს ვერ წაიკითხავს, მაგრამ გულით ვუთანაგრძნობ და ვიზიარებ…”, – წერს ამირან სალუქვაძე,