ტელეშოუ ,,ღამის პრაიმ ტაიმი” 6 წამყვანის შემადგენლობით დაიწყო, დღეს კი ეს შოუ მხოლოდ 2-ს, ნინო ჩხეიძეს და გიორგი ნაზღაიძეს, მიჰყავთ. სხვადასხვა მიზეზის გამო პოპულარულმა წამყვანებმა პროექტი დატოვეს, გიორგი კი ამ შოუს სექტემბრიდან შეუერთდა და ამ მცირე დროში მოახერხა, საკმაოდ თავდაჯერებულად ეჭიროს თავი.
გიორგის და ნინოს ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა და ეს შოუს რეიტინგზეც აისახა. მათი ურთიერთობა ტელევიზიის კედლებიდან არ დაწყებულა, 15 წელია, მეგობრობენ. ერთი პერიოდი რადიოშიც თანამშრომლობდნენ და ამიტომ ერთად მუშაობაც უადვილდებათ. როგორც თავად აღნიშნავენ, მათ ტანდემში ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც ერთად მუშაობას უადვილებთ და კომფორტულს ხდის. „სარკესთან“ ეს დეტალი გაამხილეს და ისიც, რომ მაყურებელს სიურპრიზს უმზადებენ.
– ნინო, უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ტელეწამყვანის ამპლუა მოირგეთ. რა ეტაპები გადალახეთ ამ პერიოდში?
ნინო: საინტერესო ერთი წელი იყო. ტელეწამყვანობა ჩემს ცხოვრებაში დიდი გამოწვევა გახლდათ. ყოველთვის ვოცნებობდი, მუსიკალური გადაცემის წამყვანი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი ასეთი მასშტაბურ გადაცემაზე.
ვთვლი, რომ ამ გამოწვევას კარგად გავართვი თავი. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ქარტეხილი გავიარე, მაგრამ ახლა უკვე ის ეტაპია, როცა ყველანაირად გათავისებული და მორგებული გაქვს შენი როლი გადაცემაში და ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს. “ღამის პრაიმ ტაიმი” ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია.
– გიორგი, რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით, როგორც ტელეწამყვანით?
გიორგი: კმაყოფილი ვერასდროს იქნები საკუთარი თავით, მაგრამ რომ განვვითარდი და მეტი გამოცდილება მომცა ამ გადაცემამ, ეს ფაქტია. ყოველ გადაცემაში ვიზრდები და ამას მაყურებელი აღნიშნავს. როგორც წამყვანი, დიდ სიამოვნებას ვიღებ, რომ შოუ მრავალფეროვანია. ძალიან მაგარი გუნდის წევრები მუშაობენ და ეს უფრო დადებითად აისახება გადაცემაზე.
– ნინო, ამ გადაცემის პირველი შემადგენლობიდან მარტო თქვენ დარჩით, გიორგი სექტემბრიდან შემოგიერთდათ. ეს ცვლილებები როგორ მიიღეთ?
ნინო: პირველი ავთანდილი გამოეთიშა გადაცემას და გამიჭირდა, რადგან მივეჩვიე. ისედაც ვმეგობრობდით და ამ გადაცემის პერიოდში უფრო ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა. საქმე საქმეა და მეგობრობა მეგობრობა. ყველას გადაწყვეტილება პატივსაცემია და, ბუნებრივია, ვერ ჩავერეოდი.
– გიორგი, იფიქრებდით, რომ 6 წამყვანიდან საბოლოოდ გადაცემაში თქვენ და ნინო დარჩებოდით?
გიორგი: როდესაც ამ გუნდს შემოვუერთდი, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ საბოლოოდ გადაცემის წამყვანებად მე და ნინო დავრჩებოდით.
– ალბათ თქვენი მეგობრობა ამ გადაცემით არ დაწყებულა.
ნინო: გიორგისთან 2008 წლიდან ვმეგობრობ, მოგვიანებით ჩემს რადიოშიც იყო წამყვანი. ნუკი კოშკელიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა “ცოტა ყავა და ბევრი ჭორი”. ეს გადაცემა ძალიან რეიტინგული იყო.
გიორგის ვაფასებ, რადგან უზომოდ შრომისმოყვარეა, პუნქტუალური, მიზანდასახული და პრინციპული. ძალიან ენერგიულია და თავიდან, როცა ერთად აღმოვჩნდით გადაცემაში, ადვილი არ იყო მისი ტემპისთვის ფეხის აწყობა. იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი ძალიან თავისუფალი ადამიანია, როცა მის გვერდით მიგყავს გადაცემა, შეუძლებელია, შენც მაქსიმალურად გახსნილი და ენერგიული არ იყო.
ბევრი აღნიშნავს და მეც ვხვდები, რომ გიორგისთან თანამწამყვანობამ და შეთამაშებამ უფრო თავისუფალი გამხადა. მის გვერდით არ მეშინია გადაცემის წაყვანა. მანამდე საკუთარი თავის მეშინოდა, რომ რაღაცას ვერ გავბედავდი გადაცემის მსვლელობისას, გიორგი მუშაობაშიც და მეგობრობაშიც ძალიან მზრუნველია. როდესაც “ვოისის” მენტორი ვიყავი, მაშინ გიორგის თავისი ტანსაცმლის ბრენდი ჰქონდა. ჩემი გუნდის ბიჭებს სულ მან ჩააცვა თავისი პიჯაკები. როცა კი დამჭირვებია, ყოველთვის გვერდში მიდგას.
გიორგი: ჩათვალეთ, რომ მე და ნინო ერთად გავიზარდეთ. როდესაც ასეთ მეგობართან ერთად მუშაობ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. უსიტყვოდ ვუგებთ გადაცემის წაყვანისას ერთმანეთს.
– როგორია ნინო, როგორც თანაწამყვანი?
გიორგი: ძალიან კომფორტულია. ზოდიაქოთი ორივე ტყუპები ვართ, რაც ნიშნავს, რომ უკვე დიდი კომფორტია ჩვენი ერთად მუშაობა. ნინოს აქვს უნარი, ძალიან სწრაფად და სპონტანურად აგყვეს. შეიძლება რაღაც მომენტებში საუბარი არ დავაცადო, მაგრამ ამასაც ადამიანურად იგებს და ხვდება ჩემს სპონტანურობას. უსიტყვოდ შეგვიძლია, ერთმანეთს დავუთმოთ.
– მეგობრობა გასაგებია, ერთადაც გიმუშავიათ, მაგრამ ნინო მაშინ რადიოს ხელმძღვანელი იყო, თქვენ თანამშრომელი. ახლა მუშაობის პროცესში, როცა თანაბარ პოზიციებზე ხართ, რა აღმოჩენები გააკეთეთ?
გიორგი: ნინოსთან სატელევიზიო სივრცეში პირველად ვმუშაობ. დავინახე, რომ ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახულია, იცის ადამიანებთან მიდგომა. ძალიან ბევრი კარგი თვისება დავინახე მასში. ბევრი რთული თემა გაგვიკეთებია გადაცემაში და ისე ავეწყვეთ მე და ნინო, რომ გაოცებულიც კი დავრჩენილვარ.
– ნინო, თუ ამოხსენით, რა არის გიორგის პოპულარობის მიზეზი? ფაქტია, მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და სწორედ ამიტომაც მოიგო “პრაიმ ჰაუსი”.
ნინო: ძალიან ენერგიულია და ეს ენერგია სხვაზეც გადადის. მე გიორგი დაღლილი არ მინახავს. ამასთანავე, ძალიან გულწრფელი და პირდაპირია. შეიძლება ადამიანს არ მოეწონოს, რასაც გიორგი ეტყვის, მაგრამ ამაშიც გულწრფელი და პირდაპირია. ზურგს უკან არასდროს ილაპარაკებს. ნიჭიერია. რასაც მოჰკიდებს ხელს, ძალიან დიდ შრომას დებს და პროფესიონალურად უდგება ყველა დეტალს. ბოლოს და ბოლოს, სიმპათიურია და ამ ყველაფერს ხალხი ხედავს.
გიორგი: ბოლო დროს ვისწავლე, რომ ვიყო პირდაპირი, მაგრამ არა – ხისტი. ასაკთან ერთად მომემატა ჭკუა, რომ ადამიანს სიმართლე შემოვლითი ხერხებით მივაწოდო. განსაკუთრებით ეს მეთოდი რესპონდენტებთან მადგება. მათ ვეუბნები სიმართლეს იმ ფორმით, რომ გადაცემიდან არ გაიქცნენ.
– თქვენ როგორ ახსნით ნინოს პოპულარობას, რატომ უყვართ მისი სიმღერები?
გიორგი: ნინო ძალიან უშუალოა. იმ მომღერლების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც არ ახასიათებთ თავში რაღაცის ავარდნები და ზევიდან ყურება. დიდი გულის გოგოა. მისი სიმღერებიც ადვილად მიდის მსმენელების გულამდე. ნინოს გარკვეულ სიმღერებს მეც ვუსმენ, მთლიან რეპერტუარს – არა და ეს მისთვისაც მაქვს ნათქვამი. რამდენიმე სიმღერა კი ძალიან მიყვარს.
– ნინო, გიორგის ამღერება თქვენი დამსახურებაა?
ნინო: კი, ეს ნამდვილად ჩემი დამსახურებაა და აქაც გამოჩნდა გიორგის ხასიათი. თავიდან, როდესაც გადაცემაში ჩვენი დუეტი დაიგეგმა, გიორგის ვუთხარი, რომ წაემღერა. სიმართლე გითხრათ, ძალიან შემეშინდა, ვერ წარმოვიდგინე, როგორ ჩაწერდა სიმღერას. როგორც კი სტუდიაში შევიდა, იმდენად მობილიზებული და დარწმუნებული იყო, რომ კარგად იმღერებდა, ასეც მოხდა. ყველაფერი გააკეთა, რომ ის ხასაითი ჩაედო, რაც სიმღერას სჭირდებოდა. კიდევ გიმზადებთ საინტერესო სიურპრიზებს მე და გიორგი.
– ანუ ამღერებულ გიორგის კიდევ ვიხილავთ?
ნინო: კი, აუცილებლად.
გიორგი: ჩემი ამღერება ნამდვილად ნინოს დამსახურებაა. ეს იყო ექსპერიმენტი და გაამართლა, თუმცა მე არ მაქვს მომღერლობის ამბიცია. პოზიტიური განწყობისთვის შევქმენით სიმღერა, რომელიც ძალიან პოპულარულიც გახდა.
– ნინო, ურჩევდით, რომ სიმღერა გააგრძელოს? რა ჟანრი მოუხდებოდა?
ნინო: გიორგის უხდება სახასიათო სიმღერები, სადაც მეტი ქარიზმა და პიროვნება ჩანს. თუ გადაწყვეტს სიმღერას სერიოზულად, ალბათ ბევრი შრომა მოუწევს.
– ნინო, ტელეწამყვანობამ თქვენი მსმენელების რიცხვი გაზარდა?
ნინო: ვერ ვიტყვი, რომ ამ გადაცემის გამო მსმენელების რიცხვი მომემატა, თუმცა ჩემმა მაყურებელმა კიდევ სხვა კუთხით დამინახა. ტელევიზიას ჩემი დროის დიდი ნაწილი მიაქვს. სულ ვცდილობ, სიმღერა უყურადღებოდ არ დავტოვო და როცა კი დრო მაქვს, სტუდიაში ვატარებ. არ მინდა, გადავიქცე ტელესახედ და ჩამოვშორდე ჩემს სიმღერას, ამიტომ ორმაგად მობილიზებული ვარ და სრული ენერგიით ვმუშაობ სიმღერებზე.
– გიორგი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
გიორგი: კი, ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. ხანდახან ვერც კი ვხსნი, ამ ყველაფერს როგორ ვასწრებ. იმდენად მიყვარს ჩემი საქმეები, რომ სულ ვამბობ, ღმერთმა მომცეს მეტი მრავალფეროვანი სამუშაო-მეთქი. ტელევიზია არის ის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.
ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ადამიანების სიყვარულის მოპოვებაა. ძალიან ბევრი წელია, ტელევიზორში ვარ, მაგრამ იმ მასშტაბის სიყვარული და მხარდაჭერა, რაც ახლა მაქვს, არასდროს მქონია. სულ ვცდილობ, ეს სიყვარული შევინარჩუნო, მუდმივად მქონდეს მათთან ურთიერთობა, ვუპასუხო ყველა კომენტარს.
– ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში საჯაროდ სიყვარული აუხსენით ადამიანს, რომლის ვინაობაც ინკოგნიტოდ დატოვეთ. რა გაგრძელება მოჰყვა ამ საჯაროდ სიყვარულის ახსნას?
გიორგი: ძალიან დიდი ხმაური და დაინტერესება მოჰყვა ამ ამბავს. დღემდე მეკითხებიან, ვინ არის ის ადამიანიო, მაგრამ, რომ მდომოდა ამის თქმა, სახელსაც ვიტყოდი.
– მას რა რეაქცია ჰქონდა?
გიორგი: ვინერვიულე, მეგონა, სახელსაც იტყოდიო. ვისაც სიყვარული ავუხსენი, მისთვის ყველაფერი გასაგები იყო.
– რა არის დღეს თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმები და მიზნები?
გიორგი: მიზნის დასახვა ძალიან ცუდია, რადგან არსებობს გამოთქმა, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ერთადერთი მიზანი ამ ეტაპზე ალბათ ისაა, რომ, რაც მაქვს, ის შევინარჩუნო, უფრო განვვითარდე და უფრო მეტი წარმატება მოვუტანო იმ საქმეებს, რაშიც ჩართული ვარ.