“მოზაიკით აწყობილი ღვთისმშობლის მზერა, არასდროს შეისმენს მოლას გაუგებარ ლოცვას”

631

სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას და დღეს 24 ივლისს იქ მუსლიმური ტრადიციით აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დეკანოზი მომხდარის გამო თურქეთს დამპყრობელსა და მიმტაცებელს უწოდებს, ხოლო პოსტის ბოლოში აღნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესიის დამპყრობლებს აიასოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება არ შერჩებათ.

„თურქეთმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დამპყრობელი და მიმტაცებელია. აია სოფია მსოფლიოს თვალში მუდამ დარჩება ბიზანტიის იმპერიის და ქრისტიანობის საუკუნოვანი ტრადიციის სინთეზად.

მოზაიკით აწყობილი ღვთისმშობლის მზერა, არასდროს შეისმენს მოლას გაუგებარ ლოცვას. საუკუნეებიდან გადმოსული ფრესკები ვერ დაიფარება თეთრი ზეწრებით, რომელშიც უფრო გამოკვეთილად აისახა ოტომანთა მემკვიდრეების შავბნელი ზრახვები…

ახლა იწყება შემთხვევით გაძლიერებული სახელწმიფოს რეგრესი და ამის მიზეზი იუსტინიანეს დროს აგებული ტაძრის მითვისებაა…

დაინგრა ტროა, განადგურდა სემირამიდას ბაღები, დაიმხო ბაბილონის გოდოლის იდეა…

დღევანდელი სიბნელე არაფრით შერჩება ქრისტეს ეკლესიის დამტყვევებელს!..“ – წერს სასულიერო პირი.

ცნობისთვის, 10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სტამბულში მდებარე წმინდა სოფიას ტაძრის (აია-სოფია) მეჩეთად გადაკეთების შესახებ.