„თუმანიშვილის თეატრი – 45“ და „ბაკულას ღორები – 45“… თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში საიუბილეო სეზონი სპექტაკლ „ბაკულას ღორებით“ გაიხსნა. თეატრისა და კინოს მსახიობს, გიორგი ყიფშიძეს ამ სპექტაკლთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოგონება აქვს, რომელსაც სტატიიდან შეიტყობთ. ასევე წაიკითხავთ, მსახიობის ცხოვრების საინტერესო მომენტებს.
გიორგი ყიფშიძე: მე და სპექტაკლი „ბაკულას ღორები“, დაახლოებით, ერთი ასაკის ვართ. როცა დავიბადე, პრემიერა იმ წელს ითამაშეს და თქვეს: მოდი, გიორგის მივუძღვნათო. ნახატიც კი მაქვს შენახული – სცენა არის დახატული, სადაც წერია: „ბაკულას ღორების“ პრემიერას ვუძღვნით გიორგის დაბადებას და მსახიობების ხელმოწერებია. დაახლოებით, 20 წელია, რაც მამაჩემთან ერთად, თავად ვთამაშობ ამ სპექტაკლში. წელს საიუბილეო სეზონის გახსნა გვქონდა და ძალიან კარგად ჩაიარა. ზოგადად, როცა სპექტაკლი დიდი ხანია არ გითამაშია, შეიძლება, ვიღაცას რაღაც დაავიწყდეს, მაგრამ მონატრებული სპექტაკლის „მუღამი“ იმდენად იყო, რომ ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვდა. თან, პრემიერაზე ჩემი ბიჭი, ალექსანდრე იყო მოსული, რომელიც 16 წლისაა, დიდი ხნის უნახავი მყავდა და ძალიან გამიხარდა. მოკლედ, იდეალური დღე იყო.
– შვილები რეპეტიციებზეც დაგყავთ?
– კი, შვილები დამყავს ხოლმე, ეს ბუნებრივია. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს მიჰყავს ხოლმე საკუთარ სამსახურში შვილი და მეც მათ შორის ვარ. მეც დავყავდი მამაჩემს და რაღაც, ეს ტრადიციაც გრძელდება.
– რამდენად რთულია ბავშვებთან ერთად რეპეტიცია? ბოლოს ლუნას ვიდეო დადეთ თეატრიდან…
– ხანდახან გგონია, რომ ბავშვი კარგად მოიქცევა და შენც ამბობ: იცით, წყნარი ბავშვია და უცებ, სულ სხვა ხასიათი დაემთხვევა, ისეთებს ჩაატარებენ ხოლმე (იცინის). ლუნა ყველაზე პატარაა, ორწელიწად-ნახევრის და სცენაზე არ მიშვებდა. თეატრის თანამშრომლების ნახევარი, ვინც არ იყო სპექტაკლში დაკავებული, ჩემს შვილს აკავებდა. კიოდა, მამა, ჩამეხუტეო. მე კი სცენაზე მელოდებოდნენ, გრიმი მესვა. მოკლედ, საათ-ნახევარი ძლივს გავაკავეთ. ეს რთულია, მაგრამ ასე ხდება ხოლმე. მარტო მე არ დამყავს ბავშვები. ვიღაცის ბავშვი სულ არის თეატრში და უკვე გამოცდილებაც გვაქვს, როგორ გავართოთ. როცა მშობელი სცენაზეა, იმ მომენტში ვინც არ ვართ დაკავებული, ვუვლით. შეჩვეულები ვართ (იცინის). ეს ურთიერთობა განსაკუთრებულ სიახლოვეს წარმოქმნის. როცა თეატრში ბავშვებია, იქ სულ სხვა რაღაც ხდება.
– რა ხდება თქვენს ცხოვრებაში თეატრს მიღმა?
– ბავშვებზე ვარ გადართული. რაღაც საკუთარი თავი აღმოვაჩინე, ამ მხრივ. არ ვიცი, შეიძლება, მსგავს სიტუაციაში ყველა მამაკაცი ასეა. ჩემს შემთხვევაში ასე გამოვიდა, მივხვდი, ჩემ გარეშე არავინ გაურეცხავდათ ტანსაცმელს, არავინ გაუფენდათ, ჩაბანდათ, დაბანდათ, აჭმევდათ, დააძინებდათ, გაართობდათ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იწყება დილის 8 საათიდან. თან ორია – ერთმანეთს ხოცავენ ხოლმე (იცინის). ბავშვების იქით დრო აღარ მრჩება, ეს არის ჩემი მთელი დღის საქმე. მთლიანად ბავშვებზე მაქვს საკუთარი რეჟიმი მორგებული. ალბათ, სკოლაში რომ წავლენ, მერე გამიმარტივდება.
– უფროსი შვილების შემთხვევაშიც ასე იყავით ჩართული?
– პირველი შვილის დროს იმდენად ახალგაზრდა ვიყავი, თოთო როცა იყო, უფროსები არც მაძლევდნენ თამამად მიკარების უფლებას. მომენტი ჰქონდათ – აი, ვაიმე, არ დაგივარდეს… თითზე, რომ ჩამოთვლი, იმდენჯერ შევეხე ბავშვს, ისიც შორიდან – ასე მახსენდება. მერე უკვე, ნატალია რომ წამოიზარდა, ალბათ, ორ წელიწად-ნახევრიდან, აქტიურად ჩავერთე. არ იძინებდა ჩემ გარეშე – ასეთი პერიოდიც გვქონდა. რაც შეეხება ბოლო ორს, თავიდანვე ჩართული ვიყავი: ვბანდი, ვუცვლიდი, ყოველ ორ საათში ვიღვიძებდი და ვაჭმევდი. ჭიპლარის მოძრობის მერე ყოველი „ვინტი“ და „ბოლტი“ ჩემი მოჭერილი და აწყობილია (იცინის). რაღაცნაირად „შევთითხნე“ ეს ტიპები, გიჟდებიან ჩემზე და ვუყვარვარ, ამაზე მაგარი რაღა უნდა იყოს.
– სოციალურ ქსელში თქვენმა ვიდეოებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და გულშემატკივრებიც გამოგიჩნდნენ.
– ვიდეოს დადება სპონტანურად მოხდა, თან, ბავშვებს უხარიათ და რაღაც გამოვიდა. ვიღაცებს მოსწონთ კიდეც, მათ შორის ბევრი მარტოხელა დედაა და ქათინაურებს მეუბნებიან (იცინის).
– გამხნევებთ მათი შეფასებები?
– რა თქმა უნდა. რომ არ მამხნევებდეს, ესე იგი, ეს არ არის ჩემში. ქათინაური ისეთი რამეა, რაც ყველას გვიყვარს. როცა რაღაცის კეთება გიწევს და თან გეუბნებიან, ეს კარგია, უფრო გინდება, რომ უკეთესად გააკეთო.
– ბავშვების მოვლაში ოჯახის წევრები თუ ახერხებენ დახმარებას?
– დედაჩემი ავადაა და ისეთი ენერგია არ აქვს, რომ აქტიურად იყოს ჩართული. ორი ბავშვი ერთად ძალიან რთულია, იცით რა ხდება სახლში? კუბიკებითაა ყველაფერი მოფენილი, ხან რას ისვრიან, ხან რას აკეთებენ, სულ მოულოდნელობებით არიან სავსე (იცინის). ვერ მეხმარებიან, უბრალოდ, არ შეუძლიათ და მაგიტომ.
– ბატონი ზურა რამდენად ახერხებს ამ პროცესში ჩართვას?
– ბაბუობს, მაგრამ სანამ ენერგია ჰყოფნის. ამათ იმდენი ენერგია სჭირდებათ, დიდი ხანი ვერ ქაჩავს. ხანდახან მეტყვის, გამანებე თავი, გაიყვანე ბავშვები, დავიძინოო (იცინის).
– განტვირთვისთვის დროის გამონახვას თუ ახერხებთ?
– ექვსი თვის განმავლობაში არც ერთი დღე არ „მიგულავია“. რამდენიმე დღის წინ პირველად წავედი ბარში. ცოლის დედას ვთხოვე, რომ ბავშვები დაეტოვებინა – ერთი კვირა დღე მაჩუქეთ, წავალ ჩემთვის-მეთქი (იცინის). როგორც იქნა, გავედი გარეთ, „ვიგულავე“ და ვიყავი ბედნიერი. რაღაც განსხვავებული მოხდა ამ 6 თვის განმავლობაში და განვიტვირთე.
– ენისთან შერიგების შანსი არის?
– მგონი, 6 თვეა, რაც ერთად აღარ ვართ, არანაირი შერიგება, დამთავრებული ამბავია.
– ბავშვებთან დროის გადანაწილებას ახერხებთ?
– არა, აქ პრობლემა გვაქვს. ვერ უვლის. ხანდახან მოდის ხოლმე. აღარ მინდა ამ თემაზე ჭორაობა.
– როგორც ვიცით, ნატალია აქტიურადაა ჩართული პატარების გაზრდაში.
– ნატალია – კი, ახლა ისიც დაკავებულია, მაგრამ როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, ძალიან მეხმარებოდა. კრისტისთანაც მყავდა ბავშვები მიყვანილი – გაგიჟდა, რა საყვარლები არიანო.
კრისტისთან მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობ. ხომ გავცილდით, მაგრამ იმათ ოჯახში ყოველთვის თავისუფლად მივდივარ. ყოფილა მომენტი, როცა სხვა ცოლი მყოლია და როგორც სტუმარი, კრისტის ოჯახში დავრჩენილვარ კიდეც. რაღაც ოჯახური შერწყმა მოხდა, დავშორდით, მაგრამ ურთიერთობა არ დავკარგეთ, თან, საერთო განძი გვყავს – ნატალია.
– მეორე მეუღლესთანაც მეგობრული ურთიერთობა გაქვთ?
– არა, მანდ – ვერა. ვმეგობრობთ კი არა და მერიდება იქ გამოვჩნდე და დავენახვო – ჩემი ბრალია ბევრი რამე და სერიოზულად ვარ დამნაშავე.
– ნატალია სერიალში მონაწილეობს და ისიც თქვენს სფეროშია. რამდენად გინდოდათ, რომ სამსახიობო სფეროში ყოფილიყო?
– არასოდეს მიფიქრია, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა ყოფილიყო ან ამ სფეროში ეტრიალა. რატომ? თვითონ სადაც უნდა, იქ იყოს. მსახიობი ჰყავს მამა და ავტომატურად, ისედაც ხედავს ამ პროფესიის შესახებ ყველაფერს, ამიტომ ზედმეტ აგიტაციას არ ვეწევი. თუ ამ სფეროში დარჩება, რა თქმა უნდა, აქვე ვიქნები და მაქსიმალურად დავეხმარები. სხვა სფეროს თუ აირჩევს, იქაც რაც შემეძლება, გავუკეთებ. მეუბნება, რომ მოსწონს, რასაც აკეთებს, მაგრამ სარეჟისორო უფრო ხიბლავს. უნდა, რომ სცენარი დაწეროს და მერე გადაიღოს. ისე წიგნი ჰქონია დაწერილი. ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ეს ძალიან მაგარია, მომეწონა. სერიალის გადაღების პროცესში შიდა სამზარეულოს უყურებს და თან რეჟისორთან ჯდება ხოლმე, რომ ისწავლოს.