“მეუღლე სასამართლოში გავიცანი და მომეწონა… ჩემი ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა” – ალუ­და ღუ­დუ­შა­ურის პირადი ცხოვრება

375

მთიან ყაზბეგში, სოფელ არშაში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც იქ დაამთავრა. უმაღლესი განათლება დედაქალაქში მიიღო და ისევ უკან დაბრუნდა. ამბობს, გეოგრაფიულად რთული რეგიონია, არაკეთილმოსურნე მეზობლები გვესაზღვრებიან და დიდხანს არ მინდოდა ამ კუთხის დატოვებაო. ჯერ შს სამინისტროს საქმეთა მმართველობის საფელდეგერო სამმართველოს მომსახურების განყოფილების ინსპექტორი, შემდეგ ყაზბეგის რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე იყო ადმინისტრაციული პოლიციის ხაზით. მოგვიანებით მაინც მოუხდა დედაქალაქში გადაბარგება და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაც. ახლა დედაქალაქში ცხოვრობს და პარლამენტში მმართველ გუნდს წარმოადგენს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ალუდა ღუდუშაურს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს – 5 წლის გოგონა და 3 წლის ვაჟი. როგორც მეუღლე ამბობს, საუკეთესო მამა, მეუღლე და შვილია. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დროის დეფიციტი აქვს, დღის განმავლობაში შვილებთან რამდენიმე საათის გატარებას მაინც ახერხებს. “ძალიან უყვარს თავისი არშა. თავისი სახლი, ეზო, მეზობლები… როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, უკვე ვიცი, სად წავალთ. ბავშვები მთელ ზაფხულს იქ ატარებენ. ჩვენს პატარა ბიჭს ახლავე აჩვევს მიწაზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, მასაც მამასავით ეყვარება ყაზბეგი”, – გვიამბობს სალომე კაცაძე.

როგორ მოახერხა ბიჭმა ყაზბეგის მთებიდან, ამერიკული ოცნების ასრულება და სამშობლოში საპარლამენტო მანდატის მოპოვება, ამის შესახებ ალუდა ღუდუშაური თავად გვიამბობს:

– ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა კულმინაციას აღწევდა, მაგრამ ამან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. შეიძლება ითქვას, ჩემი მომავალიც განსაზღვრა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირს თავი დავაღწიეთ და დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მეოცნებე გავხდი. ვოცნებობდი, როგორ ვმონაწილეობდი ჩემი სამშობლოს მშენებლობაში. როცა წამოვიზარდე, უკვე დაზუსტებით ვიცოდი, რომ მინდოდა, საქართველო სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობილი სამაგალითო ქვეყანა გამხდარიყო, სადაც ყველას უფლება იქნებოდა დაცული და ყველას თანაბრად ექნებოდა განვითარების საშუალება. 90-იანი წლები ყაზბეგისთვის ურთულესი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად გვიწევდა უამრავი სირთულის გადალახვა. უშუქობას, უგაზობას, უგზოობას მკაცრი ზამთარიც ემატებოდა, ორმეტრიან თოვლში უნდა მევლო, გაყინულ სკოლამდე რომ მიმეღწია… შემიძლია საკუთარი მაგალითით ვთქვა, რომ თუ ადამიანს რაღაც ძალიან უნდა, მიზანს აუცილებლად მიაღწევს. ადამიანურ შესაძლებლობას საზღვარი არა აქვს. მართალია, ჩემი სურვილების ასრულება დაუღალავი შრომის ფასად დამიჯდა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიე. ორი ძალიან დიდი სურვილი ავისრულე – ჩემი ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ მშენებლობაში ერთი პატარა აგური დავდე და ჩემი ოცნების ქვეყანა – ამერიკაც ვნახე. ერთხანს ვიცხოვრე კიდეც, ცოდნასაც ვეზიარე. სხვათა შორის, ჩემი ორივე შვილი ამერიკაში დაიბადა. ეს არ დამიგეგმავს. პირველად რომ გავემგზავრე, ახალდაქორწინებული ვიყავი, მეუღლეს აქ ხომ არ დავტოვებდი?! შესაბამისად, პირველი შვილი იქ შეგვეძინა. სწავლა დავასრულე და სამშობლოში დავბრუნდი. მერე ამერიკაში პრაქტიკული ცოდნის გასაღრმავებლად წავედი… ამასობაში ჩემი ბიჭიც დაიბადა. ეს ქვეყანა ჩემთვის თავისუფლებასა და სამართლიანობასთან ასოცირდება. ეს არის ზღაპრული სამყარო, სადაც ყველა მონდომებულ ადამიანს აქვს ოცნებების რეალიზების შესაძლებლობა.

– მეუღლის შესახებ რას იტყვით?

– მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთი კომპანიის ინტერესებს ვიცავდი და საბუთების წარდგენის დროს სასამართლოში გავიცანი. ძალიან მომეწონა, შემიყვარდა და დავქორწინდით კიდეც. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ჩემსავით, ისიც სულ სწავლა-განათლებაშია, ახლა იურიდიულს ამთავრებს, თან ერთ-ერთი კერძო კომპანიის იურისტია.

– ე.ი. იურისტების ოჯახს წარმოადგენთ. – დიახ, ასეა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თანაც – იმერელი: დიპლომატიის ცოდნა და გენეტიკა საშუალებას აძლევს, სამ მოხევესთან ურთიერთობა დააბალანსოს. კარგად გამოსდის, გვიძლებს.

– რაც შეეხება თქვენს პროფესიულ საქმიანობას: როგორი იყო გზა ყაზბეგიდან ამერიკამდე და პოლიციელობიდან – პარლამენტარობამდე?

– ჩემი მომავალი რომ სამართალს დაუკავშირდებოდა, ეს ბავშვობიდანვე ვიცოდი. რატომ გავხდი პოლიციელი?.. როდესაც სტუდენტი ვიყავი და უნივერსიტეტში დავდიოდი, ვარაზისხევში ხშირად მაჩერებდა მილიცია და მეუბნებოდა, რომ ან ფული უნდა მიმეცა, ან განყოფილებაში გავყოლოდი. საშინელი პროტესტი მქონდა. მინდოდა, ამ სისტემის შიგნიდან დანგრევაში მიმეღო მონაწილეობა. თან, იმ საშინელ პერიოდში ყველა მიმართულებით პრობლემები იყო. ახლაც მახსოვს, საწვავი და ნავთი მეტროს ამოსასვლელებთან რომ იყიდებოდა. ველური დასავლეთივით ვიყავით. ზოგიერთები კი ამბობენ, რომ 30 წელია, ქვეყანა არ ვითარდებაო, მაგრამ მე ასე არ მგონია. გაიხსენეთ, როგორი იყო ცხოვრება თუნდაც 20 წლის წინ და როგორია დღეს. რუსეთის კლანჭებიდან გამოხსნილებმა საინტერესო, შეიძლება ითქვას, დუღილის პროცესი გავიარეთ. ბოლოს და ბოლოს, დასავლურ სამყაროსთან დამაკავშირებელი ფანჯარა შევაღეთ. მართალია, ჯერ ამ სამყაროს სრულუფლებიანი ნაწილი არ ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება. კარგი ხალხი ვართ ქართველები. მართალია, სულ ვკამათობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ საჭირო მომენტებში ერთად დგომაც ვიცით. უმაღლესი 2002 წელს დავამთავრე და მაშინვე ყაზბეგში დავბრუნდი, პოლიციის უფროსის მოადგილედ. რთული რეგიონია. მართალია, მოსახლეობა ცოტაა, მაგრამ მტრულად განწყობილი ჩრდილოელი მეზობლის გამო, უამრავი გამოწვევაა. არ მინდოდა, ჩემი ხალხის მიმართ მკაცრი ვყოფილიყავი, შეიძლება ითქვას, რომ პოლიციელი კი არა, დიპლომატი გახლდით. არასდროს არავის დავმუქრებივარ დაჭერით. ვცდილობდი, ადამიანებისთვის ამეხსნა, რა სიკეთე მოაქვს კანონის დაცვას და პატივისცემას, შრომას, განათლებას… მერე მოვიდნენ სააკაშვილი, ოქრუაშვილი, ახალაიები და პოლიციელებს მოქმედების არეალი შეგვიზღუდეს, ერთი ადამიანის ნება-სურვილს დაუქვემდებარეს ყველაფერი. წამოვედი პოლიციიდან და ადვოკატობას მივყავი ხელი.

– პოლიციელებს მოქმედების არეალი შეუზღუდეს თუ კრიმინალთან რეალური ბრძოლის საშუალება მისცეს? მეც კარგად მახსოვს 90-იანი წლები, ქუჩაში დაყაჩაღებული ხალხი, გაძარცული ბინები, გატაცებული ადამიანები, მოპარული ავტომობილები… შემდეგ ქუჩებიდან უცებ გაქრნენ კრიმინალები და “ბირჟავიკი” ბიჭები. სხვათა შორის, ამ “ბირჟავიკებიდან” ბევრმა ახალგაზრდამ ცხოვრების წესი შეიცვალა და სამხედრო სამსახურსა და პოლიციაშიც კი დასაქმდნენ… – კი, ნამდვილად ასე იყო, არ ვდაობ, მაგრამ რის ფასად დაგვიჯდა ეს ყველაფერი?! ნიუ-იორკშიც იყო ასეთი პერიოდი. ამერიკელები “ჩამსხვრეული ფანჯრის პრინციპს” ეძახიან. 20-იანი წლების დასაწყისში უკონტროლო სიტუაცია იყო, კრიმინალების ნამდვილი თარეში. ამიტომ სახელმწიფომ პოლიციას უფლებები გაუზარდა და ქუჩაში ადამიანების უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ გაჩერების, გაჩხრეკის უფლება მისცა. შემდეგ ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. მესმის, 90-იანი წლების საქართველოსაც სჭირდებოდა მკაცრი ხელი, მაგრამ ადამიანების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი.

– იმ პერიოდში გავეშებული კრიმინალის მოთოკვა სხვაგვარად იყო შესაძლებელი?

– კი, იყო. ამის მაგალითია შევარდნაძის მიერ “მხედრიონის” ალაგმვა. ისე უმტკივნეულოდ გასწიეს ეს ხალხი გვერდზე, ფართო საზოგადოებამ ვერაფერი გაიგო. სააკაშვილის გუნდმა ძალიან გადააჭარბა, ძალაუფლებით ტკბობაში შევიდნენ. ინსტიტუცია აღარ არსებობდა, კონკრეტული ადამიანები თავად ვეღარ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, პოლიციელები რიგითი შემსრულებლები გახდნენ. ამიტომ დავწერე ჩემი ხელით განცხადება, წამოვედი პოლიციიდან და საადვოკატო საქმიანობა დავიწყე. სახელმწიფო შემთხვევით დაწინაურებულ კლასს საშუალებას აძლევდა, შეურაცხყოფა მიეყენებინა სხვა ადამიანებისთვის. ქურდული სუბკულტურა სახელმწიფომ ჩაანაცვლა და ეს გაცილებით შემზარავი იყო. ჩვენ ვწვალობდით, ვშრომობდით, უცხოეთში მივდიოდით კვალიფიკაციის ასამაღლებლად და რა გველოდა?!. ან უცხოეთში უნდა დავბრუნებულიყავით, ან სამშობლოში “მეგის ქარდავა” გავმხდარიყავით. მე არ მინდოდა განათლების მიღება და დაწინაურება იმისთვის, რომ მერე სხვები დამეჩაგრა ჩემი სურვილით ან სხვისი დავალებით.

– რატომ არ დარჩით ამერიკაში?

– იმიტომ, რომ ჩემს სამშობლოში მინდა ცხოვრება. არ შემიძლია ყაზბეგის გარეშე… ჩემი როლი ამ უსამართლობასთან ბრძოლაში დავინახე. როდესაც ამა თუ იმ პირს ვიცავდი, პროკურატურა პირდაპირ მეუბნებოდა, გვერდზე გაიწიეო. სასამართლოში არც ტელეფონის შეტანის საშუალებას გვაძლევდნენ, არ ლეპტობის, კამერებზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. ძალმომრეობით ცდილობდნენ, ხალხი მორჩილებაში ჰყოლოდათ, რასაც დიდწილად მიაღწიეს კიდეც. თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი გაანეიტრალეს ან მოისყიდეს, თქვენი კოლეგების დევნა დაიწყეს… ადამიანები დანაშაულს იბრალებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ან ოჯახის წევრების სიცოცხლით ვერ რისკავდნენ.

– დღეს პოლიცია აღარ არის, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, “ულმობელი”, მაგრამ ქუჩებში ისევ გამოჩნდნენ კრიმინალები, იმატა “ქუჩურმა გარჩევებმა”, პრესტიჟული აღარ არის ჯარისკაცობა და პოლიციელობა. თქვენი აზრით, ეს მოცემულობა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას ხელს არ უშლის? რატომ არ შეიძლებოდა, რომ კრიმინალთან ბრძოლის ნაწილში რაღაც მაინც შეგენარჩუნებინათ?

– ჩვენ ხომ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა ვართ?! სახელმწიფოებრივი მართვის დიდი გამოცდილება არ გაქვს. 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და სახელმწიფო ვექტორი რბილი ძალისკენ გადავიტანეთ, ხალხმა თავისუფლება იგრძნო, რატომღაც ვიღაცებმა მიიჩნიეს, რომ სახელმწიფო არის სუსტი და სუბკულტურის აღორძინება სცადეს. ნახეთ, რა გავაკეთეთ: თუ “ნაციონალებმა” “ქურდული სამყაროს” წევრობა გახადეს დასჯადი, დღეს ჩვენ უფრო შორს წავედით და “ქურდული სამყაროსთვის” დახმარებისთვის მიმართვაც დასჯადი გავხადეთ.

– ფიქრობთ, რომ ამისთვის პირადი მაგალითები საკმარისია? იქნებ იდეოლოგიაზე მაინც გეზრუნათ? – კი, ბატონო, ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომელიც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ეხება. გვაკრიტიკებენ, სპორტსმენები გახადეს დეპუტატებიო. ეს იმიტომ, რომ გვინდა, სპორტი პრესტიჟული გავხადოთ. უამრავი საკანონმდებლო ცვლილება გვაქვს დაგეგმილი, რომ სპორტს ბიუროკრატიული წნეხი მოვუხსნათ და განვითარების საშუალება მივცეთ.

წყარო – ჟურნალი “გზა”