“ტროლებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ახალი დავალება აქვთ მიღებული”

1,687

ჟურნალისტი ვახო სანაია ბოლო დროის გახმაურებულ ტრაგედიებთან დაკავშირებით წერს, რომ მედიის მუშაობის გარეშე, საზოგადოებას ბევრი რამ არ ეცოდინებოდა, შესაბამისად ჟურნალისტების კრიტიკა, რომ ისინი საქმეს აფუჭებენ, მისთვის მიუღებელია.

“ტროლებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ახალი დავალება აქვთ მიღებული – ჟურნალისტებმა თავი დაანებეთ ძიებას ! რას დადიხართ აქეთ-იქით, ნუ შეგვაწუხეთ, დაგვასვენეთ ხალხი, დაასვენეთ ოჯახები ! ამას დაემატა პირდაპირი ეთერის რეჟიმში გასული ზოგიერთი მძიმე კადრის გამო კრიტიკა. მერე ეს ყველაფერი შეკრიბეს ,,გენიოსებმა” და ლექციების კითხვა დაიწყეს თავიანთ გადაცემებში.

ზოგიერთი გულუბრყვილოდ აჰყვა ამ ხაზს და უნებურად მათ წისქვილზე დაასხა წყალი, ვინც კრიტიკულ ტელევიზიებს ებრძვის. კრიტიკა კი არაა ზოგადად პრობლემა, საჭიროცაა. უშეცდომოც არავინაა, ზოგიერთი ინფორმაცია უფრო მეტად დაზუსტდა და შეივსო, ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს, შეიძლება, რაღაც ისეთი კომენტარი ან კადრი აღმოჩნდეს იმ პირდაპირ ეთერში, რამაც საქმის მსვლელობის ბედი გადაწყვიტოს. ვერსიიდან ახალ ვერსიამდე გადიხარ, ასეა, როცა რაღაცას იკვლევ და დროც ბევრია არაა, რადგან, სამწუხაროდ, გზადაგზა მტკიცებულებები ქრება ხოლმე ამ ქვეყანაში. ვერ იტყვით ერთ ფაქტსაც, როცა ჟურნალისტებმა საქმე გააფუჭეს, ოფიციალურ გამოძიებას რამეში ხელი შეუშალეს. მითხარით ერთი ფაქტი, რა გააფუჭა ამ საქმეებში მედიამ ? დახმარების გარდა რა გააკეთა ? ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა.

შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ – ამ საქმეებზე მედიას რომ არ ემუშავა ასე დღე და ღამე, პრაქტიკულად არაფერი ან თითქმის არაფერი ეცოდინებოდა დღეს საზოგადოებას. ნუ დავიწყებთ იმ ტოტის მოჭრას, რომელზეც ვსხედვართ ყველანი. იმასაც კარგად დააკვირდით, ვის მიაქვს იერიში დღეს კრიტიკულ მედიაზე და თავად ეს ,,კრიტიკოსები” რითი არიან დაკავებული – ჟურნალისტური გამოძიებით თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ მუშაობით. იკითხეთ, რა გააკეთა ამ ხალხმა ან შაქარაშვილის საქმეზე ან ბაჩალიაშვილის საქმეზე.

დამიჯერეთ, ჟურნალისტებზე ეს იერიში გავლენას ვერ მოახდენს. ტყუილად წვალობთ. არ მიატოვებს მედია ამ საქმეებს, რაც არ უნდა ლანძღოთ ტროლებითა თუ მათთან გათანაბრებული პირებით.

შეიძლება, ვიღაც ჟურნალისტი – მე ან ნებისმიერი სხვა – ან რომელიღაც კრიტიკული მედიასაშუალება – ჩემი ან სხვა – ძალიან არ მოგწონდეთ, მაგრამ ვინც ამ საქმეებზე ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს, ყველა აკეთებს სასარგებლო საქმეს. ვინც კი ერთი რამე დეტალი მაინც გამოარკვია, ყველამ კარგი საქმე გააკეთა.

ეს სტატუსი დაიწერა მათთვის, ვინც შეიძლება, ბოლომდე ვერ გაერკვა, ჟურნალისტების ლანძღვით ვის საქმეს აკეთებს საბოლოოდ. მოგონილი ფრაზები – ,,დაასვენეთ ხალხი”, ,,ნუ გვაჩვენებთ ყოველდღიურად თქვენს ჟურნალისტურ გამოძიებას” – სინამდვილეში ნიშნავს შემდეგს: გაეშვით მაგ საქმეებს, არ გვაინტერესებს სიმართლე, გვკიდია, როგორ დაიღუპნენ ეს ახალგაზრდები, ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს და ნუ დაგვირღვევთ სიმყუდროვესა და კომფორტს.

დასასრულ, ჟურნალისტების კრიტიკა სასარგებლოა, გემოვნებაზე დავაც მოსულა, მაგრამ რაზეც სტატუსი დავწერე, ეს კრიტიკას არ ეხება. უფრო სხვა რამ ხდება და კრიტიკასთან არაფერი აქვს საერთო.”- წერს ვახო სანაია.